Wednesday, October 28, 2009
პრე ისტორია
ვერასოდეს რიგდებოდნენ. ბელადი მეტოქეს ხედავდა მასში და მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ სახიფათო მდგომარეობაში არ ჩაეგდო. რთულ დავალებებსაც ყოველთვის მას აძლევდა, ამით ორ კურდღელს იჭერდა - იცოდა რომ ის საქმის უბადლო შემსრულებელი იყო და თუ რამე ხიფათს მოიწევდა, უვნებლად და ავტორიტეტშეულახავად ჩამოიშორებდა მეტოქეს. ფარული შუღლის საგანი კი თვალცრემლიანი შედგებოდა ხოლმე პატარა გორაკზე და გულისმომკვლელად ევედრებოდა მთვარეს, უვნებლად დაბრუნებულიყო მისი გულის საიდუმლო მიჯნური.
...უცხო ტომისა იყო და ხროვაში ყველაზე ლამაზი. აკი ბელადმაც ამიტომ აირჩია მთავარ მეწყვილედ. თავადვე გამოზარდა და გამოწვრთნა... როცა ნახევრად დაფლეთილი იპოვა სხვა ერთიანად განადგურებულ ხროვის ნარჩენებში. მაშინ პირველად დაარღვია დაუწერელი კანონი - ოჯახში უცხო არ გაეჭაჭანებინათ, მაგრამ არსებობისთვის ბრძოლაში გაქვავებულმა გულმა ვერ გაუძლო ულამაზესი პატარა არსების ტანჯვით სავსე მავედრებელ მზერას და სწორედ იმას დაავალა მისი წამოყვანა და მეთვალყურეობა, ვინც შემდეგ მოზიარე გაუხდა საბედისწერო ვნებაში.
მას მერე გვერდიდან არ მოშორებია წითური ოჯახის ახალ წევრს, შეეძლო ნადავლი მისთვის დაეთმო და თვითონ შიმშილით ფერდებჩაცვენილს ეხეტიალა მთელი დღე. თუმცა იცოდა რომ ეს თავდადება და ერთგულება ამაო იყო, რადგან მისი აღზრდილი ბელადს ეკუთვნოდა და მოვიდოდა დრო, როცა მხოლოდ ბელადის მეწყვილის დავალებების შემსრულებელი იქნებოდა და არა სუსტი და დაუცველი არსების მეურვე. ერთადერთ ძალას და სიხალისეს ის აძლევდა, რომ გრძნობდა არც მომავალი დედოფალი იყო გულგრილი მის მიმართ, როცა გაურკვეველი სევდისაგან ჩამუქებულ თვალებში ჩახედავდა ხოლმე.
ერთ დღეს ერთი ასეთი ჩამუქებული მზერა ბელადმაც შეამჩნია და შეწყვილების დღე დააჩქარა. წითურიც იმ დღიდან აითვალწუნა.
თემიდან გაძევებაზე მწარედ ახსოვს ეს დღე წითურს, რადგან თუ თემიდან გაძევებით მხოლოდ ოჯახს მოსწყვიტეს, სადაც ისედაც ვერ პოულობდა იმ უბედური შემთხვევის შემდეგ ადგილს, ბელადის დაწყვილების დღეს მისი არსებობის აზრი ისე გაქრა, როგორც ხროვაშესეული საბრალო მსხვერპლი.
იმ უბედურ შემთხვევასაც მაშინ გაეთხარა საძირკველი, როცა ხროვის საყოველთაო ზეიმს გამორიდებულმა, საკბილოს დაუწყო ძებნა გამწარებით, სანამ ხეტიალ-ხეტიალში სოფელში არ აღმოჩნდა. საკბილოც უმალ შენიშნა - თავისი მოდგმის ყველაზე დიდი მტრის ნაშიერი, რომელიც უდარდელად დატყაპუნობდა გუბეში.
ერთი ნახტომი გახდა საკმარისი, რომ შიშისგან აღმოხდენილი ყვირილი ჩაეხშო. თვალზე და გონზე ლიბრგადაკრული გლეჯდა მსხვერპლს, სანამ თავი არ აიღო და მის წინ მდგარ, შიშისგან და უბედურებისგან გაოგნებულ თვალებს არ წააწყდა. ვერც ერთი იძროდა ადგილიდან და ვერც მეორე. მერე გაახსენდა წითურს, რომ ასეთი თვალები მხოლოდ მაშინ ენახა, როცა ერთხელ ხროვის ერთ-ერთ წევრს შვილი მოუკლეს. ამის გახსენება და მისი ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. მხოლოდ კარგა ხნის მერე გაიგო სასოწარკვეთილი ღრიალი, რომელიც იქიდან ისმოდა, სადაც საკუთარ თავს და პრინციპს უღალატა - არასოდეს შეხებოდა ”მათ”.
გავიდა ხანი, მაგრამ წითურს სულ უფრო და უფრო უწვავდა შიგნეულს უბედური მტრის თვალები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ არც დღე და არც ღამე. სიკვდილი უნდოდა და ამის გამო ბელადის ნებისმიერ დავალებას პირველი ეგებებოდა. ბელადიც არ სწყვეტდა გულს, რადგან მასაც თავისი მიზეზი ჰქონდა.
...
იმ დღეს გადაუღებლად თოვდა. საკბილო ძნელი საშოვარი იყო. შებინდებამდე სად აღარ იწანაწალეს. გამობრუნებას აპირებდნენ, რომ შორიახლოს სილუეტი შენიშნეს. ერთ-ერთი ”იმათგანი” იყო. ბელადმა წითური გაუშვა დასაზვერად. თუ მოიტანდა ამბავს, რომ ”ის” მარტო იყო და უიარაღო, მაშინ სამოქმედო გეგმაზე გადავიდოდნენ და ალყაში მოიქცევდნენ. წითური ისე მიუახლოვდა მსხვერპლს, რომ არ შეემჩნია მას.
როგორც კი იმ მანძილზე მიუახლოვდა, რომ კარგად შეძლებდა ყველა დეტალის გარჩევას, სამალავს ამოეფარა და შეხედა. შეხედა და უცბად ვერდავიწყებული თვალები შეეფეთა და თვალებთან ერთად ის ღრიალიც ჩაესმა სადღაც შორიდან, სულს რომ უმღვრევდა ყოველი გახსენებისას. მერე მზერა ქვემოთ ჩააყოლა და მხარზე გადაკიდებულ სიკვდილს მოჰკრა თვალი. უცბად გონებაში რაღაცამ გაჰკრა და უკან წამოვიდა ძუნძულით. ბელადს მოახსენა რომ მსხვერპლი მარტო იყო და უიარაღო.
მოქმედებაც დაიწყო. აზრზე მოსვლაც არ აცალეს ისე მოაქციეს ალყაში. თუმცა ეგრევე გაშეშდნენ, რადგან გასროლის ხმა გაისმა და ბელადმა დაინახა როგორ მოცელა ამ ხმამ მისი მეწყვილე-დედოფალი. ხროვის წევრები ვერც თავდასხმას ბედავდნენ და ვერც გაქცევას, სანამ წითურმა ალყა არ გაარღვია, რომ არეულობა გამოეწვია და მსხვერპლისთვის - მისი ”სინდისისთვის” საშუალება მიეცა თავი დაეღწია უვნებლად.
...
ხროვაში დიდ ხანს ვერ ჩნდებოდა. იცოდა ბელადის რისხვას ვერ გადაურჩებოდა და დროის გასვლას ელოდებოდა, რომ ეს რისხვა შერბილებულად დასტყდომოდა თავზე.
სიკვდილი აღარ უნდოდა რადგან ანგარიში გასწორებული იყო - ბელადთანაც და საკუთარ სინდისთანაც. ამით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ ამ გრძნობამ თავისი გამოტირებული სიყვარულიც კი დაავიწყა, რადგან დანაშაულის გამოსყიდვა მსხვერპლს მოითხოვდა. ყველაზე საზარელ მსხვერპლს.
მიუხედავად იმისა რომ იცოდა ბელადი არ აპატიებდა ღალატს, ერთ დღესაც გამოცხადდა ხროვაში.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წითური თემიდან გააძევეს.
”მას მერე დაიწყო ხეტიალი ტყესა და ღრეში, ბარსა და მთაში, წყვდიადსა და ნათელში, მაგრამ ვერსად მიაგნო იმ ადგილს, სადაც დაჯდებოდა და სულგანაბული მოუსმენდა...........................................”
Wednesday, October 7, 2009
გოდერძი ჩოხელი
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.
...
ტოროლა მიდის წკრიალით
როგორ უხდება ზეცას
ველზე ქრის გრილი ნიავი
შროშანებს წელში კეცავს
ირგვლივ მზის სუნი ტრიალებს
ქვასაც უხარის, ხესაც
როგორც მიყვარდი აქამდის
ისე მიყვარხარ დღესაც.
55 წლის გახდებოდაო გოდერძი ჩოხელი...
უხმაუროდ იცხოვრა, უხმაუროდ იავადმყოფა, უხმაუროდ გარდაიცვალა, უხმაუროდ დაასაფლავეს და დაბადების დღემაც უხმაუროდ ჩაიარა. აგერ, გვერდით თემაში რომ არ შემეხედა, ვერც გავიგებდი. არადა ამ კაცს არც სიკვდილი აცალეს და არც სიცოცხლე. ერთადერთი მწერალი და რეჟისორია ალბათ, რომელსაც კალოშები პეროში არ გაუცვლია და სიკვდილამდე ცვითა...
ზოგჯერ მაქვს ხოლმე იმის შეგრძნება, რომ მწერალი ან რეჟისორი ტყუის, ანუ რასაც წერს მხოლოდ მანერაა ან პოზა ან თავის კარგად წარმოჩენის სურვილი, სინამდვილეში კი შალვა კეჟერაძის თქმის არ იყოს, ისევ ის ბითურია ხინკლის ჭამამდეც და ხინკლის ჭამის შემდეგაც.
...დალოცვილო ღმერთო რა იქნება ზოგჯერ ადამიანები თავის დროზე დაბადო ხოლმე.
სადაც არის და როგორც არის, სულში სიმშვიდე ჰქონოდეს!
ნაწყვეტები ”ადამიანთა სევდიდან”
დარდი № 167.6
ქიმბარი
_ რა გადარდებს?
_ დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი.
_ რისი დასაწყისი?
_ აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ.
_ ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა!
_ რა, არ მოგწონს?
_ არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი..
_ მაშ თუ იცი, დასასრული სად არის?
_ დასასრული სიკვდილია.
_ სცდები, ტყუილია.
_ რატოა ტყუილი.
_ სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა.
_ ღმერთი?
_ შეიძლება ღმერთი, მგრამ, სად არის?
_ ეგ გადარდებს?
_ ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან?
_ მეტი არაფერი გადარდებს?
_ მეტი რაღა უნდა მადარდებდეს..
_ გალილეი რომ ბოძზეა მიბმული, არ გადარდებს?
_ არა.
_ რატომ?
_ რა ჩემი საქმეა, გალილეიმ დაიმსახურა და მიაბეს, შენ რატომ არ ახსენი?
_ არც ჩემი საქმეა.
_ ამხსენით, თორემ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! _ იყვირა გალილეიმ, მაგრამ კაციშვილმა ყური არ უგდო, მარტო ქათმებმა ატეხეს წიოკი.
სული და სიკვდილი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი.
_ ბათილა ლიდიაური.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ ოთხმოცის.
_ შვილები გყავს?
_ არა უშვილო ვარ.
_ როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?
_ სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ.
_ შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები?
_ მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ.
_ რატომ ნუ დავწერ?
_ უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება.
_ სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა?
_ სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.
სული და ხორცი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი.
_ თამარ ხოზელი (მომაკვდავი).
_ რამდენი წელი გინდა სიცოცხლე?
_ რამდენსაც შევძლებდი. ადამიანმა იქამდე უნდა იცოცხლოს, მანამდე თავის ზიდვა შეუძლია. კაცმა სხო არ უნდა დააღონოს თავის სიცოცხლით.
_ მეორედ მოვლენ თუ არა მკვდრები?
_ შენი მტერი მოვიდეს, როგორც ესენი მოვლენ. მოგონილია, მოგონილია ისაცა, ვითომა სულნი არიანო, როგორც სიზმარშიო. სუ ტყუილია, მოკვდა კაცი და იქცევა მიწად. აღარც სული იარსებებს.
_ სულიც მიწაში წაჰყვება ხორცს?
_ არა, როგორც კი ტიკი გაჰბერო და მერე გამოუშვა, აეგე ამუვა სული კაცს და ჰაერში წავა.
_ ჰაერში ვერ იარსებებს?
_ აბა რას იარსებებს. წავა და ჰაერად იქცევა.
_ ღმერთი არსებობს?
_ არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ვერც ამას.
_ რა აიძულებს კაცს თვითმკვლელობას?
_ ერთი ის, რო აღარ შეუძლია, საქმე აწუხებს, მეორე, _ მწარე სიცოცხლე, ზოგს კიდევ ეშმაკი დაადგება თავზე და ის აბედვინებს თავის მოკვლას. მერე იმის სული ეშმაკთ რჩება, ეშმაკად იქცევა იმის სული.
_ ეშმაკები სად არიან?
_ კლდეში. მე ვიხილე, ანთებენ ღამე ცეცხლსა. ეხლა ხალხი იქცა ეშმაკადა.
_ ინატრებ რამეს?
_ არა.
_ რატომ?
_ დამაცა, ამოვისუნთქო..
ქალმა ამოისუნთქა და გათავდა.
სიყვარული და სიცოცხლე
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ ვასილი კოტორაშვილი.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ.
_ რა ურო ძლიერია, სიყვარული თუ სიცოცხლე?
_ სიცოცხლე დიაღაცა. თუ ცოცხალია კაცი, ჯერ სიცოცხლეა კარგი და მერე სიყვარული.
_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე ის არის რომ, თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს.
_ სიბერისა გეშინია?
_ მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი მეთქი.
_ სიკვდილისა?
_ არ მეშინია.
_ რატო?
_ არ ვიცი, ალბათ ისეთი გული მამცა რამანმე, რომ არ მეშინია. კაცი რო ავად არის და უნდა მოკვდეს, ისევ ის ჰგონია, არ მოვკვდებიო.
_ რისა უფრო გეშინია?
_ არაფრისა არ მეშინია, გაჯინთული ვარ. არ ვიცი, როდის მოვკვდები და, აბა, რა მაშინებს.
_ მიწა უფრო გიყვარს, თუ ჰაერი?
_ ჰაერი, ჰაერი რო არ იყვეს, მაშინ კაცი არც იცოცხლებდა, მიწა რაღას უშველიდა.
მიწა რო არ იყვეს, მაშინ ჰაერი რაღას უშველიდა?
_ ეგ სწორია, მაშინ სუ დავიღუპებოდით.
_ როგორ გგონია, სულ იქნება ეს დედამიწა?
_ მაშ სად წავა, იქნება და იქნება..
_ დიდი ომი რომ მოხდეს?
_ მაინც დარჩება და მაინცა. ზღვა რომ გადმოვარდნილა, მაშინ წყალმა სამჯერ მოუსვა ცას ქაფიო, მაინც არის დღეს დედამიწა.
_ ღმერთი ადამიანშია თუ გარეთ?
_ აბა რა ვიცი, არის რამ კიდო თორე, რამ გააჩინა ეს ქოყნიერობა. ეს მზე თორე და აი, ეს ხალხი. იქნებ ჩვენა ვართ ღმერთები?
_ რას ამბობ? ეგ რამ გათქმევინა?!
_ ადმიანს როცა ეყრება სული, სად მიდის?
_ არსად. კაცი როცა მოკვდება, დაიკარგება.
_ მაშ უაზრობა ყოფილა აქ ყოფნა. რაში დასჭირდა ეს ღმერთს?
_ ვლოცულობთ და იმად.
_ მარტო მაგიტომ?
_ აბა მაშ?
_ მაგით რა ერგება ღმერთსა?
_ არაფერი. იმან მე უნდა მიშველოს, ჩემი შველა რად უნდა იმასა.
_ ჩვენ რაღა შველა გვინდა, თუ სიცოცხლის მერე აღარ ვიარსებებთ.
_ მანამ ცოცხლები ვართ, ხომ გვინდა კარგად ვიყვნეთ.
_ აი იმ კარგა ყონას რა თავშიღა ვიხლით, თუ მერე აღარცა ვიარსებებთ.
_ აბა, რა ვიცი, სულ ხომ არ ვიქნებით, არა?
_ მაშინ რაღა აზრი აქვს, ერთი წელი ვიქნებით თუ ასი.
_ სად ერთი წელი და სად ასი..
_ ასი წელი იცოცხლე და მერე სულ დაიკარგე, ეგ რაღა არის?
_ მართლა მაინც ცოცხლობდეს სული. არა, არა, მე მგონი, იქნება რამე იქ. სიზმარი აკი არის? აქა ვარ და იქა ვარ.. სული არ წავიდა, მა რა არის?!
_ ბოროტება უნდა იყვეს თუ არა?
_ მაშ, აბა, როგორ, სიკეთეს უიმისოდ ფასი აღარ ექნებოდა.
_ ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში?
_ ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი.
_ ძალიან მაგრა რომ გაგჭირვებიყო, თავს მოიკლავდი?
_ არა! არ მოვიკლავდი თავსა, რას ამბობ?!
სული
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ მარტია ბუბუნაური.
_ როგორია სული?
_ სული ნამგალსა ჰგავს, ჩაჟანგება იცის ადვილად. სულს ეკიდება შენი წარსული. ხანდახან სულიც ისე უნდა გააფხავო, როგორც მახვილს აფხავებენ ქასურით. თორემ ხორცმა ხანდახან ჟანგივით იცის, მოეკიდება და ჩააჩლუნგებს სულსა. ესე ყოფილა, კაცი რომ ხანში მიდის, იმისი ჯანი და ასოობა მიწისკენ იწევს, მიწა ეძახის, ე მაშინ ტკბება სული.
გორია
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ რა უფრო გიყვარს?
_ ჰე ჰეე ჰე, ქალი, როგორ რა მიყვარს!
_ სიცოცხლე გიყვარს?
_ მენა?
_ ჰო.
_ ბარემ მიყორს, თუ ღმერთმა მაცოცხლა.
_ ღმერთი არის კაცის სულისჩამდგმელი, მაგრამ კაი კაციც ღმერთთანა დგას.
_ სიცოცხლე რა არი?
_ სიცოცხლე ღმერთია, ღმერთისია ერთიც და მეორეც.
_ ცალ ცალკე ღმერთებია სიცოცხლე და სიკვდილი და ერთად ღმერთისებია.
_ დედამიწა რას უჭერია?
_ ამეს უჭერია.
_ რა ამესა?
_ სიყვარულსა.
_ რო გითხრან, მთორეზე წამოდიო, წახვიდოდი?
_ თუ კაი ქალს წამომაყოლებდნენ, ბარემ კი წავიდოდი.
_ რაღა დროს შენი ქალებია. დაბერდი, შენი დედაკაცი წაიყვანე.
_ ამისაგან აქა მაქვს გული მოკლული და იქ რა შავ ქვად მინდა.
_ კაი სიზმარი არცა გინახავს?
_ მინახია, მაგრამ ეშმაკთათვინა. ზოგჯერ ისეთ ქალებს ვეხვეოდიკე, გავიღვიძებდი და სადღაა ქალები.
_ რა ქვეყანა არის სიზმარი?
_ მე ვერ გეტყვი, მაგრამ, აი, ძოლები რომ მიწაში ყრია, სული მაინც არის, თურმე. მე მგონი, სული და სიზმარი ერთი ქვეყნისანი არიან.
_ შენ ხომ წახოლ იმ ქვეყანაში?
_ მეც წავალ და ყველაი წავა.
_ ჰოდა, იქიდან რომ გამოგგზავნონ დიდი ხნის მერე აქეთ, წამოხვიდოდი?
_ წამოვიდოდი, რატომაც არა.
_ აქ რო აღარავინ გეცნობოდა?
_ ეე, შე კაი კაცო, გაცნობას რა დიდი ამბავი უნდა, ერთ ორ საათში ქალს რასმე გავიცნობდი და..
_ მაიცა კაცო, მე ფილოსოფიურ შეკითხვებს გაძლევ და შენ ისევ ქალებს გაიძახი.
_ შე კაი კაცო, შენა, ქალებზე მეტი ფილოსოფია რაღა გინდა!
_ ქალების გარდა, სხვას რას ინატრებდი?
_ მე მინახია, როგორც ჰყვაოდნენ იები მიწიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში. სიცოცხლეში რომ ეკითხათ ამ ძვლების პატრონისათვის, რას ინტრებდიო, ალბათ ვერც ინატრებდა ასეთ რამეს. მე კი ვინატრებდი.
Tuesday, October 6, 2009
ბედნიერი ოჯახი
ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ოჯახს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია..............................................................................................................................................................................
რამოდენიმე დღის წინ ჩვენი კორესპონდენტი ერთ არაჩვეულებრივ ოჯახს ესტუმრა.
”ამანდა და ჯონ სმიტები” კამოს ქუჩაზე საკუთარ სახლში ცხოვრობენ.
ჭიშკარში ოჯახის დიასახლისი შემოგვეგება სანდომიანი ღიმილით და სახლში შეგვიპატიჟა. შესვლისთანავე მოვიხიბლეთ უზადოთ მოწყობილი ეზოთი და ყვავილნარით. ქალბატონი ამანდა ყვავილების დიდი მოყვარული აღმოჩნდა და დამშვიდობებისას რამოდენიმე იშვიათი ჯიშის ნერგებიც გამოგვატანა.
ამანდა ფრანგული ენის პედაგოგია, ჯონი ..............ფაბრიკის დირექტორი და პარტიული მუშაკი. ისინი ქვეყნის სამსახურში დგანან და დაუღალავად იღწვიან საბჭოთა ოჯახებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.
მათ სამი შვილი ყავთ-სამი ულამაზესი გოგონა. სარა ცხრა წლისაა, ევა შვიდის და ემა ერთის. სარა ძალიან ნიჭიერი ბავშვია და სკოლაში ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე. უკრავს ფოტეპიანოსა და გიტარაზე, ხატავს და ცეკვავს. ევას ბავშვისთვის უჩვეულო, ძალიან ძლიერი ხმის ტემბრი აქვს და როგორც დედამ გვითხრა, სიმღერა უფრო ადრე დაუწყია, ვიდრე ლაპარაკი. გოგონებს მუსიკის სიყვარული დედამ ჩაუნერგა. დაოჯახებამდე ამანდა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის სოლისტი ყოფილა. ოჯახის შექმნის შემდეგ ნელ-ნელა ჩამოშორებია სცენას, რადგან სამი შვილის აღზრდა დიდ დროს მოითხოვდა.
მან გოგონებს საკუთარი ნახატების გამოფენაც მოუწყო სახლში. წიგნის სიყვარულსაც ბავშვობიდან აჩვევს............................................................................................................................
გოგონები პატარა ემას აღზრდაშიც ხალისიანად ეხმარებიან დედას.
ამანდამ მეუღლეზეც თბილად ისაუბრა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოჯახში სრული იდილია და ჰარმონია სუფევს.
ამანდა და ჯონ სმიტების ოჯახში სტუმრობამ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. დღის ბოლოს დედამ და გოგონებმა კიდევ ერთხელ გვიმღერეს. ჩვენ სიკეთე და ბედნიერება ვუსურვეთ ამ არაჩვეულებრივ ოჯახს და გამოვემშვიდობეთ.
დაე გვიმრავლოს ასეთი ოჯახები. ჯანსაღი ოჯახი ხომ ჯანსაღი მომავლის საწინდარია.”
მანქანის გამაყრუებელი სიგნალი........კარზე ხმამაღალი ბრახა-ბრუხი აკომპანიმენტით: გამიღეთ თქვენი დედა მ----------ნ!
დედისა და სამი შეშინებული ბავშვის თვალები....
-კიდე მთვრალია დეე? – პირველი ხმა
-არ გავაღოთ რა კარი დეე!- მეორე ხმა.
Monday, October 5, 2009
R.I.P Maestro
გუშინ კიდევ ერთი დიდი ნაწილი მომწყდა ბავშვობის- არანაკლებ დიდი ადამიანი და დიდი ხელოვანი.
...გარდაიცვალა სამოცდაშვილი წლის ასაკში... ვინ იცის ამ სამოცდაშვილი წლის თითოეულ წუთში რამდენი 67 წელი იცხოვრა...
ხსოვნა იყოს და იქნება კიდეც!
ეს მისი გედის სიმღერა
Friday, October 2, 2009
One Way Ticket
არადა რომ გეკითხათ, არანაირი მიზანი არ ღირს, თუნდაც ერთი ადამიანის გულისტკენადო. მერე და ვისი გულისტკენა დაუჯდა ადამიანად არ ყოფნის ფასად?! - იმ თვალების, რომელსაც არავისში და არაფერში გასცვლიდა და რომლის მზერაც დამშვიდობებისას, ვერასოდეს ამოიგლიჯა გულიდან. ლოცვის დროსაც კი გრძნობდა ამ მზერას და ამ დროს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ სანახევროდ იმას ჰყიდდა, რაზეც ლოცულობდა და სანახევროდ - გულში სამუდამოდ აღბეჭდილ იმ ერთადერთ მეგზურს, რომელმაც ამ ნახევრად რეალურ და ნახევრად ირეალურ სამყაროში გამოაცილა.
სახლიდან ისე გავიდა, არავის დამშვიდობებია. ან ვის უნდა დამშვიდობებოდა?! დედა დიდი ხანია უგრძნობლად იწვა საწოლში, მამა ალკოჰოლისგან გაბრუებული უშვერი სიტყვებით იგინებოდა უმისამართოდ, ძმა კი ”საშოვარზე” იყო წასული, რომ მშიერი ვენები მოესულიერებინა.
ფანჯარაზე მიუკაკუნა.
-მივდივარ ლიი...
...
-არაფერს მეტყვი?
...
თუნდაც ერთი სიტყვა ...
-გუშინ რომ მოსულიყავი ჩემთან, იქნება ორიც მეთქვა, მაგრამ ეხლა რა გითხრა -კეთილი მგზავრობა გისურვო, მერე ყელზე შემოგეხვიო და გიჩურჩულო, რომ არასოდეს დამავიწყდები?
-მე აქ ვიღუპები ლიი...
-გაქცევა გამოსავალია? საიდანაც არ უნდა გაიქცე, საკუთარი თავიდან შორს წახვალ? -
-ეს მარტო გაქცევა არ არის ლიი. ასე რომ იყოს, მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს და ქვეყანას შევიცვლიდი. შენ ხო იცი, რომ მქონდა ამის შანსიც, მაგრამ აქ ჩემი ადამიანური მისია ამოიწურა.
-ჩემთანაც ამოიწურა?
-როგორც კაცისა, ამოიწურა.
-ისღა დამრჩენია, იმით ვიყო ბედნიერი, რომ ლოცვებში მომიხსენიებ.
-არ გინდა გთხოვ! რა შემეძლო აქ შემეთავაზებინა შენთვის? არეულ-დარეული, ბავშვობიდან გამწარებული ცხოვრება თუ ვერშემდგარი კაცი, რომელმაც ისიც კი ვერ შეძლო, ის საშინელი ჩვევა თუ ავადმყოფობა გადაეგდო, რომ ეს სიყვარული დაეცვა.
-ჰოდა რატო იტყუებ თავს, რომ ღვთის სიყვარულის გამო მიდიხარ და არა ლაზარეთში?
-ღმერთის იმედი მაქვს. მე როცა ცოტა ხნით ვიყავი იქ, მაშინ შევძელი.... ის ხომ განსაცდელს იმიტომ უგზავნის ადამიანს, რომ ამ განსაცდელით მიახვედროს, რა გზით წავიდეს. მე ჩემი ხსნის გზა იქ დავინახე.
...
- ლიი!
- რაა..
- ერთი სათხოვარი მაქვს.. აქედან არაფერი მიმაქვს და.....გახსოვს სკოლის ეზოში სურათი რომ გადავიღეთ ერთად... ის გამატანე.
-რად გინდა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი რომ გქონდეს?
-ნუ მტკენ გულს ლიი...ძალიან გთხოვ.
-გულის ტკენაზე შენ არ უნდა მელაპარაკებოდე მე. ერთხელ მაინც გიფიქრია, რას შეიძლება ვგრძნობდე?
-მიფიქრია და შენი ტკივილიც მტკივა, მაგრამ ისიც მიფიქრია, რომ ჩემთან ერთად შენც დაგღუპავდი და ამით მართალი ვარ ჩემს თავთან.
-ჩემთანაც და ღმერთთანაც ხო?
-ეს აღარ ვიცი...
-სამწუხაროდ ამას მაშინ იგებენ, როცა ყველაფერი გვიან არის ხოლმე. იმედი მაქვს ისეთი პასუხი არ იქნება ”გვიან” რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთიც კი ვადაგასული აღმოჩნდეს.
...
-სურათს გამოვიტან, ოღონდ ფანჯრის რაფაზე დავდებ და აიღე, არ მინდა ზურგიდან დაგინახო.
სახლში შესვლისას მხოლოდ ერთხელ მოხედა უკან კართან მდგომს, მაგრამ სწრაფადვე მიიხედა, არ უნდოდა მისთვის მიტოვებული ქალის თვალები გაეტანებინა. სურათი ფანჯრის რაფაზე დადო და ფანჯარა მიკეტა. ფანჯარასთან ერთად თავისი ბედისწერაც.
..............
მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული - დედის დასაფლავებაზე.
თავისი ერთადერთი სიყვარულის დასაფლავებაზე არ ჩამოსულა.... ვერ ჩამოვიდა...უკან დასაბრუნებელი ბილეთი აღარ ჰქონდა...
Thursday, October 1, 2009
ერთი თბილისური ამბავი
არც ჭაბუკობაში გაწყვეტილა მათი საერთო ”ტრუსიკის” რეზინა და ისე შექმნეს ოჯახები, რომ მათ შორის შავი კატის ლანდსაც კი არ გაუვლია.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა და ყმაწვილკაცობა ერთად გაატარეს - ყველა მოვლენას თუ შთაბეჭდილებას ერთნაირი ემოციით აღიქვამდნენ და ერთი საერთო თვალით უყურებდნენ, რეზიკოს და ლექსოს სრულიად განსხვავებული გემოვნება ჰქონდათ, რაც პირველ რიგში გოგონებთან ურთერთობაში გამოიხატებოდა. რეზიკოს თამამი, ოჯახის ნებიერა გოგონები მოსწონდა. ლექსოს კი მორცხვი და ჩუმი.
ჯერ კარგად არ ჰქონდათ უმაღლეს სასწავლებელში ფეხი შედგმული, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მათ გულებს უცხო ნიავმა დაუბერა და სრულიად უცნობი შეგრძნებით გაჰკვირტა. ეს ნიავი ფილოლოგიის ფაკულტეტიდან უბერავდა.
ერთის კვირტს მანანა ერქვა და მეორისას - ლია. არ გასჭირვებიათ კეკლუც მანანას და ბუნებით ჩუმ და მორცხვ ლიას ბიჭების გულის მოგება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგონებს ერთმანეთი დიდად არ ეხატებოდათ გულზე და ლია თუ გულში თავქარიან ტუტრუცანას უწოდებდა მანანას, მანანას ლიას პროვინციელობა არ მოსდიოდა თვალში და ყოველთვის ეძებდა მომენტს, რომ წაეკბინა მისი წარმომავლობა. მაგრამ ეს რეზიკოს და ლექსოს მეგობრობას ვერაფერს აკლებდა. - ფიქრობდნენ დრო გავა და გოგონებიც დამეგობრდებიანო.
ორივეს ტრადიციული ქორწილი ჰქონდა. თითოეულს - სეფაში გაშლილი ხუთას კაციანი ქორწილი - პიჯაკის ჯიბეში ჩატანებული ერთ ცალ წითელ მიხაკიანი მაყრიონით, ”საპატარძლო მანქანაზე” დამაგრებული ფატამოფრიალე თოჯინით, გამაყრუებელი სიგნალებით, პატარძლის დედის ცრემლებით, პატარძლის მამის აჩუყებული გულით, ულვაშა და როხროხა თამადის თავმოყვარე ღიპით, რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა დაეცვა ღიპის ღირსება ქორწილის ბოლომდე და სხვა საქორწინო რიტუალით თუ ფაცი-ფუცით.
საქორწინო მოგზაურობა დაგომისში გაატარეს. მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ერთად წასულიყვნენ დასასვენებლად - ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობდა მათი ცოლების დაახლოებას და თან დროს უფრო ხალისიანად გაატარებდნენ.
მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ - მორცხვი და ჩუმი ლია, რომელიც არც გარეგნობით ბრწყინავდა მანანას ფონზე და არც თავის წარმოჩენის უნარით, უფრო და უფრო ჩაიკეტა თავის თავში და სასტუმროს ნომრიდან იშვიათად გამოდიოდა. ლექსო ნაღვლობდა ცოლის ამ მდგომარეობით, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან არ უნდოდა ცოლისთვის რამე დაეძალებინა და ამით კიდევ უფრო გაეღიზიანებინა. მტანჯველი ორი კვირის შემდეგ ლიას დაჟინებული თხოვნით ლექსო და ლია სახლში დაბრუნდნენ. ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, უფრო სწორედ ჩვეული კალაპოტიდან ოჯახურ კალაპოტში გადაინაცვლა.
ამასობაში გავიდა ოცდახუთი წელი. ამ წლებმა თავისი კვალი დაატყო, როგორც მათ ოჯახებს, ასევე რეზიკოს და ლექსოს მეგობრობასაც.
დროის ცვალებადობას კარგად მორგებული მშობლების წყალობით ლექსომ კარგი სამსახური იშოვა და გზაც კარგად გაიკვალა ცხოვრებაში. რეზიკოს მშობლები კი ადრე გარდაეცვალა და თავადვე უწევდა ცხოვრებასთან ბრძოლა - იმ ცხოვრებასთან, რომელსაც არც პატიოსანი ადამიანები უყვარს და არც დარდიმანდები. და რადგან პატიოსნება და დარდიმანდობა რეზიკოს აქილევსის ქუსლი იყო, ვერცერთ სამსახურში მოიკიდა ფეხი და ბოლოს, ალკოჰოლსა და ეზოში დომინოს თამაშს მიეძალა.
მეგობრების ცოლებსაც დაეტყოთ დროისა და ქმრების საქმიანობის კვალი.
ლექსომ საყვარელ ცოლს სილამაზის სალონი გაუხსნდა და ლიაც დროის უმეტეს ნაწილს იქ ატარებდა. ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში, მორცხვი და ჩუმი შავგრემანი ლია მკერდში სილიკონით გატენილ, ქართულ გალიფე ჩამოჭრილ, ქერათმიან, დავარცხნილ-დაბანილ, ფრანგულ სუნამო მოპკურებულ რესპექტაბელურ ლიკად იქცა. სიმორცხვე და მორიდებულობაც უკვალოდ გაუქრა და ის შეიძინა ხელოვნურად, რაც ერთ დროს მანანაში აღიზიანებდა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, ისევ ჰქონოდა რეზიკოს ცოლის მიმართ გაურკვეველი შური და ამის დამალვას იმით ცდილობდა, რომ როცა კი მანანას ახსენებდა წინ ყოველთვის ურთავდა ზედსართავ ”საცოდავს”.
მანანა კი მართლა საცოდავად ქცეულიყო რეზიკოს გაუთავებელი ლოთობით და უსაქმურობით. მათი ერთადერთი ვაჟიც მამის კვალს დასდგომოდა და ისიც უსაქმურობასა და ფუჭ ოცნებებში კლავდა დროს. ერთ დროს კეკლუცი და თამამი გოგო, თავსაფრიან და ნერვებდაგლეჯილ დედაკაცად იქცა და თუ გარეთ არ გადიოდა, სარკეშიც კი არ იხედებოდა.
სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე დგომამ და ლექსოს მოუცლელობამ, ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა შეუყენა წყალი რეზიკოს და ლექსოს მეგობრობას და საბოლოოდ მაშინ დაუსვა წერტილი, როცა ლექსო პრესტიჟულ უბანში გადავიდა საცხოვრებლად.
”კოსტუმიანი” ლექსო დროის უმეტეს ნაწილს მივლინებებში ატარებდა და ლიკაც თავის გემოზე ცხოვრობდა. ფული არ აკლდა და გართობა. ერთადერთი შვილიც საზღვარგარეთ გაუშვა სასწავლებლად და სრული თავისუფლებით ტკბებოდა. ლექსოც არ იყო მომთხოვნი ქმარი. მისთვის საკმარისი იყო, სახლში მისულს, ცოლი ღიმილით შეჰგებებოდა და ლაპარაკით არ შეეწუხებინა. არც ლიკა იწუხებდა დიდად თავს მასთან ბაასით ან სად ეცალა! დაქალებთან და თავის სილამაზის სალონში ამოსწურავდა ხოლმე სალაპარაკო ოფსილას.
მაგრამ ერთ დღესაც ლიკა მიხვდა, რომ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი ბედნიერებისათვის. ის აკლდა, რაც სისხლს ახალი ძალით აუჩქროლებდა და თავს დაავიწყებდა. ეს ახალი ძალა კი რეზიკოსა და მანანას უსაშველოდ მიმზიდველი და უსაქმური შვილი პატუკა აღმოჩნდა. სად და როდის მოასწრეს ესოდენ დაახლოება ლიკამ და პატუკამ ბოლომდე ვერ გაირკვა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პატუკას არც მამის მეგობარი ანაღვლებდა და არც ლიკას ასაკი, რაკიღა მყუდროდ შეეფარა ლიკას თბილსა და ფუმფულა მკერდს და უზრუნველ ცხოვრებას, რომელსაც ლიკა დაუმადლებლად უქმნიდა.
ერთ დღესაც მივლინებიდან დაბრუნებულ ლექსოს ცოლის ღიმილის მაგივრად. ნაჩქარევად დაწერილი ბარათი დახვდა მაგიდაზე: ”მივდივარ...იმედია ოდესმე მაპატიებ”.
ეპილოგი
ბარათს რა მოჰყვა, იქედან მხოლოდ ძირითადს მოგახსენებთ - დაზარალებულთა მხარეს - ორ შემთხვევაში ინფარქტი და ერთში - მრავალჯერადი გულის წასვლა და თმის პიგმენტების დაკარგვა. ხოლო გაქცეულ შეყვარებულებს რაც შეეხება - კრუიზი ევროპის გარშემო და უდარდელად გატარებული ორი წელი, რის შემდეგაც საყვარელ მოყირჭებულმა ბიჭმა, ქორფა ასულს დაადგა თვალი და ლიკას ფულით შეუქმნა იდეალური ურთიერთობის ილუზია. ქორფა ასულიც უმალვე დასთანხმდა ცოლობაზე, მოიხიბლა რა ბიჭის გულუხვობითა და მზრუნველობით.
თავმოყვარე ლიკამ არ აპატია მიჯნურს ღალატი და უარი უთხრა იატაკქვეშა ურთიერთობაზე, რის მერეც შვილთან წავიდა საზღვარგარეთ.
ლექსო ისევ დადის მივლინებებში.. რეზიკო ისევ სვამს...
Tuesday, September 29, 2009
უკანასკნელი ძაფი

...
ერთად გაიზარდნენ - ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე, ერთ ეზოში...
ბიჭს ბავშვური გულწრფელი სიყვარულით უყვარდა; გოგოსთვის უახლოესი მეგობარი იყო და გულის მესაიდუმლე; ბიჭი მათემატიკის დავალებებს უწერდა; გოგო გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა...
მამა არ ჰყავდა ბიჭს; დედა ზრდიდა და თან წელებზე ფეხს იდგამდა, დღე და ღამეს ასწორებდა, რომ გაეზარდა. ძალიან უჭირდათ...
გოგო შეძლებული ოჯახიდან იყო, მაგრამ ერთმანეთთან არც სიმდიდრეს იმჩნევდნენ და არც სიღარიბეს - მათ მიღმა დააბიჯებდნენ. ვინ იცის რამდენჯერ უჭამიათ ერთად მხოლოდ გამხმარი პური და ტყემლის საწებელი. გოგოს ერიდებოდა - ხშირად ვერ სთავაზობდა ბიჭს, რომ მასთან ერთად ესადილა სახლში, რადგან არ უნდოდა თავმოყვარე ბიჭისთვის ის შეელახა, რითიც ყველაზე მდიდარი იყო. ბიჭიც არ აძლევდა უფლებას მას, რომ დახმარებოდა რამენაირად.
...ტელევიზორის ცქერის დროს იყვნენ განსაკუთრებით სასაცილოები. იმ ოთახში სადაც ბიჭს ტელევიზორი ედგა, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა და ოთახის ანტენას აწვიმდა. დროთა განმავლობაში დაზიანებული ანტენა მხოლოდ ერთ წერტილში იჭერდა კარგად, სადღაც თავს ზემოთ და ამის გამო ხან გოგოს ეჭირა ეს მოშლილ-მოფურტკნული ანტენა ხელში და ხან ბიჭს.
...საკუთარ ტყავს გაიძრობდა ბიჭი, გოგოს რომ დასჭირვებოდა; გოგო კი თავის სასკოლო ამურულ თავგადასავლებს უყვებოდა, თან მეგობრულად რჩევას ეკითხებოდა და სულ არ იმჩნევდა ბიჭის თვალებში ვაგლახად შეკავებულ ცრემლს.
...გოგოს მე-16 დაბადების დღე ახლოვდებოდა. ბიჭს სახლში ერთადერთი ძვირფასი ნივთი ებადა - ვერცხლის კოვზი და მამის დანატოვარი ”დრელი”. მან დედის უჩუმრად აიღო კოვზი, გადაადნო, თვითონვე გაჭრა ყალიბი და გოგოს ზოდიაქოს ნიშანი- ხელისგულისოდენა მორიელი ჩამოასხა. მერე მამისეული ”დრელი” გაყიდა და იმავე ზოდიაქოს დიდი ქვა იყიდა, რომ შუაში ჩაესვა.
...ბიჭი იმ დღეს უბედნიერესი იყო. უკანასკნელი ”ვერცხლი” გასცა. გოგოს გრძნობებს ვერ აღგიწერთ, ყველა ემოცია ერთმანეთს ებრძოდა მასში, მაგრამ ის მთავარი გრძნობა, მაინც განზე იდგა და არ ეყურებოდა.
...მერე დაიშალნენ. ცხოვრებამ დაშალა და წლების მერე საბოლოოდ გაშალა - გოგო საოჯახო ასპარეზზე, ბიჭი - მოსკოვში.
...ბევრი გულწრფელი თუ სავალდებულო საჩუქარი მიუღია მას მერე, მაგრამ ”ბოლო ლუკმა” აღარასოდეს. არც არასოდეს მოუშორებია ეს ”ლუკმა”. საფრთხე რომ ყოფილიყო და ნივთების გადარჩენა დასჭირვებოდა, პირველად მას გამოიტანდა.
...ერთი წლის წინ ბიჭმა შემთხვევით ნახა გოგოს ვირტუალური ფოტო - ყელზე მორიელით. დიდი ყოყმანის მერე დაურეკა მას და უთხრა - არ მეგონა თუ კიდევ გექნებოდაო. რამოდენიმე წუთიანი მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ დაამატა - თუ გინდა ეგეთივე ოქროს მორიელს ჩამოვასხმევინებ და რა თვალსაც მეტყვი, ის ჩავსვათო. (თურმე, ადრე თუ გვიან მაინც სკდება ბავშვობაში დაგუბებული შეულახავი თავმოყვარეობა).
...
ბურთი გამეჩხირა ყელში - ბავშვობასთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი უკანასკნელი, ყველაზე გამჭვირვალე ძაფიც გაწყდა.
-არა მადლობა ლ---! არაა საჭირო, არ მიყვარს ოქრო. -. ვუთხარი და მალევე დავემშვიდობე.
მერე უჯრიდან ჩემი მორიელი ამოვიღე და დავხედე: ”რა გვაკადრეს აა?!”
”... რას ჩამოასხმევინებ ბიჭო? - გამხმარ პურს თუ ტყემლის საწებელს ? მათემატიკურ განტოლებებს თუ აუწყობელი გიტარის ჟღარუნს? სახლიდან ჩუმ-ჩუმად მოპარულ ნავთს თუ ”ვინ დაასწრებს მეკვლეობას ახალ წელს”? ... რაც არ უნდა გააჩუქო, იყიდო ან გაყიდო, მამაშენის ”დრელს” მეორეჯერ გაყიდი?! ”
არ მიყვარს, როცა რაღაცას მჩუქნიან...
Sunday, September 27, 2009
ყოველთვის არის ადგილი სადაც ...
იცი რომ არ გელიან, მაგრამ მაინც მიდიხარ;
იცი რომ სითბოა, მაგრამ შენამდე არ უშვებ;
იცი რომ სიცივეა, მაგრამ არ იმჩნევ;
იცი რომ სინათლეა, მაგრამ თვალებს ხუჭავ;
იცი რომ სიბნელეა, მაგრამ ხელებს არ აცეცებ;
იცი რომ მოგისმენენ, მაგრამ მუნჯი ხარ;
იცი რომ გიყურებენ, მაგრამ ბრმა ხარ;
იცი რომ გეტყვიან, მაგრამ ყრუ ხარ.
ყოველთვის არის ადგილი სადაც ...
არც ყრუ ხარ, არც ბრმა ხარ, არც მუნჯი, სადაც თბილა და გ-თბილა, სადაც გიხარია და უხარი-ხართ, სადაც გრძნობ და გგრძნობენ, სადაც ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა - მხოლოდ კვირის დღეები არაა, სადაც თოვლი, წვიმა, ქარი, დარი-ავდარი მხოლოდ ამინდის პროგნოზი არაა, სადაც ვარსკვლავები, მზე, მთვარე მხოლოდ ასტრონომიული ციური სხეულები არაა, სადაც სიტყვები მხოლოდ ლექსიკური მარაგი არაა, სადაც წამი და საუკუნე სინონიმებია, სადაც სიცოცხლე მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი არაა, სადაც სიკვდილი მხოლოდ სიცოცხლის დარაჯია....მაგრამ ეს ადგილი შენი არაა
როცა ვიღაცას კარგავ, როცა რაღაცა ძალიან გტკივა, პირველი საყრდენი ბოძი, რასაც შემოგაშველებენ ხოლმე სიტყვებია - დრო ყველაფრის მკურნალიაო...დრო მკურნალი არაა, დრო ის მსახვრალი ხელია, რომელიც მტკივან კბილთან ერთად კბილის ფესვებსაც იღებს და მის ადგილას ცარიელი ღრმული რჩება. არ მინდა ისეთი დრო, რომელიც ისე მიმკურნალებს რომ ...გახსენებისას ნერვიც არ ამიტოკდეს.
Saturday, September 26, 2009
Музыкальная шкатулка

ყველა ადამიანს თავის წილს სამყაროში, ერთი პატარა შემოსაზღვრული და მკაცრად დაცული ტერიტორია აქვს, სადაც არავისი და არაფრის ადგილი არაა, გარდა საკუთარი განცდებისა და შეგრძნებებისა. ეს ის ადგილია, სადაც მხოლოდ ჩვენ ვართ თავის+უფალი, სადაც ყოველთვის მართალნი ვართ, სადაც ყოველთვის მარტო ვართ და ამავე დროს არასოდეს არ ვართ მარტო, სადაც მუდმივი შტატი არ არსებობს და არც მუდმივი სათავსო ნივთებისათვის.
ჩემი პატარა ტერიტორია ოროთახიანია - მისაღები და საკუჭნაო, მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუჭნაო ბევრად უფრო დიდია მისაღებზე. მისაღებში ორ კაცზე მეტი არ ეტევა. თუმცა სივიწროვე არასოდეს მიგრძვნია. პატარა მისაღებს ერთი დიდი პლიუსი აქვს, სულ სითბოა და სიმყუდროვე. აქვე კედელზე ერთი პატარა თაროა მიმაგრებული და ზედ ერთადერთი ნივთი დევს - პატარა მუსიკალური ზარდახშა, რომელიც მხოლოდ ერთი და იგივე მელოდიას უკრავს უწყვეტად, ოღონდ სხვადასხვა ტონალობაში, მონაცვლეობით. არ ვიცი საიდან და როდიდან მაქვს ეს ნივთი, მაგრამ ამ მელოდიის გარეშე ერთი დღეც კი არ მახსოვს ჩემი თავი. ერთადერთი ნივთია, რომელიც ჩემთან ერთად გაქრება. რადგან ერთის არ ყოფნა მეორის ყოფნას გამორიცხავს.
ერთი უცნაური ჩვევა მაქვს - ჩემი ოროთახიანი სამყაროს სტუმრებს გაცილებისას ვთხოვ ხოლმე, რაიმე ფრაზა წამიწერონ საკუჭნაოს კედელზე, რომელსაც მერე არასოდეს ვშლი. იქ მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა ფრაზას მიტოვებენ და მერე ბოქლომით ვკეტავ მის კარს. არ მიყვარს შიგნით შესვლა, იმიტომ რომ შესვლისთანავე, ჩემი მუსიკალური ზარდახშა ერთდროულად ყველა ტონალობაში იწყებს დაკვრას და თუ სასწრაფოდ არ გამოვედი, თავს მატკიებს კაკაფონია.
ერთხელ ერთი უცნაური ადამიანი მესტუმრა. გარეთ სიბნელე იყო და მისი სახე არ დამინახავს. არც შიგნით შემოსვლისას დამრთო ნება, შუქი ამენთო და ვინაობაც არ გამიმხილა.
შემოსვლისთანავე ძირს დაჯდა და მითხრა, შენც დაჯექი, ოღონდ ზურგით მომეყრდენი ზურგზე და ისე ვილაპარაკოთ, მაგრამ სანამ დაჯდები, კედლის საათის ხმამ ხელი რომ არ შეგვიშალოს, გააჩერეო.
საათის ქანქარა ერთ ადგილას გავაჩერე და ჩამოვჯექი. რამდენ ხანს ვილაპარაკეთ არ მახსოვს, რადგან დრო საათის ციფერბლატზე გაშეშებულიყო... და რომ მკითხოთ, ვერც ეხლა გიპასუხებთ, საუკუნე გავიდა მაშინ თუ წამი, რადგან როცა სტუმარი წავიდა, საათის ისრები იმ ადგილიდან დაიძრნენ თავისით, სადაც გავაჩერე.
რაზე ვილაპარაკეთ? - რაზე და ნათელ სიბნელეზე, ბნელ სინათლეზე, გაყინულ ცეცხლზე, გავარვარებულ ყინულზე, მადლიან ცოდვაზე, ცოდვიან მადლზე, ტალღებად აზვირთებულ ნაკადულზე, გაურხეველ ნიავზე, უღრუბლო წვიმაზე, გაუჟღერებელ მელოდიაზე, უხმო ღრიალზე, გამაყრუებელ სიჩუმეზე, მშფოთვარე სიმშვიდეზე, უკუღმა დატრიალებულ მორევზე, უიღბლო ბედნიერზე, იღბლიან უბედურზე, უმასპინძლო სახლზე,უსახლკარო მასპინძელზე. მშვიდობისმყოფელ მტერზე, არასანდო იმედზე, მშრალ ოაზისზე, სათნო ბოროტებაზე, ბრიყვულ სიბრძნეზე, ბრძნულ სიბრიყვეზე, მამაცურ სიმხდალეზე, წამხდარ წესიერებაზე, წესიერ სიწამხდრეზე, ჯანმრთელ კეთროვანზე, მერე ამ ყველაფრის წაღმა პირზე და კიდევ უთვალავ რამეზე.
....გაცილებისას, ჩვეულებისამებრ ვთხოვე, რომ საკუჭნაოს კედელზე მიეწერა სამახსოვრო ფრაზა. მომიტრიალდა და მითხრა, მოდი დავარღვევ შენს წესს და კედელზე კი არა, ზარდახშის თავსახურის შიდა მხარეზე მიგიწერ ფრაზას, რომ გახსნისას ყოველთვის ხედავდე. ოღონდ რომ წავალ მაშინ ნახეო. დავთანხმდი.
როგორც კი უცნაური უცნობი წავიდა, გავხსენი ჩემი პატარა სკივრი...
ოკრო-ბოკრო ასოებით მიეწერა: ” Не толъко в этой шкатулке поют.”
ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ, სანამ ჩემი სტუმარი სამახსოვრო საჩუქარს მიტოვებდა, მეც დავწერე ფურცლის პატარა ნაგლეჯზე ფრაზა, ოთხად დავკეცე და ჯიბეში ჩუმად ჩავუცურე. რა ბედი ეწია იმ ნაგლეჯს, არ ვიცი, შეიძლება გზაში ამოუვარდა კიდეც, ან ისე გადააგდო, არც გაუხსნია... მაგრამ სადღაც ხომ არსებობს წარწერა, თუნდაც უკვე დამდნარი ან ასოებად დაშლილი - ”გახსოვდეს, რომ ყოველთვის არსებობს ადგილი, სადაც დრო საათის ქანქარაზე ჩამოჯდება... სადაც ყოველთვის მოგისმენენ ისე, რომ არ გკითხავენ ვინაობას... სადაც ყოველთვის შეგეძლება ხმისამოუღებლად ილაპარაკო.”
P.S. გავიღიმო?! რატომაც არა! თავიდან ვისწავლე!
Wednesday, August 26, 2009
წუწუნ-წრუწუნ
გადავწყვიტე ჩემი სამი დიპლომი და ოთხი სერთიფიკატი სამზარეულოს რომელიმე კედელზე გავაკრა. ეს დამეხმარება ავიმაღლო დიასახლისის კვალიფიკაცია და შესაბამისად შრომისუნარიანობა.
გაინტერსებთ რას გრძნობს ადამიანი იქით-აქეთ გარდამავალი წამის მიჯნაზე.? ეს წამი ისეთივე უსასრულოა, როგორც წამის აღქმა სიზმარში. ერთდროულად ყველაფერი კარგავს და ყველაფერი იძენს ფასს... ან რის ფასი! რა ფასი! ქალი დავბერდი და ჯერ კიდევ ვერ გავიგე რას აქვს ფასი. არა, მე კი ვიცი ჩემთვის რასაც აქვს, მაგრამ ეს ისე, ზოგადად არ ვიცი . ადამიანური ფასეულობებიც საბაზრო ეკონომიკას დაემსგავსა, ჩეინჯებლ იმისდა მიხედვით ბაზარზე რა მოთხოვნაა.
ამ ბოლო დროს ვგრძნობ რომ ასოციალური გავხდი. საერთოდ არ მაქვს ადამიანებთან დაკონტაქტების სურვილი თუ აზროვნებაში არ მომყვება და ჩაწოდებულ პასს პირველივე ჯერზე არ იღებს....ან მე მაქვს გაზვიადებული წარმოდგენა ჩემს თავზე ან მეტისმეტ მოთხოვნებს ვუყენებ ადამიანებს. რა ვქნა ვერასოდეს ვემეგობრები ადამიანს, ბავშვობის მეგობრობის ხათრით, რომელიც მიმტკიცებს რომ "პატარა უფლისწულზე" უაზრო და დეგენერატული ნაწარმოები არ არსებობს. ვისთვისაც მეგობრობა მხოლოდ ფინჯანი ყავის სმით, შოფინგებზე, ქმრებზე, დედამთილებზე, შვილების ოინებზე და ნიჭიერებაზე. ჩერეზ დაქალოჩკების პაკჩოებზე თუ საყვარლებზე და მათი "ინვესტიციების ურთიერთ დაბანდებაზე" ჭორაობით შემოიფარგლება, დაე ვიყო მათთვის უჟმური, ცივი და უხასიათო. ამ ჩემს მითხუნდ ჩაკრაბორტს.
მოკლედ დავამთავრო ეხლა წუწუნი და წავედი, მივეგდო. იმედია სანამ ზღვაზე წავალ და ჩამოვალ, რამე ხიფათს არ მოვიწევ. (აქ რა სმაილიკი უნდა იყოს, აზრზე ვერ მოვდივარ)
Sunday, August 23, 2009
რა სარგებლობა მოაქვს უკომპიუტერობას
-მობილურმა ჩანთიდან და სხვადასხვა უჯრიდან გადმოინაცვლა ჯიბეში და შესაბამისად აღარ ვივსები საყვედურებით ერთი კვირაა ვრეკავთ და სად ხარ;
-მზერა გამიცოცხლდა;
-დედაჩემის ქალაქგარეთა ბიბლიოთეკიდან ამოვქექე ოდესღაც წაკითხულ-წაუკითხავი წიგნები და ამოსუნთქვის გარეშე წავიკითხე ოცდაექვსი წიგნი ერთ თვეში;
აქედან რაც წაკითხული არ მქონდა და რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოხადინა, იყო შვედი მწერლის იალმარ სიოდერბერგის "სერიოზული თამაში". ვკითხულობდი და მეგონა ბერგმანის ფილმს ვუყურებდი.
მეთოთხმეტე საუკუნის იაპონელი მწერალი ქალი ნიძიოს ერთადერთი ნაწარმოები - ავტობიოგრაფიული რომანი "საჩუმათო ამბავი". რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ იცვლება მხოლოდ დრო.
ლეონჰარდ ფრანკის ავტობიოგრაფიული რომანი "მარცხნივ სადაც გულია". ძალიან მაგარი წერის სტილი, მახვილი ენა, დახვეწილი და დრამაზე ოსტატურად მორგებული იუმორი.
კამილო ხოსეს სელას მოთხრობები, განსაკუთრებით "არტისტების კაფე" რომელიც ბევრად უფრო მომეწონა, ვიდრე მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოები "პასკუალე დუარტეს ოჯახი". ასევე მისი ერთგვერდიანი ავტობიოგრაფია. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ავტობიოგრაფიაა, რაც წამიკითხავს.
ჩეხი მწერლების მოთხრობები, მეტნაკლებად გაასწორა.
რაც შეეხება წიგნებს, რომელიც დავიწყე და ზრდილობის გულისთვის დავამთავრე, იყო ემილ ზოლას "შემოქმედება" და ფლობერის "ბუვარი და პეკუშე". ზოლას "შემოქმედებას" რამდენი წელია ვუტრიალებდი, მაგრამ რამდენჯერაც ავიღე, იმდენჯერ დავდე, წელს გავბედე და სულ ტყუილად. სული ამომხადა ყოველი გვერდის მერე ბუნებისა და გარემოს ერთ ფურცლიანმა აღწერამ და თხრობის დეპრესიულმა და ჭაობივით ბლანტმა სტილმა. "ბუვარი და პეკუშე", ფლობერის უკანასკნელი ნაწარმოებია და აშკარად ეტყობა კრიზისგადატანილი ასაკობრივი უსაქმურობის კვალი.
მოკლედ, სკოლაში დაბრუნებულ ბავშვებს რომ აწერინებს ხოლმე დამრიგებელი, ვინ როგორ გაატარა ზაფხულიო, ეგეთი პოსტი გამომივიდა:D
ჰო ბარემ აქვე დავწერ. ვიყავი უსტარაულის ჩანჩქერზე სოფელ ერთაწმინდის ზემოთ და ფრიად მოხიბლული დავრჩი. :D
Saturday, August 22, 2009
მე ლოღიკა ვარ. მე სინდისი მე საზოგადოებრივი აზრი, მე სამართალი და სიკეთის საძებნელად მივდივართო. აი მე კიდე ის ვარ, ჩემს გარეშე რომ ვერ იპოვით იმას, რასაც ეძებთო, ფორტუნა მქვია და მთელი ჩემი ცხოვრება ვმოგზაურობ და ყველა კუთხე კუნჭული ზეპირად ვიციო. ერთი ეგ არის, სინათლე არ მიყვარს, მხოლოდ ბნელ ადგილებში ვგრძნობ თავს კარგადო.
რახან ყველა კუთხე- კუნჭული ზეპირად გცოდნია, სიკეთის გზას ვერ მიგვასწავლი ძმობილოო-შეეკითხნენ მგზავრები. ვერ მიგასწავლით, რადგან ეგეც ჩემსავით მოგზაურია და სხვადასხვა ადგილებში დადისო, პრობლემა ისაა, რომ იმას პირიქით, სინათლეში უყვარს სიარული და ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხდებითო. თუ გინდათ რჩევას მოგცემთ როგორ იპოვოთ: აი ჯიბით ერთ ჯადოსნურ ქვას დავატარებ.- ამოვიღებ ჯიბიდან,- თუ რამე ღირებული გაქვთ და რაც გემეტებათ, სათითაოდ მოდით და ზედ დადეთ, ყველაფერს იტევს, არც წონა აქვს, არც ზომაო. მე თუ სადმე გადამეყარა, ვაჩვენებ და ვისი ძღვენიც ყველაზე ძალიან მოეწონება იმას დაენახვებაო. ოღონდ უნდა დაიშალოთ და ცალ-ცალკე გააგრძელოთ ძებნა, რადგან ერთად რომ დაგინახოთ დაფრთხება და არ დაგენახვებათო.
კეთილიო-უპასუხეს ძმობილებმა. ლოღიკამ საღი აზრი დადო, სინდისმა შუბლიდან ძარღვი მოიწყვიტა და დადო, სამართალმა გულის კოდექსი. საზოგადოებრივმა აზრმა იფიქრა, იფიქრა და ვერაფერი მოიფიქრა რა დაედო. მე ღირებულებები არ გამაჩნია, კვირაში ცხრა პარასკევი მაქვსო. ფორტუნამ დიდად გაიხარა- მიყვარს შენნაირები, ბევრ კითხვებს არ სვამენ, არც დეპრესია აწუხებთ და არც არაფერს ნანობენო. რა გინდა ამათთან ერთად, რას დაეძებ, ვინ იცის რას გადაგყარონო. ლოღიკა მაგარი უგულოა და მარტო ცივი გონებით ცხოვრობსო. არასანდო მეგობარია შენთვის, ვერ დაეყრდნობიო. სინდისი ძაან მერყევია და როდის ჩაგცემს ზურგში ლახვარს ვერ გაიგებო. სამართალი შეგიძლია დაიმორჩილო, მაგრამ ერთი თუ ხელი შეგიბრუნა ან დაგაყრუებს ან დაგაბრმავებსო. წადი შენი გზით იარე და ყური არავის უგდოო. მე კი დაგიმგზავრებდი, მაგრამ მე ვისთანაც მივალ, იმას შენი დანახვა სასაცილოდ არ ეყოფაო. დიდი მადლობა კეთილო მგზავრო თვალი რომ ამიხილეო-უთხრა საზოგადობრივმა აზრმა და ძმობილებს განეშორა. მას მერე მარტო დაიარება. ერთი რომ მოიშორა ფორტუნამ, უმალ მეორეს მიადგა: ლოღიკა შენ რაღად ეძებ სიკეთესო? რადა და ხშირად ჩემს საწინააღმდეგოდ იქცევა, სახელს მიტეხს და პასუხი უნდა მოვთხოვო ამაზეო. მერე ვერ ხვდები რომ ამათთან ერთად გაგძნელდება პოვნაო-უთხრა ფორტუნამ. სინდისი ცარიელი ემოციაა მშვიდად თუ არაა, მაშინ სულ დეპრესიაშია. საღად მოაზროვნე კაცი ხარ და რად გინდა ეგ წუწუნა და ხელმოცარული რომ აგიკიდია. ზედმეტი ტვირთია და მოიშორეო. სამართალი კიდე ძაან ფიცხია და თუ გაბრაზდა ხშირად ვეღარ არჩევს სად მთავრდება სუბიექტურობა და სად იწყება საღი აზრი, ამიტომ ეგეც მოიშორეო. ლოღიკას ჭკუაში დაუჯდა ფორტუნას რჩევები და მარტო გაეშურა სიკეთის საძებნელად. როგორც კი ლოღიკა მოიშორა, უმალ სინდისს მიადგა: სინდისო რა დაგრჩენია სიკეთესთან, რად ეძებო. სიკეთეს კი არა მეგობარს ვეძებ, ბოლომდე ვერავინ მეგუება და იქნება სიკეთემ მაინც გამიგოს, ამბობენ გულისხმიერიაო. - უპასუხა სინდისმა. მერე არ იცი რომ შენს ძმობილთან ერთად გაგიჭირდება მოძებნაო?. სამართალს თავისი კანონები აქვს და თუ რომელიმეს ხელი შეახე გაგთელავსო. წადი დროზე თავს უშველეო. სინდისმა მადლობა გადაუხადა ფორტუნას და იქაურობას გაშორდა. ფორტუნა სამართალს მიადგა და ჰკითხა, რაში გჭირდება სიკეთეს რომ ეძებო. რაში და, გული და ხელი მინდა შევთავაზო, მაგის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. სად იყავი მერე აქამდე, არ იცი რომ სიკეთე დანიშნულიაო? ვიზეა დანიშნულიო -იკითხა სამართალმა. ვიზე და შენს ყველაზე დაუძინებელ მტერზე ალოგიკაზეო. მაშინ სამართალმა დაიფიცა მოვკლავ ჩემს მტერს და სიკეთეს დავიბრუნებო. ფორტუნას უკან გამოართვა ქვაზე დადებული, გამოემშვიდობა და გზა განაგრძო სიკეთის დასახსნელად. მას მერე სამართალიც მარტო დაიარება და ეძებს. მინდა მჯეროდეს რომ ოდესმე იპოვის. თვალი თუ სადმე მოჰკარით ორივეს ერთად, არ დაიზაროთ და შემატყობინეთ.
ჭირი იქა ლხინი აქა კი არა და, ოღონდაც ჭირი აღარ იყოს და ლხინიც იქ იყოს, ფქვილიც და ქატოც.
Friday, June 26, 2009
Late night train
ხელი ჩამკიდა და შემომხედა. არაფერი უკითხავს. თვალებში ჩავაშტერდი რამოდენიმე წამით, თითქოს რაღაცას ვეძებდი. გუგები გაჰფართოვებოდა და გუგებს შიგნით კითხვის ნიშანი მოუჩანდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ვაგონებისკენ გავიქეცით. ვაგონში ჩაგუბებულმა სითბომ ძვალ-რბილში დამიარა. ცხვირში რელსების საცხის სუნი მეცა და გაურკვეველი წარმოშობის ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა. ეტყობა მოულოდნელმა სითბომ და საცხის სუნმა ღრმა ბავშვობაში განცდილი შეგრძნება ამოატივტივა, როცა ბებიასთან მივემგზავრებოდი ხოლმე მატარებლით.
გამცილებელმა კუპემდე მიგვაცილა და გვითხრა რომ ვაგონ-რესტორანი მხოლოდ ორი საათის შემდეგ გაიხსნებოდა. ბარგი საჩქაროდ მივაგდეთ და ქურთუკები გავიხადეთ.
-რა ვაკეთოთ ვაგონ რესტორნის გახსნამდე, გინდა დავიძინოთ.?-მკითხა.
-არა, თავი ჩამიდე კალთაში და თავწამოყოფილ წვერებს დაგაწიწკნი სათითაოდ და თან ჩავუთქვამ "ლუბიტ ნე ლუბიტ", რომლის ამოწიწკვნაც ყველაზე ძალიან გეტკინება იქ შევჩერდები და რა სიტყვაც დაეთხვევა, მერე ისე ვიმოქმედებ. თუ ნე ლუბიტ-ს დაემთხვა ვაი შენი ტყავის ბრალი- გაწვალებ მთელი გზა.
-შენ ისეთი ოხერი ხარ, შენ რასაც გინდა იმას დაამთხვევ. -გაეცინა. - შეეშვი ჩემს წვერებს, მოდი წამოვწვეთ და ჩამეხუტე.
-ვერ მოვისვენებ ხო იცი ეგრე, გიღუტუნებ ან გაწვალებ, ამიტომ ჯობია შენ დაჯექი, მე თავს ჩაგიდებ კალთაში და რამე წამიკითხე. ამასობაში ორი საათიც გავა.
-კარგი.
კარზე კაკუნი გაისმა. სახელური ჩამოვწიე და კუპის კართან გაჯგიმული გამცილებელი შემეფეთა მდაბიო, დაბლა დაშვებული თვალების კუთხეებით და თუთუნისგან გაყვითლებული ბოლოებაპრეხილი ულვაშებით.შევხედე და რატომღაც მომეჩვენა, რომ ჰუსარს უფრო ჰგავდა, ვიდრე რკინიგზის მუშაკს.
-თქვენი ბილეთები თუ შეიძლება-საკუთარი ღირსების გადამეტებული გრძნობით შემოგვძახა.
მე მას გადავხედე.
-ბილეთები არ გვაქვს-უპასუხა.
-როგორ თუ ბილეთები არ გაქვთ?-წარბები აქაჩა "ჰუსარმა"
-აი ეგრე! ჩვენ უბილეთო მგზავრები ვართ. ჩვენ არსად, არასოდეს, არ გვჭირდება ბილეთი!
-სამაიმუნოდ არა მცალია, მაჩვენებთ თუ არა ბილეთებს! წინააღმდეგ შემთხვევაში... - აქ უცბად სიტყვა შეაშრა პირზე და მზერა სხვა რამეზე გადაიტანა. მე თვალი გავაყოლე მისი მზერის ტრაექტორიას და წითელ თუმნიანებთან და ერთ ბოთლ სტალიჩნაიასთან დავიჭირე.
თვალები სიხარბით ავსებოდა და უსაფუძვლო ღირსების გრძნობაც წინა ღამის სიზმარივით გაჰპარვოდა.
-ჰო კარგი, კარგი, გაგიჟდება კაცი! ამდენი ფული აქვთ და ბილეთის ყიდვა ეზარებათ-ბურტყუნებდა თავისთვის.
-დაზარება არაფერ შუაშია ძяძя, ჩვენ უბრალოდ უბილეთო მგზავრები ვართ-გავუმეორე ხალისით.
-სად ჩადიხართ?-იკითხა გასვლისას.
-ჯერ არ ვიცით, სადაც ფეხები თავისით ჩავლენ.
-ხაბაროვსკამდე არსად არ გაჩერდება და დანარჩენი თქვენ იცით.
-ძალიან კარგი თუ არ გაჩერდება.-გავიღრიჭე.
"ჰუსარმა" მხრები აიჩეჩა და კეთილი მგზავრობა გვისურვა.
როგორც კი გავიდა, ჩახუტების სურვილმა შემიპყრო და ისე მივვარდი ასე მეგონა ახლა თუ არ მივუსწრებდი, კუპის იატაკიდან ჩაძვრებოდა ძირს და რელსებში დამეკარგებოდა.
გული რომ ვიჯერე, სავარძელზე მოვკალათდი, თავი მუხლებზე დავადე და წიგნის კითხვის მოსასმენად გავემზადე.
-ტაკ, ესე იგი ვიწყებთ-ომახიანად დაიწყო-"ჩაპაევი", ვიქტორ პელევინი,
-რაა?-უცბად გიჟივით წამოვხტი.-რა ჩაპაევი! რის პელევინი!
-ხო რა იყო, რა არ მოგწონს?-მკითხა და უცბად სიცილი აუტყდა.
-თუ გინდა დამაძინო სპეციალურად და მერე ვაგონ რესტორანში მარტო გაიპარო, კი ბატონო, წამიკითხე, ოღონდ ნელა და გამოთქმით.
-ჰო კარგი, ვითომ მჯერა, რომ გჯერა, პელევინს გიკითხავდი. მოდი არ გვინდა არაფრის წაკითხვა, ჩამეხუტე, გავჩუმდეთ და ბორბლების რახრახს ყური მივუგდოთ-მითხრა და თავისკენ მიმიზიდა.
მოვეხვიე და თავი მკერდზე დავადე. გული და მატარებელი ერთი რიტმში ამოძრავდნენ.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე ან როდის ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, უკვე კარგად გათენებულიყო. ფანჯარა ჩამოვწიე. კუპეში შემოჭრილმა დილის ცივმა ნიავმა საბოლოოდ გამომაფხიზლა. ახალი დღე იწყებოდა...
Sunday, June 21, 2009
Thursday, May 7, 2009
Sumi Jo
არაჩვეულებრივი ლირიული ვოკალი, შესრულების მაღალი ოსტატობა, ხმის უბადლო ფლობა და ბოლოს ეგზოტიკური გარეგნობა.
ოპერა სულ რომ არ გიყვარდეს შეგაყვარებს.
Thursday, April 30, 2009
Yin - Yang ანუ როცა "გვეგულება"
მშობლის ინსტიქტს რომ თავი დავანებოთ, (რადგან ყველამ ვიცით რომ ეს თანდაყოლილია და არ მოიძებნდება ამ ქვეყნად რამე, რაც ამ ინსტიქტზე მაღლა დგას), ქალისთვის, ისევე როგორც კაცისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, როცა იცი რომ ვიღაც გეგულება, ვინც გიხარია და ვისთვისაც გიხარია. ამის გარეშე ხო უსქესო ხარ ?! ამის გარეშე ხო უბრალოდ უსქესო ადამიანი ხარ, რომელიც ცხოვრობ და ფაციფუცობ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჯანმრთელი და უზრუნველი მოკვდე. ამის გარეშე ხო კი არ ცხოვრობ, არამედ სიკვდილის პროფილაქტიკას იტარებ. პროფილაქტიკის რეჟიმიდან გამომდინარე კი ისეა რომ კი არ ცხოვრობ, არამედ ემზადები ცხოვრებისთვის, ანუ აწმყო არ გაქვს და ბოლოს ისე ხდება რომ ადრე თუ გვიან ის, რისთვისაც ამ რეჟიმში ხარ, მაინც ხიდის ბოლოში გელოდება ცელითა და კაპიუშონიანი ბალახონით.
ჰოდა ვიკითხავთ, ცხოვრება სადღაა?! სადაა და აწმყოს ექშენში და არა პრევენციულ ღონისძიებებში. ამ აწმყოს კიდე მხოლოდ მაშინ გრძნობ:
როცა ვიღაც გიხარია და ვიღაცისთვის გიხარია.
როცა ერთ გულს რაღაც უხარია და მეორე გული "ამენს" შესძახებს, სადაც არ უნდა იყოს.
როცა ერთს სტკივა და ამ ერთის ტვინი ორივეს სხეულში თანაბრად აგზავნის ტკივილის სიგნალს.
როცა გაიღვიძებ და იცი რომ ვიღაცის დილა შენი გაღვიძებიდან იწყება, თუნდაც სამყაროს ორ სხვადასხვა წერტილში თენდებოდეს ორი დილა.
როცა იცი რომ სულაც რომ გრავიტაცია შეჩერდეს, საყრდენი არ გამოგეცლება.
როცა იცი რომ უკანასკნელი სუნთქვის მარაგს გაგიყოფენ.
როცა არაფრის გეშინია, იმიტომ რომ გულის, სულის და სხეულის დონორი გყავს.
როცა იცი რომ შენი ნახშიროჟანგი მისთვის ჟანგბადია და მისი შენი.
როცა იცი რომ რაც არ უნდა გაიბზარო, დროს არ იხელთებენ რომ წყლად იქცნენ, რათა მერე წვეთ-წვეთად გაიპარონ შენი ნაპრალებიდან.
როცა ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში ეტევა - როცა იცი რომ უბრალოდ გე - გულ -ება.
...გალას წერილების კითხვის დროს და უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რაც სხვა დროს მათი კითხვისას არ გამჩენია - ადამიანი აღარ არის და მისი სიყვარული დარჩა ბუნებაში მელანის და ხის ნაწარმის სახით.
მე მინდა "ათასი წლის" მერე პირველი მე წავიდე იქეთ და მერე ჩემი "მეგულება"...
დიდხანს იყავი რაა... აი უბრალოდ იყავი...
Monday, April 27, 2009
ისევ და ისევ www.forum.ge
Saturday, April 25, 2009
ამბავი "გენდერული თანასწორობისა"
იყო და არა იყო რა, იყო ერთი სოფელი. ამ სოფელში ერთი ტკბილი ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის უფროსი რუზველტი მედოლე იყო და სოფლის ჭირ-ლხინში ცუპმა-ცუმპათი ნაშოვნ ორ კაპიკს ოჯახს ახმარდა სრულიად უანგაროდ და დაუყვედრებლად.
რუზველტს სამი ვაჟი ჰყავდა, რომელნიც სხვები რომ ერთ წელიწადში იზრდებოდნენ, ესენი იმდენს დღეში იზრდებოდნენ და სოფლის პადპოლნი საოჯახო ბიუროს თავჯდომარის თავდადებითა და მოწადინებით შერთული მორჩილი ცოლი მარინე, რომლის "შტურმანი" მოსიყვარულე, მაგრამ მკაცრი ქმრის მარცხენა წარბი იყო.
ოჯახში გენდერული თანასწორობის საკითხი არასოდეს წამოჭრილა, რადგან არც რუზველტმა და არც მარინემ ამ სიტყვათა შეთანხმების მნიშვნელობა არ იცოდა, შესაბამისად არც სოფელში მოიძებნებოდა ვინმე, ვინც ამ საქმეში ჩახედული იყო და სიმართლეს რომ დავხედოთ შუბლზე, არც არაფერში სჭირდებოდათ, რადგან სოფელში მკაცრად იყო განსაზღვრული ქალისა და კაცის მოვალეობები - კაცს ნახირში უნდა ევლო, შეშა ეჩეხა და ქალს ლობიო შეედგა და კერია არ გაენელებინა. რუზველტიც და მარინეც, სრულიად ემორჩილებოდნენ რა სოფლის ადათ-წესებს, ცხოვრობდნენ ბედნიერად და უშფოთველად. მაგრამ განა წუთისოფლის მუხანათობას აუვლია ვინმეს გვერდით შეუმჩნევლად, რომ რუზველტის ტკბილი ოჯახისთვის აეარა?! საბედისწერო კვანძი შეიკრა მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარმა უმცროსი ვაჟის მონათვლა გადაწყვიტა. ნათლიად ოჯახის ახლობელი, ამავე სოფლის მაცხოვრებელი კაცი შეარჩიეს. ნათლობამ ოჯახის უფროსის დოლის, მარინეს სადღესასწაულო, სოფლის კვალობაზედ ღრმად დეკოლტირებული და თეძოებზე შემოტკეცილი კაბის, მისი კეკლუცი, მაგრამ გაუბედავი ღიმილისა და ნათლიის, მარინეს უბისაკენ შიგადაშიგ გაპარებული მზერის ფონზე ჩაიარა.
იმ დღის შემდეგ ნათლია ამ ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა. ჯერ თუ კვირაში ერთხელ სტუმრობდა ნათლულს, შემდეგ მოუხშირა და ბოლოს ისე ხდებოდა, რომ რუზველტი უმალ უგუნებოდ შეიქმნებოდა ხოლმე თუ ვახშმის დროს არ ხედავდა მას. ოჯახის საშინაო საქმეებიც, რაც კაცს ევალებოდა, ნათლიას გადააბარა და თვითონ მთლიანად ჩაეფლო პროფესიაში. მარინეც თვალსა და ხელს შუა გაიფურჩქნა და გახალისდა, ჩამოსცილდა რა ოჯახში კაცის საქმეები.
ვინ იცის სადამდე გაგრძელდებოდა ოჯახური იდილია, ერთ მშვენიერ დღესაც უმცროს ვაჟს მამისთვის რომ არ ეკითხა, მამიკო შენ რატო არ კოცნი დედიკოს ისე, ნათლია რომ ჰკოცნისო. რუზველტი ბავშვს არ ჩასძიებია კითხვებით, რადგან გადაწყვიტა თავისი თვალით ენახა როგორ ჰკოცნიდა ნათლია მარინეს და ერთ დღესაც ქალაქში მოიმიზეზა წასვლა. მარინემ ჩუმი ხალისით გააცილა ქმარი და გასვლისას "გულმოსულმა უსაყვედურა" რაღა ამ ავდარში მოგინდა ქალაქში წასვლაო. რუზველტს რაღა თქმა უნდა აზრადაც არ მოსვლია სოფლიდან გასვლა და ერთ საათში დაბრუნდა სახლში. კარი ჩუმად გააღო და ოთახის ზღურბლზევე გაშეშდა - მარინე და ნათლია შეშის ღუმელის გვერდით მდგარ "კუშეტკაზე" თავაწყვეტით მისცემოდნენ სიყვარულს და რუზველტს ვერაფრით გაერკვია მარინეს განწირული კივილი ვნებისგან იყო გამოწვეული თუ თვალებგაფართოებული ქმრის დანახვისგან. ელვის უსწრაფესად გაინთავისუფლა მარინემ მიჯნურის მკლავებიდან თავი და და ქმარს შესძახა: ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ, მომისმინე და ყველაფერს აგიხსნიო. რუზველტი, რა თქმა უნდა სწორედ იმას ფიქრობდა რაც იყო, ამიტომ არ ისურვა ცოლის მოსმენა და იმ სოფლის წარმომადგენლისთვის შესაშური სიმშვიდითა და სიდარბაისლით მოსთხოვა მარინეს და ნათლიას სახლის დატოვება, თან გულში ფიქრობდა ნეტა ეს ის არ იყოს, რასაც მე ვფიქრობო.
დანაღვლიანებულმა მარინემ ბარგი ჩაალაგა, სკოლიდან მოსულ ბავშვებს გამოემშვიდობა და ნათლიასთან ერთად ქალაქში გადაბარგდა საცხოვრებლად.
გამოხდა ხანი. ნათლიას, ქალაქის გარემოში მარინე ისეთი მიმზიდველი აღარ ეჩვენებოდა როგორც სოფელში და მწველი ვნება ნელ-ნელა უცხრებოდა. ერთ ავბედით დღესაც კი ალიან-კვალიანად გაუჩინარდა მარინეს ცხოვრებიდან. მას შემდეგ მარინემ არაერთი "ნათლია" გამოიცვალა, მაგრამ გულში ჩუმად ჰნატრობდა იმ დღეებს, როცა დილით დოლის ხმა აღვიძებდა.
ამასობაში გავიდა 15 წელი. რაც შეეხება რუზველტს, ცოლის მოყვანა არც უფიქრია. მარტომ წამოზარდა და დაავაჟკაცა შვილები. იგი მდუმარედ ისმენდა კეთილი ნათესავ-მეზობლების რჩევებს, რაღას ელოდები მოიყვანე ცოლი, სიბერეში პატრონი ხომ გინდაო და ამ დროს ისიც მარინესავით გულში მისტიროდა ბედნიერ წუთებს. ერთ დღესაც გადაწყვიტა ჯანიც გაჰვარდნია მტერ-მოყვარესო და ქალაქს ჩააკითხა მარინეს შერიგებისა და სიკვდილამდე ერთად თანაცხოვრების მოტივით. მარინეც სიხარულით დასთანხმდა, რადგან ოჯახის მონატრებასთან ერთად, მის შემოდგომაშეპარულ დეკოლტესა და ერთ დროს სავსე თეძოებს, თვალს აღარ აყოლებდნენ და შესაბამისად მათი შემფასებელ-დამფასებელიც აღარ ჰყავდა. მოკრიბა რაც რამე გააჩნდა ქალაქში დაგროვილი და დაბრუნდა სოფელში ქმართან ერთად. მარინემ აღმოაჩინა რომ რუზველტს ამასობაში სახლი გაეფართოვებინა და გაერემონტებინა, სახლის წინ მინი მარკეტი გაეხსნა, შვილებიც გაზრდილ - გზაზე დაყენებულები დაახვედრა და მარინეს სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა. შვილებმაც სიყვარულით მიიღეს დიდი ხნის უნახავი დედა და მას მერე ცხოვრობენ ბედნიერად და უზრუნველად.
ჭირი იქა ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა.
Sunday, April 19, 2009
Sunday, February 15, 2009
-ჯერ მითხარი საიდან რეკავ და მერე გადავწყვეტ შეიძლება თუ არა.
-კი მაგრამ შენ ვინ ხარ, რომ გადამიწყვიტო, რა შეიძლება და რა არა!
-მე სამყაროს ხმა ვარ, სამყაროს მთავარი ოპერატორი, შენ საიდან რეკავ?
-საიდან უნდა ვრეკავდე?! მიწიდან!
-მერე რა გინდა ანგელოზების საუფლოში შენ, ცოდვილს?
-ჩემი არჩევანი იყო აქ რომ ვარ?! ვინ აიღო ნებართვა ჩემგან, სად მინდოდა და სად არა!
-ხო მაგრამ იმის არჩევანი ხომ გაქვს, რამდენს იტვირთავ.
-მე არ მიძებნია ტვირთი. როცა თავისთავად გეძლევა, სხვა რა დაგრჩენია გარდა იმისა რომ ზიდო. - იცი რა მაინტერესებს, როცა ადამიანი ცდილობს რომ სუფთად იცხოვროს, რა საჭიროა ამდენი ცდუნებები, გამოცდები, განსაცდელები, "ერთობი"? შენ ხო თვითონვე აძლევ ამ ყველაფერს ადამიანს ცდუნებასაც, განსაცდელსაც და მერე გამოცდებსაც უწყობ. აარიდე ამ ცდუნებას არ შეგიძლია?! ამით ხო ცოდვასაც ააცილებ?! მაინცდამაინც გინდა რომ ცოდვებისაგან დაბეჩავებული ადამიანი ნახო შენს ფეხებთან გართხმული?! ააცილე განსაცდელი და მეტი სიკეთე ჩასდე ადამიანში, ცუდის გაკეთების სურვილი მოუსპე, შენ ხომ სამყაროს მმართველი ხარ და ყოვლისშემძლე, რა არ შეგიძლია? მაინცდამაინც შემოვლითი გზებით უნდა მოიყვანო ადამიანი შენამდე?! ათას ქარ-ცეცხლში უნდა გაატარო, წაქცეულს კიდევ უფრო უნდა დააჭირო წიხლი, რომ ადამიანმა საკუთარი არარაობა იგრძნოს და შენი სიდიადე? ან შენს პირველშობილებს რას ერჩოდი? ხომ შექმენი?! შენს შექმნილებს რატომ დაურგე წინ მუდმივი საცდური?! რაში გჭირდებოდა მათი ნებისყოფის გამოცდა? ადამიანი ხომ არ გთხოვდა, ოღონდაც გამაჩინე და უპირობო მონად დაგიდგებიო. შენი სურვილი იყო რომ შეგექმნა და შენს შექმნილებსვე შენვე დაუგე მახე, რისთვის არ მესმის! იმისათვის რომ მერე ჯოჯოხეთში- დედამიწაზე ჩამოგეყარა და კიდევ უფრო მეტ ცოდვაში ჩაგეგდო? ცოდვა ხომ ცოდვას შობს ისევ? სიბოროტე სიბოროტის მშობელია, შური შურის, სიძულვილი სიძულვილს კვებავს. შენ რომელმაც შვიდ დღეში შექმენი სამყარო შვიდი სიტყვით, ნუთუ ამდენი ათასი წელი გჭირდება იმისათვის რომ დაცემული ანგელოზის მეტასტაზები ამოკვეთო ადამიანების სულებიდან?! რატომ უშვებ ადამიანის ხელიდან ადამიანის სიკვდილს, რატომ არ უშლი ხელს, მსხვერპლი ხომ უდანაშაულოა. რატომ უშვებ იმას რომ ერთი ნაგავსაყრელზე იბადება და მეორე ფუფუნებაში, ბავშვის ცოდვა-მადლი ვინ გაზომა? თუ ადამიანებს მარადიული სიცოცხლისთვის ამზადებ სულიერ სამყაროში, მაშინ აქ დედამიწაზე გამოსაცდელ-მოსაცდელ დარბაზში მიეცი იმის საშულება რომ ყველა თანაბარ საფეხურზე იდგეს და ყველას თანაბარი სირთულის საგამოცდო მასალა მიეცი. რა კრიტერიუმებით არჩევ ვინ სად და როგორ დაიბადოს? ამისი რა საფუძველი გაქვს? ან როგორ შეიძლება "ავსტრალიელი აბორიგენი" და რომელიმე ცნობილი "შტეინი" ორივე სიცოცხლის პირველ წრეზე იყვნენ.?! არ გთხოვ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას და ისიც იცი რომ ბევრი არაფერი მითხოვია შენთვის. რაც არ მაქვს, ის არც მინდა. უბრალოდ რაც მაქვს, იმას ნუ წამართმევ იმისათვის რომ გამომაწრთო ან ჩემი სისულელით ნუ დამაკარგვინებ, ხელი მაინც შემიშალე. მე არ მაქვს იმდენი სიბრძნე რომ ერთმანეთისგან გავარჩიო შესაცვლელი და გასაძლები, არც იმდენი ბავშვური სისუფთავე მაქვს შერჩენილი, რომ ყველაფერი სინდისს მივანდო. ხოო, ალბათ იმიტომაც წაიყვანე ის და არა მეე, თუმცა იცოდი რომ მის ადგილს დიდი სიამოვნებით დავიკავებდი...კითხვებზე არ მიპასუხო გევედრები, ნებისმიერი პასუხის მეშინია, იმის მეშინია რომ მაინც ვერ გავიგებ...
-კარგი...დაელაპარაკე! " N " წუთი გაქვს დრო!
-ნაა
-რა ნაა, რა ნაა! ეგოისტო ცუდო ბავშვო, შენი ხმა მავიწყდება, ერთხელ არ უნდა დამესიზმრო?
-არ გაწუხებ ნაა და არც ჩემზე ფიქრის საშუალებას გაძლევ, ვერ ხვდები?
-არ მაძლევ, მაგრამ რომც არ ვფიქრობდე შენზე, მაინც შენს აურაში ვცხოვრობ, ფანტომურად მტკივა შენი ფიზიკური არარსებობობა, მოჭრილი სხეულის ნაწილი მტკივა, ის ნაწილი მტკივა, რომელსაც იცი რომ ვერავინ აღგიდგენს, ვერ უმკურნალებ, ვერ შეეხები, ვერ გააყუჩებ, ვერც ერთი "პროტეზი" ვერ მოვირგე, ორგანიზმმა არ მიიღო, ვერ იგუა. დროებითი გამაყუჩებლები კიდე უფრო უარესია, მოქმედების ვადა გასდის და უფრო უარესად მტკივდება.
-ნაა შენ ხო ყოველთვის ჩემზე მაგარი იყავი, მე ხომ შენს თვალზე ცრემლი არასოდეს მინახავს, მე ხომ ყოველთვის შენ მეგულებოდი საყრდენად რაც არ უნდა ცუდად ვყოფილიყავი.
-ეგ შენ გეგონა მასე, სინამდვილეში შენ იყავი ჩემი საყრდენი, ან ორივე ერთმენეთის ჯებირები ვიყავით და ახლა კიდევ აღმოვაჩინე რომ გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს შენს გარეშე.
-რას ამბობ ნაა, შენ ხო არავის არაფერს ეკითხებოდი, როცა რამეს გადაწყვეტდი, უბრალოდ მიყვებოდი ხოლმე ამის შესახებ წინასწარ და მე რაც არ უნდა მერჩია შენთვის, მაინც შენ შენს რაშს მიაჭენებდი.
-ვიცი, ვიცი, მაგრამ შენ რომ გიყვებოდი ასე მეგონა შენგანაც "დაბრო" მქონდა რაც არ უნდა გეთქვა ჩემთვის და უფრო გაბედულად მივაჭენებდი. ხო ვიცი რომ შენ ყველა საქციელს მაპატიებდი მაინც, რაც არ უნდა ჩამედინა, შენთვის ყოველთვის მართალი ვიყავი.
-არა ნაა, არ იყავი ყოველთვის მართალი, შენ ძალიან ფიცხი იყავი, შეწინააღმდეგება არ გიყვარდა, იმიტომ რომ უარესად გიჩნდებოდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი და ეს სურვილი რომ არ გამემძაფრებინა, არ გეკამათებოდი. მე მჯეროდა შენი, გენდობოდი და ვიცოდი ისეთს არაფერს გააკეთებდი რომ საკუთარი თავის შეგრცხვენოდა.
-იცი ლიი რისი მრცხვენია, უფრო სწორედ შენთან მრცხვენია...შენი ასაკის გოგოებს ვეღარ ვიტან, შენს მეგობრებს ვეღარ ვიტან, იმიტომ რომ შენს ჩამქრალ სიცოცხლეს ვხედავ მათში, ვერ ვეკონტაქტები მათ, მარტო შენს სოფოს ვეხმაურები ხანდახან, იმიტომ რომ ვიცი ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი და ისიც არანაკლებ განიცდის უშენობას, შენს მეტი არც არავინ ჰყავდა.
-ნაა ნურავიში ნუ მეძებ რაა, რაც უფრო ვერ მიპოვნი მათში, მით მეტად შეგძულდება ადამიანები, შენ კიდე არ შეგიძლია სიძულვილი და საკუთარ თავს დახრავ.
-ხო გახსოვს ლიი როგორი ვიყავი, არასოდეს ვკარგავდი წინასწორობას, მწყობრიდან ვერავინ გამომიყვანდა... ძალიან შევიცვალე, ადვილად ვღიზიანდები, როცა ვინმეს რამეს ვერ ვაგებინებ ეგრევე ყვირილზე გადავდივარ, გულიც შემიძლია ადვილად ვატკინო ადამიანს, მერე ვბრაზდები საკუთარ თავზე. მე ხო ისე ვიცხოვრე აქამდე ლიი რომ ცუდს ვერ ვიმჩნევდი, არ კი არა, ვერ ვიმჩნევდი... რა კარგი იყო ესე ცხოვრება.... როცა ყველგან, ყველაფერში და ყველაში, აწყმოში, წარსულში, მომავალში კარგს ხედავ, როცა მზიან ამინდში წვიმა არ გახსოვს და წვიმაში მზეს არ მისტირი...
-მერე რა გიშლის ხელს ნაა...იცხოვრე ისევ ისე!
-ვერა ლიი, აღარ გამომდის, შენ ჩამომაგდე მიწაზე, რაც არ უნდა მიხაროდეს, თვალწინ სულ მაინც შენი გაყინული საქორწინო ბეჭდიანი არათითი მიდგას, მე მაინც არ გამეკეთებინა მაგ გაყინულ თითზე.
-ჩემს სულზე იფიქრე ნაა, იმაზე იფიქრე რომ აქ არ ვარ გაყინული, მერე ყველაფერი ისევ ძველებურად გაგიხარდება ხოლმე.
-ლიი ბებო შენთან არის?
- ხო ნაა, ნინიკოს ვუვლით ერთად.
-ნინიკო რამხელაა ეხლა?
-აქ ასაკი არ არის ნაა, პატარა ანგელოზია.
-ისევ ისეთი ლამაზია?
-უფრო ლამაზი.
-ლიი ბებოს გადაეცი რომ ნაწყენი ვარ და შენი გაზრდილი სულ დაგავიწყდა თქო, ადრე მაშინ მაინც მესიზმრებოდა როცა რაღაცას მაფრთხილებდა, ეხლა სულ დამივიწყა.
-თვითონაც ნაწყენია ნაა, სულ შენზე დარდობს, ათი წლის წინ რომ დავესიზმრე, რაც გავაფრთხილე რატომ არ დამიჯერაო.
-იმიტომ რომ რაც თავის თავზე აიღო, იმას ვეღარ გადააბიჯა თქო - ესე გადაეცი ლიკ და უთხარი რომ შემირიგდეს.
-ნაა გახსოვს ბებოს საფლავზე რომ დავდიოდით ხოლმე, თითქოს ისევ მასთან მივდიოდით სახლში და გვეგონა ისევ უგემრიელეს კარტოფილის ღვეზელებს დაგვახვედრებდა და ჩვენ მიგვქონდა, ვითომ ისევ ის გვახვედრებდა.
-რა დამავიწყებს ლიი, ის რომ აცხობდა ისეთი ღვეზელი არსად არ მიჭამია მას მერე. შვილიშვილებისთვის როცა აცხობდა ის განსაკუთრებით გემრიელი იყო.
-ლიი კიდე იცი რა გადაეცი ბებოს, ავად რომ იყო ხოლმე და საწოლთან ვეჯექი და მოლა ნასრედინის ოხუნჯობებს ვუკითხავდი ის წიგნი ვიპოვე, დაფურცლულ-დაგლეჯილი და ერთ ადგილას გადაკეცილი, მინაწერით "ხვალ აქედან უნდა გავაგრძელო წაკითხვა"
-გადავცემ ნაა.
-ლიკ, იცი იმ ვიდეო ჩანაწერებისთვის არასოდეს მიყურებია, სადაც შენ ხარ, გუშინ მომინდა ღამით და ჩავრთე, მაგრამ გამოჩნდი თუ არა გამოვრთე, ვერ გიყურე, ჯერ ისევ არ შემიძლია, ჰოდა მერე ისე მომინდა ეს ყველაფერი მეთქვა შენთვის, რომ მაგიტომ დაგირეკე. გული გამისკდებოდა შენთან რომ არ მელაპარაკა, ეხლა ცოტა მომეშვა.
-ნაა როცა ჩემზე იფიქრებ და მოგენატრები, მხოლოდ კარგი გაიხსენე ხოლმე, ის წუთები გაიხსენე, ძალიან რომ გვიხაროდა და იცოდე რომ მე ბედნიერი ვიყავი და ბედნიერების წუთებში წავედი, მართალია ყველა ნაბიჯს გეკითხებოდი ხოლმე და ბოლოს შენგან დაუკითხავად წავედი, მაგრამ სულ გახსოვდეს რომ მე ბედნიერი ვარ.
-ლიი ეგ მაძლევს ძალას...ერთი რაღაცა მინდა გკითხო და დამეხმარე რაა ლიკ!
-დრო ამოიწურა!!! - (სამყაროს ხმა).
-კიდევ ერთი წუთი ძალიან გთხოვ!
ტუ ტუ ტუ...............................................
Thursday, January 29, 2009

ყველა ადამიანს თავისი სამყარო აქვს რეალურ ცხოვრებაში, სადაც ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს, წვალობს, ჯახირობს, წელებზე ფეხს იდგამს, იბრიქება, იწელება, იხარჯება, ხურდავდება, გველისტყავში ძვრება, იღებს, გასცემს, უყვარს, სძულს, უნდა, სჭირდება, თავზე ლაფს ისხამს, კედელზე ცერცვს და თვალში ნაცარს იყრის, იტყუება, ილანძღება, პირით ლოცულობს და გულში ეშმაკს ურიგდება ან პირიქით და ა.შ. მოკლედ არსებობისთვის იბრძვის, იბრძვის იმისათვის რომ მაძღარი იყოს და იბრძვის იმისათვის რომ საკუთარ თავი დაიმკვიდროს იქამდე, სადამდეც გაიწელება და გასწვდება. მხოლოდ ეს ორი მიზეზია, რისთვისაც ბრძოლობს. სიყვარულიც და მეგობრობაც მეორე მიზეზში გადის. არაფერი არ ჰგვრის ადამიანს იმაზე მეტ კმაყოფილებასა და სიამოვნებას, რამდენადაც საკუთარი თავის დამკვიდრება იმ ადამიანში, რომელიც ისევ მის თავს აგონებს. ამაში გამართლება იშვითია, რადგან ადამიანი ცდილობს ისევ საკუთარ თარგს მოარგოს სიყვარულის ობიექტი და ნაკლსაც კი ღირსებად უთვლის, ისევ და ისევ იმის გულისთვის რომ საკუთარი გრძნობა გაამართლოს მის მიმართ.
ბავშვობიდან იგება ამ სამყაროს საძირკველი და მერე მთელი ცხოვრება მის კედლებს აგებ და აგებ. ხშირად ისე მიდის ამ ქვეყნიდან ადამიანი რომ საკუთარი სამყაროს გადახურვასაც ვერ ახერხებს. ჰოო, პროვინციულ სახლებს ემსგავსება ეს გადაუხურავი სამყაროები, ეგეთივე დაუმთავრებელი და გაწელილი ათასი უსარგებლო სათავსოთი. ჩვენც ჩვენს ნაშენ სამყაროებს ვართ მიჯაჭვული სისხლით და ხორცით და ათასი დაწერილ-დაუწერელი კანონით, რომელსაც ისევ და ისევ ეს სისხლით და ხორცით დაკავშირებეული ადამიანები ვატენით ერთმანეთს ცხვირში.
ნებისმიერი დაკანონებული ურთიერთობის საფუძველი არის ქვეცნობიერი ეჭვი და უნდობლობა, თითქოს ხელმოწერილი ქაღალდი და თავზე გვირგვინის დადგმა იყოს იმის გარანტი, რომ ამის მერე ადამიანი მხოლოდ "თამასუქის", "შეიძლება", "სასარგებლოა", "სწორიას" ტრაექტორიაზე იმოძრავებს. აი მერე იწყება ამ ნახევრად აშენებული სამყაროების ნელ-ნელა, აგურ-აგურ ნგრევა და ნგრევის შედაგად დაგროვებულ მთელი ეს სამშენებლო ნაგავი წლების განმავლობაში შენს ტვინში ილექება ფენა-ფენად. ერთ ფენას გადააცლი, მეორე ჩნდება, მეორეს გადააცლი - მესამე, მერე კიდევ ზემოდან ახალი ნანგრევები ემატება და ისე გადის ცხოვრება, რომ ადამიანს თავის აგებულ სამყაროში სუფთა ადგილი აღარ რჩება რომ მშვიდად ჩამოჯდეს და იმაზე მეტზე იფიქროს ვიდრე კუჭის ამოვსებაა და "თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს". დენის მრიცხველივით ტრიალებ ამ შენს სამყაროში და რაც მეტს იხარჯები მით მეტი გადასახადი გიწევს.
რაც არ უნდა ხელები ვიბრაგუნოთ გულზე რომ "პრადვინუტები" ვართ, არაორდინალურები ვართ, ბრბოს აზრის არ გვაინტერესებს, მაინც მთელი ძალით ვებღაუჭებით ამ ჩვენს აგებულ ხუხულებს და გვირჩევნია მთელი ცხოვრება ნაგავი ვზიდოთ იქედან, ვიდრე ჩვენი ხელით დავანგრიოთ ბავშვობიდანვე არასწორ საძირკველზე დასმული კედლები. ეს იმიტომ რომ ზოგადად, ჩემი, ჩემი მშობლების და მათი მშობლების თაობა ისე გაიზარდა რომ იძულებით გვაქციეს მენაგვეებად.
ერთადერთი ხსნა ჩემი და მომდევნო თაობებისთვის აღმოჩნდა ინტერნეტი. ეს ხო უზარმაზარი მატრიცული სამყაროა, სადაც ყველა ჩვენთაგანს ჩვენ-ჩვენი შემოღობილი "მაი სფეისები" გვაქვს და აქ იძულებითი მიჯაჭვულობა და კანონები არ მოქმედებს. აქ ხო ჩვენ თვითონ ვართ ამ შემოღობილი სივრცების გამგებლებიც და ბილეთების დამრიგებელიც და ვაშენებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას რასაც თავზე გვახვევენ. აქ ხო ჩვენ ის ვართ ვინც სინამდვილეში ვართ და არა ის რა წარმოდგენაც შეგვიქნეს ჩვენს თავზე? და აქედან გამომდინარე აქ ხო ბევრად უფრო გულწრფელია იმ ადამიანთა შორის ურთიერთობები, რომელთა ციფრული ტექსტებიც ერთ მშვენიერ დღესაც ერთ წერტილში იკვეთება. მერე ნელ-ნელა ხორცს ასხამენ ერთმანეთის ფანტომებს ანუ ფორმას აძლევენ და შემდეგ შინაარსით ავსებენ, რომელიც შეიძლება უსასრულოც იყოს და სასრულიც. მერე ვხვდებით რომ სწორედ ეს არის ნამდვილი და ჩვენი გულით და გონებით ნაშენი და არა ის - რეალური, რომელსაც ხშირად სხვისი კარნახით და სხვისი გულის მოსაფონად ვაშენებთ, სადაც საბოლოო ჯამში ყველას ვუძებნით ხოლმე ადგილს და ჩვენ მდგმურებივით ვრჩებით. ისედაც და ასედაც რეალური, ისევე როგორც ვირტუალური, ორივე ილუზიაა... უდაბნოში ფეხით სიარულს ჰგავს - მომავალი მირაჟივითაა და წარსული ქვიშით გადაფარული ნაკვალევი.
Sunday, January 25, 2009
Wednesday, January 21, 2009
Tuesday, January 13, 2009
Tuesday, January 6, 2009
შობას გილოცავთ!
შარშანდელი შობის ღამე...ოთახში მარტო ვარ...უფრო სწორედ ორნი ვართ, მე და ჩემი და... მაგრამ შუაში უხილავი ცელია აღმართული...
...ეს ერთი დღეც და დამთავრდება ყველაფერი...დილამდე აქ უნდა ვიყო...
ვუყურებ და კინოფირის კადრებივით მახსენდება ყველაფერი სამშობიაროდან - "როგორც კი ჩახვალ ეგრევე დამირეკე"-მდე...
ნეტა რამდენი ხანი სჭირდება ადამიანის ჭკუიდან შეშლას...ერთი წამი თუ ნელ-ნელა უახლოვდები სიგიჟის ზღვარს...ვინ იცის?!...
ვუყურებ და ვგრძნობ რომ შვებას ვეძებ... საშველს, თან მრცხვენია ამის...
გონებაში რაღაცა დროებით მივიწყებული ამოტივტივდა:
(უნდა დავურეკო "მას"... )
სხვა ოთახში გავედი, ხელი მიკანკალებს...
-"ალო" (ისმის იქედან)
-"შობას გილოცავ" (რა ხმა ამომივიდა არ მახსოვს, მერე მისალოცი ტექსტი, სიტყვები მესმის, რასაც ვამბობ, შინაარსი არა),
-(სიჩუმე იქედან)
პასუხს არ ველოდები და ვთიშავ.
საპასუხო ზარი იმავე წამს:
-"უკაცრავად თქვენი ნომრიდან დაირეკა, არ ისმოდა, ვერ გავიგე რა მითხარით და რომელი ხართ"
(რა უცხო ხმაა და ამავე დროს რა საშინლად ახლობელი)
-"შობას გილოცავ" და ტექსტი იგივე (ეხლა საერთოდ აღარ მესმის რას ვამბობ, ჩემი გულისცემის ხმა მიხშობს)
(პაუზა)..."ნათი შენ ხარ?"
-"ხოო"
-"როგორ ხარ ნათი? (ხმის ვიბრაციას ვგრძნობ)
"-როგორ შეიძლება რომ ვიყო"
"-უნდა გაუძლო ნათი, კარგად უნდა იყო გაიგეე, სდჯსლბდსფლბდირგჯბლსპედიჯგნლსდჯბლსვმნსლკნსლ...(პაუზა)...აუ დიდი მადლობა მოლოცვისთვის მეც გილოცავ და ....(ტექსტი)... (პაუზა)...აუ...აი ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, ისეთი ბედნიერი ვარ მეცხრე ცაზე ვარ ახლა"...(სიტყვები იმდენად არ მესმის რას ამბობს, რამდენადაც ყურმილსიქეთა პულსაციას ვგრძნობ უხილავი რადიოტალღასავით, ჩემი პულსი საერთოდ გაფრინდა)
ნეტა რა ვიბლუყუნე ამის მერე, ალბათ მეც მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე... გავთიშე და დვაშტერდი ტელეფონის ეკრანს...გამეღიმა...გამეღიმა პირველად, ექვსი დღის მანძილზე...
ნეტა რამდენ ხანს გრძელდება ღიმილი...ალბათ "ათი წამი"...
ამ "ათი წამით" დამავიწყდა რომ მეორე ოთახში ჩემი და იყო...
...ვიცინი, ვხარხარებ, ვკისკისებ, ვხითხითებ, ზოგჯერ სულს ვერ ვითქვამ სიცილისგან, ვერთობი, ვმაიმუნობ, მაგრამ დიდი ხანია არ გამიღიმია...
არ გამიღიმია იმ ღიმილით, რომელიც გავიწყებს. რომ ცხოვრება ხშირად ძალიან უმოწყალოა.
არასოდეს მოგშლოდეთ ღიმილი სახიდან, ღიმილი რომელიც დაგავიწყებთ რომ ცუდიც არსებობს...
ვერავის ტკივილს ვერ გაზომავ, ყველას თავისი წილი ჯვრის წონა აწუხებს, მაგრამ წვრილმანებით თავის "დაგრუზვა" არ ღირს. ხშირად გაიღიმეთ, თუნდაც ცალყბად და მერე ჩვევაში გადაგეზრდებათ.
ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას! მრავალს დაესწარით და ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ!
Saturday, January 3, 2009
Fabian Perez







ამ არგენტინელი მხატვრის შესახებ ეხლა გავიგე. რომ ვთქვა რომ დიდად ვერკვევი მხატვრობაში, მოვიტყუები. კულტურისა და ხელოვნების სფეროში ერთადერთი დარგია რომელშიც ვიჭედები. მიუხედავად ამისა ეს მხატვარი მომეწონა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ კარგად გრძნობს ქალს და მის ემოციებს. ამ ნახატებშიც თითქოს ცოცხლდება სხვადასხვა ემოციები.
Friday, January 2, 2009
ახალი წელიც მოსულა და მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნაა!
ბოლო რამოდენიმე თვეა ცოტა ამოვისუნთქე - ჩემი კენტავრი მაძლევს ამის ძალას. რაც არ უნდა დავაჯერო საკუთარი თავი რომ ძლიერი ვარ, მარტო მაინც ვერ ვქაჩავ. "გრუზების" და სიხარულების "შეარჰოლდერი" მჭირდება ხოლმე ყოველთვის. "გრუზები" ალბათ უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ არ მიყვარს საკუთარი ტვირთის სხვისი მხრებით თრევა, ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ვგრძნობ რომ ვიქცევი.
ყოველთვის ძალიან მალე და ბრმად ვენდობი ხოლმე ადამიანებს. მერე მოხდა ისე, რომ ეს ნდობა საპნის ბუშტივით გასკდა და ეს იყო ჩემი ამ წლის ერთ-ერთი მთავარი დანაკარგი, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა უნდობლობის ხანა, რადგან ნდობის ადგილას ბოღმა ამოდის ხოლმე და ამან ვერაფრით გაიდგა ფესვები ჩემს გულში. ისევ ვენდობი ადამიანებს და ესეც ჩემი კენტავრის დამსახურებაა. . .
კიდე რა მასწავლა ამ წელმა?! უფრო სწორედ მასწავლა კი არა, "გამეორება ცოდნის დედააო" - ის რომ ადამიანს არ უნდა უსაყვედურო არაფერზე, თუ რაღაც ვერ მოდის შენამდე მისი საქციელი ან რამე თვისება, იმას ან უნდა შეეგუო საკუთარი თავის დათმობის ხარჯზე ან კიდე უნდა წახვიდე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რადგან აზრი არ აქვს - ადამიანები არ იცვლებიან, სამაგიეროდ ამ საყვედურ-საყვედურებში ხასიათი უმყრალდებათ და კიდევ უფრო მეტ საბაბს იძლევიან სასაყვედუროდ. ეს ერთი და მეორე - ადმიანისგან არ უნდა მოითხოვო იმაზე მეტი, ვიდრე ეს მასშია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს ადამიანი ახლობელია თუ უბრალო ნაცნობი. ეს თუ ბოლომდე გაიაზრე, ძალიან მარტივი და უპრობლემო გახდება ურთიერთობები. ისე სათქმელად ადვილია, მაგრამ აქ მთავარი "მაგრამ" არსებობს და ეს "მაგრამ" არის ის რომ ადამიანი ისეა მოწყობილი, ყველა თავისნაირი ან თავის თარგზე გამოჭრილი ჰგონია და შესაბამისად იმას ითხოვს ხოლმე, რაც თავის თარგს მოერგება. ამას თუ მოერიე, მაშინ ზემოხსენებული რჩევა ადვილი გასააზრებელია, ისეთივე ადვილი გასააზრებელი, როგორც ის რომ როცა ძაღლი გიყეფს ან გიღრენს, კბენა-ღრენა კი არ უნდა აუკრძალო, არამედ უნდა გაეცალო, მერე ნაკბენები რომ არ იშუშო... ან ღორი რომ გაგორდება ტალახში, უზრდელი და ბინძური კი არ უნდა უძახო, უნდა გაერიდო რომ შხეფები არ მოგესხას.
კიდევ ამ წელს ცოტა შემერყა ჩემს გონებაში გამჯდარი ის აზრი, რომ ადამიანები არ მაოცებენ. . .
რამდენიმე დღის წინ ტარკოვსკის "სოლარისი" ვნახე, რატომღაც სულ გადავდებდი ხოლმე ამ ფილმის ნახვას, როგორც იქნა ჩავუჯექი. ისიც იმიტომ რომ..... მითხრა არ გაინტერესებს საიდან ვარ მოსულიო?.....მივხვდი საიდანაც ხარ მოსული....იმ თანავარსკვლავედიდან ხარ, სადაც შენი გრძნობების და ფიქრების მატერიალიზაციას ახერხებ და ვისაც აირჩევ შენს ფიქრებში, იმასვე გრძნობ და შენს გამატერიალიზებულ ფიქრებსაც და გრძნობებსაც როგორც გინდა ისე მართავ, რა სიღრმესა და სიდიდესაც გინდა იმას ანიჭებ, შენი რჩეული მხოლოდ მოგყვება ზომებში.
დამაფიქრა ამ ფილმმა... იქნება და მართლა მატრიცაში ვცხოვრობთ და სადღაცმყოფი ჩვენი ორიგინალების გამატერიალიზებული ცოცხალი ასლები ვართ ან სხვისი გონების გამატერიალიზებული ნაყოფი და რამდენი ადამიანის გონებაშიც შეიძლება ვიყოთ, იმდენი ჩვენი ასლი არსებობდეს და ისეთ ცხოვრებას ეწეოდეს თითეული ჩვენი ასლი, რასაც ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ანუ სხვისი გონება გვკარნახობს.?!
თუ ეს ასეა მაშინ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი იშლება ....მაგრამ მაშინ სად ვცხოვრობთ?! ....ზუსტადაც რომ ამ სიკვდილ-სიცოცხლის არარსებულ საზღვარზე... სიცოცხლის ნებისმიერი მომდევნო წამი ხო ამ საზღვრის დარაჯია.?! ...
…დღეს ჩემი დის გარდაცვალების წლისთავია...არადა ამ დარაჯს რომ ყურადღება არ მოედუნებინა, მისი გაბედნიერების წლისთავი იქნებოდა...
ვერ მოვედი შენთან ლიკ...ავად ვარ და იმიტომ..თან ეს დღე ჩემთვის არ არსებობს...ამოვაგდე გონებიდან... ისევ ისე მირჩევნია თავი დავაჯერო, რომ ერთი კვირაა არ მოსულხარ ჩემთან და კვირის ბოლოს ეს ერთი კვირა ისევ თავიდან დაიწყება...
P.S. ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს და 365 ლამაზ და საინტერესო დღეს გისურვებთ! ! !
Sunday, December 28, 2008
Iklimler (Les climats)

დღეს ვნახე ეს თურქული ფილმი და მომეწონა. სცენარიც კარგია და მსახიობებიც კარგად თამაშობენ. Nuri Bilge Ceylan -რეჟისორის ამპლუაშიც გაასწორა და მსახიობისაც. მოკლედ ფილმი არის უთავბოლო კაცზე, რომელსაც ვერ გაუგია რა უნდა ცხოვრებისგან.
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=4509&order=1.1&search=Iklimler
Sunday, December 21, 2008
Monday, November 17, 2008
33-ე ნაბიჯი ანუ Happy birthday to me!
წელს პირველად არ აწკრიალებულა "გილოცავ ნაა" ღამის თორმეტ საათზე (ვერავინ დაგასწრებდა) და არც მინდა საერთოდ ეს სიტყვა გავიგო დღეს ტელეფონის ყურმილში. . .
ნახევარი ლიტრა რქაწითელი მაცვია და უკიდეგანოდ “ამაყი” ვარ. “გათენებას მაინც დააცადეო". გათენებას თუ დავაცადე კი დავტყდები სახლიდან "კუდა გლაზა გლიაძიატ". . .დიდი სიამოვნებით" ამოვიდოდი შენთან, მაგრამ დროში ვერ ჩავეტევი... აქ მაინც იყო!
33-ე ნაბიჯი გადავდგი "ფინალისკენ". ნეტა როგორ იწერება ეს "ფინალი" წერტილით თუ სამი წერტილით?! რა ბედნიერია ის, ვისაც ეჭვსშეუტანლად სწამს, რომ ეს სამი წერტილი მართლა არსებობს . . .
ვინ მოთვლის რამდენი მძიმე, ძახილის თუ კითხვის ნიშანი და პატარ-პატარა წერტილები გადამყრია ან გადამეყრება ბოლო (სამ) წერტილამდე.?! თან რაც უფრო მეტ ნაბიჯს ვდგამ, მით უფრო მუქდება და მძიმდება ეს სასვენი ნიშნები. ერთი ეგაა, რომ რაც უფრო მუქდება და მძიმდება მით ნაკლებად მძაფრად ვრეაგირებ. ესეც ალბათ "უფასოდ" მკურნალმა დრომ მოიტანა.
ჰოო... რაღაცნაირი ასაკია... აი ისეთი - ოპტიმისტს, იპოქონდრიკს და ნიჰილისტს ერთნაირი აზრი რომ გაუჩნდებათ, ერთი ამდენი კიდევ დამრჩაო. უკიდურესობების ასაკი - "ჯვარზე გაკვრის და შეწყალების". იმედს ვიტოვებ რომ ყველა უკიდურესობა მოვილიე უკვე...
"ხაპინეს"
კაცმა რომ თქვას რაში მჭირდებოდა ან "ხორცი" ან "თხა და გიგო" თუ ქრონიკულ შაკიკს დამმართებდა, არ ჯობდა პერეკისით გაბლონდინებული, წითელღაწვება "სახლიგავმართე,გოგოკარქბედშიჩავაგდე,ბიჭიკაისამსახურში მოვაწყე,ამშემოდგომაზეცოლსმოვუყვან" ნელიკო ვყოფილიყავი და აუტკივებელი თავით ბითუმად ჩამებარებინა ატამი ზაფხულობით, ვაშლი ზამთრობით და ყოველ საღამოს პუერტორიკოელი დონ ხოსე მარია ბუონავენტურასა და პლებეი პანჩიტა გომესის უიმედო სიყვარულით გულგასიებულს, შეშის ღუმელისთვის მიმეფიცხებინა ათქვირებული გვერდები, მერე პატიოსნად და და უპრეტენზიოდ შემესრულებინა ცოლის მოვალეობა და დილიდანვე ისევ ატამზე ფიქრით დამეწყო დღე?!
სამაგიეროდ ნელიკოს თვალებში შუქი არასოდეს მინახავს ჩამქრალი. ნელიკო ხანდახან თვალებს მჭრის ეს შუქი და მშურს შენი დედას გეფიცები. . .
"მე"
. . . ცოტა ხნის წინ წინ სარკეში ისეთი ინტერესით ჩავიხედე, თითქოს სხვა რამეს დავინახავდი ისეთს, რაც წინა დღეს არ მენახა. . .რა ტეხავს რომ იქედან ისევ 16 წლის "რაგავაფუჭო" თვალები უმზერს 33 წლის რეალობას. . . მერე რამდენ "რაგავაფუჭოს" იტევს.
ამბობენ ადამიანს ზოგადად სამი ხასიათი აქვსო: ერთი რომელიც თვითონ ჰგონია, მეორე რომელიც სხვებს ჰგონიათ და მესამე რომელიც სინამდვილეში აქვს. ვინ რას ფიქრობს ჩემზე, ნაკლებად მაინტერესებს, ენას ძვალი არ აქვსო და ფიქრებს მითუმეტეს. ასე რომ, ზოგს რიბა ვგონივარ, ზოგს მიასა და ზოგსაც ნე რიბა ნე მიასა. სინამდვილეში კი, როგორც არ უნდა გავიზარდო, რა გარემოშიც და რა ტყავშიც არ უნდა ვიყო გახვეული, გინდა სკიპტრა მეჭიროს ხელში, გინდა ცხრა ნომერი თოხი და გინდაც ბატის ფრთა, სულით მაინც მაწანწალა ბოშა ვარ, რომელიც ვერც ერთ ტაბორში ვერ ეტევა და ასეთივე დარჩება ბოლომდე.
კონკრეტულ მომენტში რამდენნაირ ხასიათზე შეიძლება იყოს ადამიანი? - კარგი, ამაღლებული, ცუდი, მყრალი, ამაზრზენი, გაბრაზებული, მოწყენილი და ა.შ… ვერც ერთ "ფართოდ გავრცელებულ" ხასიათს ვერ ვერგები დღეს. "არარაობის" ხასიათზე ვარ, აი დაახლოებით ისეთი მტერი და მოყვარე რომ სულ ერთია შენთვის.
"მიყვარს"
რამდენი ადამიანიცაა, იმდენივე შინაარსისა და ფორმის "მიყვარს" არსებობს: ზოგი თავისთავს პოულობს მასში, ზოგი თავისთავს კარგავს მასში, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა, ზოგისთვის შახსეი-ვახსეი, ზოგისთვის სიცარიელის შევსება, ზოგისთვის უანგაროდ გაცემული სიკეთე, ზოგისთვის ხელისმოთბობის საშუალება . . აზარტი. . . თავის მოტუება. . . მარტოობის შიშის მკურნალი. . . პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება. . . თავის შეცოდების მეთოდი . . . უწყინარი გართობა.... აკვიატება....ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზა... ვალდებულება და ა.შ.
ჩემთვის "მიყვარს" სხვა რაღაცაა, რომელიც არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში არ ჯდება ესე ცალსახად. ვაზს რამდენი მოვლა და მოფერება უნდა რომ ღვინოდ იქცეს: დარგვა, დაბარვა, მორწყვა, გასხვლა, შეწამვლა, შეფურჩქვა, ყინვა არ უნდა მოხვდეს და სეტყვა. დრო რომ მოვა, დაიკრიფოს, დაიჭყლიტოს, დაიქაჯოს. მერე წვენი უნდა დამაჭრდეს, მაჭარი დადუღდეს და დაღვინდეს. მერე ღვინო უნდა გადაიღო -გადმოიღო მანამ, სანამ ბოლომდე არ მოსცილდება ლექი და ბოლოს გაიფილტროს. მერე სულ სავსე უნდა ინახო, რომ არ დაძმარდეს. აი ზუსტად ეს გაფილტრული ღვინოა ჩემთვის "მიყვარს" და არასოდეს დამძმარებია გულში ეს ღვინო, თუ თავსახური არ მომხადეს.
"საზამთრო"
სხვა მხრივ გამოუსწორებელი იდიოტი ვარ. ის კი ვიცი, რომ ტყემლის ხისგან სალამურიც შეიძლება გამოითალოს და კბილების საჩიჩქნიც, მაგრამ ის ვერ შევიგნე, რომ ტყემალი ვერაფრით მოისხამს საზამთროს. აი მე კი დაჟინებით ვეძებ ხოლმე საზამთროს ტყემლის ხეზე და რაც მთავარი "ვპოულობ" კიდეც. ჰოდა პრობლემაც იმაშია რომ მე კი ვიცი რომ საზამთროა, მაგრამ ტყემალმა იცის?!. მძიმეა და ვერ ჰქაჩავს საზამთროს იარლიყს, რა ჰქნას! მართალია ორივე მწვანე ფერისაა, მაგრამ რა მისი ბრალია, რომ გაადიდეს, გარედან მოხატეს, გული გაუწითლეს და დაატკბეს?! (რატომ მაინცდამაინც საზამთრო? იმიტომ რომ საზამთროზე მრავალფეროვანი "ჭამადი ნიმუში" არ არსებობს: მწვანეს მთელი პალიტრა, თეთრი, ყვითელი, წითელი, ყავისფერი, შავი) ჰოდა რომ წამოვწვები ხოლმე ამ ტყემლის ქვეშ და ოდნავ ამოქროლილი ნაზი სიო ამ ჩემს წარმოსხვით საზამთროს თავზე დამაბრეხვებს, მერე მეცინება ჩემს თავზე, მაგრამ იმიტომ კი არა რომ იდიოტი ვარ, იმიტომ რომ მირჩევნია ისევ წარმოსახვითი საზამთროს ხის ჩრდილში ვიწვე, ვიდრე ტყემლის ხეზე ტყემალი ვჭამო და კბილები მომჭრას. . .
"უსაგნო მოლოდინი"
ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს ეს დღე. უბრალოდ, ყოველთვის რაღაცას ველი ხოლმე, მგონია რომ რაღაც უნდა მოხდეს, მაგრამ არ ვიცი რა და რა თქმა უნდა არაფერიც არ ხდება, რადგან რაც არ იცი რას ელი, რა უნდა მოხდეს.
მხოლოდ ერთხელ იყო როცა მე გამოვიწვიე ეს "რაღაც". მოვკიდე ხელი რამოდენიმე ერთ ტალღაზე მომუშავე ადამიანს და ჩემს დაბადების დღეს შევხვდით მატარებლის კუპეში. დილით ზღვის ჰაერი შევისუნთქეთ და უკან გამოვბრუნდით თბილისში. ეს იმ დღის ფორმა და შინაარს რაც შეეხება ეს ცალკე თემაა.
"წარსული, აწმყო, მომავალი"
ბევრჯერ გამიგია, რომ ამბობენ, ნეტა უკან დამაბრუნა და ბევრ რამეს შევცვლიდიო. არსადაც არ მინდა დაბრუნება, იმიტომ რომ ჩემს გაზრდილ ფეხებს ვერც ერთ ჩემს დატოვებულ ნაფეხურში ვერ ჩავსტევ. ეგ ერთი და მეორეც, მიუხედავად ფეხის ზომისა დარწმუნებული ვარ ზუსტად იმ ადგილას გადამიბრუნდება ფეხი სადაც ადრე, ისევ იქ დამიჭერს კაკანათი, ისევ უადგილო ადგილას ან უდროო დროს ან უფრო უარესი სხვის ბუდეში ავმღერდები, ისევ მრავალგზის მომიწევს უ%რაკო ატჩაინური ფრაზების მოსმენა და "ჩემს ჭიშკართან დაბმული მზეების" აშვება და ა.შ. . . და ისედაც ერთი და იგივე ადგილას ან მარტოობის შიშით დაზაფრულები ბრუნდებიან ან თავგზააბნეულები. არც გაწყვეტილის გადაბმას აქვს აზრი და არც არასოდეს გადამიბამს, იმიტომ რომ გადაბმის ადგილას კვანძი მაინც რჩება და არავინ იცის როდის გიმტყუნებს, მით უმეტეს ურთიერთობის მეგობრულ რეჟიმში გადატანაა ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება მდედრმამრმა მოიგონოს როცა მიზიდულობის ძაფი გაწყვეტილია ან სხვა მიზეზის გამო. "მეგობრებად დავრჩეთ" ამაზე ყალბი ფრაზა არ არსებობს ურთიერთობის ლექსიკონში და ვინც ამას ახერხებს ერთი მხარე ყოველთვის თავს იტყუებს და მეორე კაიტიპ(შ)ობს. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ყურით არ მომისმენია.
თუ მაინცდამაინც დაბრუნებაზე მიდგა საქმე ჩემი ცხოვრების ფირს ოცდაცამეტჯერ გადავახვევდი უკან და დედაჩემის წიაღში დავბრუნდებოდი ისე, რომ ან საერთოდ არ გამოვიდოდი ან მაშინ გამოვიდოდი, როცა არც დროს გავუსწრებდი წინ და არც უკან ჩამოვრჩებოდი.
ისე რა ცუდია, რომ პასუხები აწმყოში არ არსებობს, უფრო სწორედ აწმყოშივე დასმულ კითხვებზე არ არსებობს პასუხები აწმყოში. პასუხები ყოველთვის იმ დროშია რაც არ დამდგარა. წარსულს აწმყო სცემს პასუხს და აწმყოს მომვალი. და საერთოდ დროის ამგვარი დაყოფაც ერთი დიდი თავის მოტუებაა, რადგან ზოგი მთელი ცხოვრება წარსულით ცხოვრობს, ზოგი Carpe diem-ით და ზოგიც მომავლის ნათელ ოცნებებში დაფრინავს და ცოცხალი თავით ვერ ჩამოაგდებ იქედან. ბრალი მისი ვინც ვერც ერთ დროში ვერ ეტევა და ან ყოველთვის წინ უსწრებს ან ყოველთვის ჩამორჩება.
"ინსტიქტი რომლის წინ არაფერი დგას"
დილით რომ სახეზე ბუთქუნა ხელების დაწყობას ვგრძნობ და მერე ძილბურანში ჩამესმის: "გაიღიძეე, ნიFიFა, ნუმუFა და ნიFაFა უდააა" და თუ ყურადღება არ მივაქციე აფერისტს "დედიკუნაა ცეთან მოდი გაკოცო უდა" , მოდი და ნუ გაგიხარდება რომ თენდება. ამ წუთების ფასად არაფერი მიღირს ცხოვრებაში. სხვა ყველაფერი მოძრაობაშია - რაც მიდის, ის მოდის, რაც მოდის, ის მიდის. ადამიანები ქვიშის საათს ვგავართ - რისგანაც ვივსებით, იმისგან ვიცლებით და რისგანაც ვიცლებით, იმისგან ვივსებით. მართალია ამის გამო დრო და დრო პედესტალი მეცლება ხოლმე ("სიმძიმეს" ვერ უძლებს ალბათ და ტყდება) და სანამ ახალს ავიშენებ მანამდე ცოტა ვიჭედები ხოლმე ცასა და მიწას შორის, მაგრამ იქამდე არა რომ ქუსლები გამიცვდეს.
"...სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა....."
ამას წინათ ერთი ღვთისგან მივიწყებული ფოსტა გავხსენი. წელიწადში ერთხელ თუ გამახსენდა ვამოწმებ ხოლმე. უცხო მისამართიდან ერთი მესიჯი შევნიშნე, ისიც იმიტომ რომ სათაური ქართულად ეწერა, თორემ წაუკითხავად გაიტრეშებოდა. გავხსენი და ერთადერთი წინადადება დამხვდა: "ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ მოხვედი და საკმარისი იქნება" გავშტერდი, მერე გამოგზავნის თარიღს შევხედე და უცებ ზედაპირზე ამოძვრა: "რაც არ უნდა მოხდეს, ათი წლის მერე სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ამ რიცხვში, ამ საათზე ამ ადგილას . . . " სიცილი ამიტყდა. თარიღი რომელიც მთელი ათი წელი ყელში ადამის ვაშლივით მქონდა გაჩხერილი, ისე გაპარულიყო, რომ არც გამხსენებია, არადა იქედან აქამდე რამხელა მეჩვენებოდა ეს მანძილი, მეთქი რა გალევს ათ წელს თქო და აქედან იქამდე კიდე უბრალოდ ერთი უკან გახედვის მანძილი აღმოჩნდა, რომლის მიღმაც მხოლოდ ბავშვურად სუფთა საოცარი თვალები დარჩა . . . კალენდარზეც კი ვერ შევამჩნიე. . . რომ ვთქვა გული დამწყდა თქო ჩემი გულმავიწყობის გამო, მოვიტყუები. რაც არ ხდება, არც უნდა მოხდეს. რაც ხდება კიდე იმას ვერსად გავექცევით. ეს ერთი და მეორეც - რომც გამხსენებოდა, არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ვერანაირი წარსულის აჩრდილი ვერ გაიძულებს წასვლას, თუ ეს არ გინდა . . .
პრე ისტორია (ლირიული ჩანართი)
-იცი, წელს რომ მიხარია ეს დღე, ისე არასოდეს. განსაკუთრებული განცდით ველოდები როდის მოვა.
-ბოდიში მომითხოვია უხერხულ კითხვაზე, მაგრამ რამდენი წლის ხდები შე ბებერო, რა გიხარია?-მკითხა დამახასიათებელი, საყვარელი და ეშმაკური ნახევრად მოჭუტული თვალებით.
-ოცდაორის, შე არანაკლებ ბებერო.
-აუ ნათ იცი რა მაგარი რაღაც მაქვს შენთვის, აი შენ რომ ძალიან გაგიხარდება ისეთი, წუთებს ვითვლი როდის მოვა ეგ დღე, დილით ადრე ჟინვალ ჰესს გადავხედოთ ჩვენი ადგილიდან და მერე ერთ მაგარ ადგილს მივაგენი, არ არის ჯერ გაბაზრებული, იქ მინდა წაგიყვანო, რაც მთავარია როიალი დგას.
-ეეჰ რა მუღამი აქვს წინასწარ რატო მეუბნები!
-ჰო იცი ვერ ვითმენ ხოლმე რომ არ გითხრა, როცა რაღაც მიხარია.
-კაი ვითომ არ გითქვამს-ვუთხარი, გული რაღაცა უცნაურად მომეწკურა და გავჩუმდი.
-ნათ, ხო იცი რომ უმნიშვნელო ემოციასაც გატყობ სახეზე და რა იყო?
-იცი რატომღაც სულ ისე ხდებოდა. რომ მაინცდამაინც ზუსტად "ამ დღეს" არასოდეს ყოფილა ჩემთან ის, ვინც ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო - ვუპასუხე.
-და ეხლა ვინ გინდა რომ იყოს?-მკითხა ვითომ გულუბრყვილოდ.
-ვაი შენს პატრონს! თვალების მოჭუტვა დაგავიწყდა - გამეცინა.
-ჰოდა რა პრობლემაა, არა მგონია მანამდე დავიბრიდო- მითხრა და ცოტა ხნის მერე დაამატა:
- აუ ნათ ნეტა რანაირი იქნები ათი წლის მერე?!
- იმედია ნაოჭები და ცელულიტები არ გამიჩნდება და დარჩენილი სიბრძნის კბილებიც ამომივა, ალბათ სტაჟიორობიდან ატაშემდე მივაღწევ და თანამდებობისთვის შესაფერის იერსახეს ავიწებებ.
-შესაფერის იერსახეს? ეგეთს ზედ არ შემოგხედავ.
-და ვინ გითხრა რომ უნდა შემომხედო, ათი წლის მერე ჩემთან რა გინდა შენ ? -"ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, ნახევარი სიმართლე რომ არ ერიოს" ღიმილით ვუპასუხე.
-რა ბოღმა ხარ, წინასწარ რატო იძახი იმას რაც არ იცი?
-რეალობას გაუსწორე თვალი და მიხვდები რატომაც. არაფერი შეიცვლება.
-მაინცდამაინც მტკივნეულ ადგილზე უნდა დამაბიჯო ხო ფეხი?
-არ გაბიჯებ, უბრალოდ აქედანვე ვეგუები.
-მე შენ არასოდეს დამავიწყდები ნათ, რა უნდა მოხდეს რომ დამავიწყდე.
-აი ხო ხედავ, მაგ ფრაზაშივე ჩანს შენი პესიმიზმი და საერთოდ მეზიზღება ეგ ფრაზა. კი აბა რაა! მთავარია რომ შენ მე არასოდეს დაგავიწყდები! რაღა მიჭირს, ეგ არის თურმე ყველაფერი!
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი!
-არც მე!
...ნათ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის და როგორც არ უნდა დამთავრდეს, ერთი რაღაცა მინდა გთხოვო. ათი წლის მერე შენ რომ 32 წლის იქნები და მე 34-ის "ამ" რიცხვში "ამ" საათზე "ამ" ადგილას მოვალ და დაგელოდები, მოხვალ ნათ?
-მოვალ!
-სადაც არ უნდა ვიყოთ, თუნდაც სხვა ქვეყანაში, ამ დღეს მაინც ჩამოვალთ კარგი?
-კარგი! ხო არის ეხლა ოთხმოცდათვრამეტი წლის "---" "------------""--- : ---" საათი. ჰოდა ამ წუთიდან წამზომი ჩაირთო.
- აუ რა შორს არის ეგ თარიღი არაა?
-გააჩნია რა ცხოვრება გვექნება, შეიძლება ისე იცხოვრო, რომ დრო ვერც შეამჩნიო, ისე შემოგადნეს ხელებში ან ისე რომ ყოველ დღე დაღამებამდე ითვლიდე წუთებს და ღამით გათენებამდე...
მოვედით... გადავედი ეხლა... დღეს აქ დავრჩები დეიდაჩემთან, რაღაც არ მესახლება-ვთქვი და ისე გადავედი თან ფეხები უკან მრჩებოდა.
-ნათ!
-ჰოუ!
-ოც-დაა-თორ-მე-ტიი ! - დამარცვლა და ისევ საყვარლად მოჭუტა თვალები.
-კარგი რა კაცო მაცოცხლე იქამდე!
-კაი ხოო კაი, რა იყო!- წაიბუზღუნა
-აბა დროებით, რომ მივალ დაგირეკავ ნათ!
-კარგი და სახლში რომ მიხვალ ეგრევე მიიყარე წამლები და დაწექი, არანორმალური ხარ მაგარი, არ უნდა გამოსულიყავი დღეს…
დიალოგი კი არა, რას უკრავდა პლეიერი ისიც კი მახსოვს - ქუინის "ჰუ ვონთს თუ ლივ ფორევას" პიანინოს ვერსია გადმოვიყოლე თან…
არ დაგირეკავს...
სამი დღის მერე გიჟივით დაგეძებდი საავადმყოფოებში. პავლოვზე მოგაგენი. მერე აუტანელი წამები, წუთები, საათები, დღეები, კვირები და თვეები საშინელ თეთრ კედლებში. სულ სამჯერ გნახე მაგ კედლებში: პირველად, როცა მიგიყვანეს ის დღე, რეანიმაციაში რომ შემოვვარდი გიჟივით, მორიგე ექიმთან "გამიშვი-გამატარეს" შემდეგ და რომ მითხარი, ხომ არ გაგიჟდი რატომ შემოხვედი, რა იცი რა მჭირსო. გულში გამეცინა.. რატომღაც რომ შემშინებოდა... მეორედ ის დღე, როცა შემოვედი და უკაცრავად ვერ გიცანით ვინ ხართო, რომ მკითხე. გიპასუხე შენი თანამშ....სიტყვა შუაზე გამიწყდა და რამოდენიმე წუთიანი დაკვირვების მერე ისევ მკითხე რა გქვიათო. აი მაშინ გამომეცალა მიწა ფეხქვეშ და მიწასთან ერთად "რა უნდა მოხდეს რომ მე შენ დამავიწყდე"
როგორ მეზიზღება ეს ფრაზა და როგორ ყოველთვის მთარსავდა.
ამ ფეხქვეშ მიწაგამოცლის დღიდან ორ კვირაში 22-ის გავხდი და "რატომღაც" ამ დღესაც ისევ ისე მოხდა, რომ ის არ იყო ჩემთან, ვინც ყველაზე ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო.
მერე სამი თვე გავიდა და მესამედ მაშინ გნახე...მიცანი... რამოდენიმე წუთი ვიჯექით ჩუმად და მერე მითხარი:
-აღარ მოხვიდე ნათ, ფეხზე წამოვდგები და კარგადაც გავხდები, მაგრამ ჩემი საქმე დამთავრებულია...თავს მიხედე...ოღონდ არ იტირო რაა გეხვეწები...
არ ვიტირე... სულაც არ მიტირია....კი...
აღარ მივსულვარ...
სულ რამოდენიმე ხნის წინ კალენდარზე შეუმჩნევლად ჩამიარა იმ "ოც-დაა-თორ-მეტ-მა" და შენი ნახევრად მოჭუტული ეშმაკური თვალებიც თან გაიყოლა...წერტილი.
"რეალური ვირტუალობა თუ ვირტუალური რეალობა"
ამაზე მე ბევრს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთ "ჰაი ტეკ" ფორუმელს დავესესხები ნათქვამს :
"... ზოგჯერ რეალური ცხოვრება გაცილებით ვირტუალურია და ვირტუალური - გაცილებით რეალური...
ჩვენ მხოლოდ ერთი საკუთარი რეალობა გვაქვს და ეს რეალობა არის ის და იქ, რაზეც და სადაც გული გვიცემს....დანარჩენი რეალობა წუთისოფელია, საზრუნავებია, ცხოვრებისეული ეტიკეტებია,...რამეა!.....რა თქმა უნდა ამას ვერსად გაექცევი და მე რომ მკითხო, არცაა გაქცევა საჭირო, რადგან ის მაინც ყოველთვის ძირს დაგანარცხებს!........ერთადერთი გამოსავალია - ამ დიდ მოსაწყენ რეალობაში, მუდმივად შენი რეალობა უნდა აკეთო....მაგ.: ესტუმრო თუნდაც იმ ქოხს, რომელიც შეიძლება არც კი არსებობს, მოეხვიო იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად სხვა წერტილშია..და. გინდაც მასთან შეხვედრას მთელი ცხოვრება გაშორებდეს.......ჭეშმარიტი შეხვედრა ხომ მანამდე ხდება, ვიდრე შევხვდებით...?! …”
თუ ცოტა მიწიდან შევხედავთ, ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან: ნებისმიერი ის ფორუმელი, რომელიც იმ ჩარჩოებში ჯდება, რის გამოც მიყვარs და პატივს ვცემ ადამიანს, მიუხედავად იმისა რომ არასოდეს მინახავს და არც ხმა გამიგია მათი, ბევრად უფრო ახლობელია ჩემთვის და ბევრად უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე ჩემს კარის მეზობლებს, რომელსაც ყოველდღე ვხედავ და კეთილმეზობლური ურთიერთობა მაქვს.
"ალოგიკური რეალობა თუ ირეალური ლოგიკურობა"
ადრე მჯეროდა, რომ რასაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ თქო, მაგრამ ეს მხოლოდ ლოგიკაა და რეალობა სხვა. ზოგი სართულებიანი სუფრის თავში ზის, ზოგი ნასუფრალზე და ზოგიც სუფრის ბოლოში მათხოვრობს, მოდი და გაიგე სინამდვილეში ვისი ადგილი სადაა. ხშირად, ის ვინც სუფრის თავში ზის, იმავე სუფრაზევე ისაქმებს ხოლმე საიდანაც ჭამს და ეს ასორტი დანარჩენ იმ ორ კატეგორიას ხვდება და ყველა კმაყოფილია იქამდე, სანამ ამ ბოლო ორს არ გაუჩნდება გადაადგილების სურვილი. აი მერე იწყება თავდავიწყება და "ათი მცნების" დავიწყება. პრინციპში ისევ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ვინც რას იმსახურებს ის ერგება, მაგრამ ამასთან ერთად ისე ხდება, რომ ფორტუნა კარგ ადამიანებს მიკროსკოპით უყურებს და სულგაციებულებს ტელესკოპით. ვერაფრით ვხვდები რატომ არ ეპატიება ადამიანს ბედნიერება. საკმარისია გაიფიქრო, ღმერთო არ ბედნიერი ვარ, რომ ადრე თუ გვიან ან მგელი შეგჭამს ან მგლისფერი ცხვარი. მაგრამ ეს ყველაფერი აღარ მაწუხებს, მხოლოდ მეცინება, განსაკუთრებით იმ ადამიანების გულუბრყვილობაზე, ვისაც სჯერა რომ ღმერთი გამოცდებს უწყობს ადამიანს. არავინ არავის არაფერს არ უწყობს. ღმერთმა როცა "ადამი და ევა ჩამოსვა დედამიწაზე" თან მოაძახა კინჩხი და კისერი გიტეხიათო. მას მერე არავის ცხოვრებაში არ ერევა არც კარგად და არც ცუდად. ღმერთმა ორი რაღაცა მისცა ადამიანს, როცა შეჰქმნა: სხეული და აზროვნება, თან დაუბარა, ეგ აზროვნება მაგ სხეულს არ გადააყოლოთო და დანარჩენი თქვენ იცითო. რაც დღემდე დედამიწაზე ხდება, ეს ყველაფერი იმას მოწმობს ადამიანმა უკუღმა გაიგო ეს დანაბარები. სადღაც ღრმა შიდა ფენებში დეისტი ვარ და ალბათ ასეთივე დავრჩები ბოლომდე. თუმცა ძალიან მინდა კეთილი და კაცთმოყვარე ღმერთის მწამდეს, იმ ღმერთის მინდა მწამდეს, რომელმაც "ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად" და არა უბრალოდ დემიურგის რომელმაც შეჰქმნა სიცოცხლე დედამიწაზე და მერე ხელი ჩაიქნია მასზე.
ზოგჯერ ის რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, თუმცა თითო მდოგვის მარცვალი ანუ ჭეშმარიტების გასაღები ყველა ადამიანშია, მაგრამ ის მთავარი ბოქლომი, რასაც ეს გასაღები ერგება, კაცმა არ იცის სად არის, რადგან ჭეშმარიტება ჭეშმარიტების მიღმაა.
"ცხოვრება"
“ცხონებულმა" აკუტაგავამ თქვა ადამიანის ცხოვრება ასანთის კოლოფს ჰგავს, სასაცილოა სერიოზულად უყურო და საშიში არასერიოზულადო. ნეტა თვითონ როგორ უყურებდა როცა "დიალოგს წყვიადში" ქმნიდა ან მაშინ როგორ უყურებდა, როცა უკანაკსნელი ასანთის ღერი გაჰკრა... ვინ იცის?!
რა ვიცი... მთავარია ერთ ჯიბეში ასანთი რომ გიდევს, მეორეთი დენთის კასრი არ ატარო. აი მე კიდე ორივე ერთ ჯიბეში მიდევს ხოლმე და თან ფეხის წვერებზე დავდივარ. ასე რომ მეც უტ%აკო გამტ%აკებელი ვარ.
"შიში"
მთელი ცხოვრება შიში დამყვება თანამგზავრად. სულ მუდამ რაღაცის მეშინია. ბავშვობაში ბებიაჩემის ავად გახდომის მეშინოდა. ის რომ ავად ხდებოდა აღარაფერი მიხაროდა, სკოლასაც ვაცდენდი და მის საწოლთან ვიჯექი მანამ, სანამ კარგად არ გახდებოდა. სულ მეშინოდა იმ დღის როცა აღარ იქნებოდა. რაღაცნაირად ეს შიში ბავშვობის სიხალისეს მინეიტრალებდა. მერე ეს შიში ოჯახის სხვა წევრებზე გადავიტანე, განსაკუთრებით ჩემს დებზე: "სად მიდიხართ, როდის მოხვალთ, არ დაიგვიანოთ". მოკლედ, "იმერულ ესკიზებში" ბებია რომ შვილიშვილს არიგებს ავტობუსში ასვლის წინ, სანამ კარგად არ გაჩერდება არ ჩამოხვიდეო, ეგეთ დღეში მყავდა ორივე. თან ბოლომდე რომ მიჯერებდნენ ეგაა კაიფი
დღემდე ხან რა მიზეზით ამეკვიატება გაურკვეველი წარმოშობის შიში და ხან რაა და ბევრ რაღაცაში ხელს მიშლის. რისი მეშინია კონკრეტულად არ ვიცი, მე მგონი უფრო შიშის შიში მაქვს ან შიშის სიყვარული ანუ ან ფობოფობი ვარ და ან ფობოფილი.
"მაი სფეისი"
პროტესტი გარიყვას იწვევს, ზოგი უძლებს ამას და ზოგი ვერა. ყველა მაინც იმ სამყაროს ვიქმნით და ისეთ ადამიანებს ვიხვევთ ირგვლივ როგორებიც ვარ. კი, ისე ხდება რომ ზოგი აქა-იქა გვტკენს ხოლმე, განსაკუთრებით ისინი ვინც აორტაზე გვყავს გამობმული, მაგრამ ჩვენც ხომ ვტკენთ ხოლმე ჩვენს თავს ან იმათ, ვისაც ასევე აორტაზე ვყავართ გამობმული?! ასე რომ გასაკვირი ამაში არაფერია. თუმცა ყველაზე გულსატკენი იცით რა არის? - როცა ადამიანს თითქმის წმინდანის მანტიაში ახვევ და ამ დროს დგება წამი როცა ეს მანტია სულ ერთი ფრაზით ან ერთი საქციელით სძვრება და ხელში გრჩება ერთი ჩვეულებრივი ყოფითი მამრი ან მდედრი, რომელსაც "ნამდვილი" ვერ განურჩევია "პროგრესისგან" და გრძნობ რომ იმ წამს მთავრდება შენში ყველაფერი და კიდევ ერთ დიდი წერტილს აბიჯებ.
... რა ამაოა და ფუჭი, სითბო ეძებო იქ, სადაც თავის მხრივ სითბოს ეძებენ იქ, სადაც ვერ გაუგიათ "რატომ უნდა იყიდო "ჩიტი" თუ მერე მის გაშვებას აპირებ", მაგრამ ეს არავისი ბრალი არაა და არც ვინმეს ახასიათებს ცუდად, უბრალოდ არ უნდა "მოითხოვო" ადამიანისგან იმაზე მეტი, ვიდრე ეს მასშია.
"მარგუშა ბიძია"
ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე კაცი რომ ვიყო, ნეტა როგორი ვიქნებოდი თქო. ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ის არის რომ არასოდეს ამერეოდა ერთანეთში "სიტყვა", "საქმე" და "ამირან გულში მღეროდა" და ამათი დამაკავშირებელი ორი რგოლი - დრო და ადგილი, და კიდევ რაც მთავარია, ამ ყველაფრის ხიბლი "ენაზე აღვირი" "Нет большей мудрости, чем своевременность." უთქვამთ. აი ზომიერების სიბრძნე ვერ გავითავისე თორემ "своевременность" არა მგონია გამომპარვოდა. კაცობა მარტო შარვალშია რო? ან მითუმეტეს "ბო%იშვილივიყოში"? და საერთოდ ვინ დაადგინა, რომ ბო%ი ნაირა უფრო ცუდი დედაა, ვიდრე სახლიდან ფეხგაუდგმელი, პატიოსან-უკმაყოფილო იერსახის მეზობელა, საპნისოპერისტი, სამარხო ტორტითა და ნაყინით მემარხულე ლამზირა დეიდა? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მიმიფურთხებია ყველა დაუწერელი კანონისთვის.
"უ-ჯიგრობა"
ამასწინათ კიდევ ერთ "ფილოსოფიურ" საკითხზე ვფიქრობდი: რამდენი ხარისხის შეიძლება იყოს უჯიგრობა. არც ისე ცოტა გამოვიდა: ჯიგარდაცლილი , ჯიგარგაცრილი, ჯიგარგაყიდული, ჯიგარგარეცხილი, ჯიგარგაცვეთილი, ჯიგარგახუნებული, ჯიგარგაბახებული, ჯიგარაყრილი, ჯიგარგარღვეული, ჯიგარგაციებული, ჯიგარმოწამლული, ჯიგარაყროლებული, ჯიგარგამომპალი, ჯიგარწაშლილი, ჯიგარწაბილწული, ჯიგარდამშრალი, ჯიგარგამოფიტული, ჯიგარგასვრილი. ყველაზე მეტად მაინც ჯიგარგაცრილი მომწონს, ჯიგრის მაგივრად სულში ქატო რომ უყრია. ჰოდა ახლა რა მინდოდა მეთქვა, ვისაც აქედან ჯიგარი ადგილზე გაქვთ და მთელი
ტანცუიუტ ვსე
ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი დღის ნაკრები რომელიც ამ დღეს გაჰყვება უკან.

ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი დღის ნაკრები რომელიც ამ დღეს გაჰყვება უკან.
01 - Ozzy - Perry Mason - (ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი)
02 - Jason Mraz - Life Is Wonderful
03 - Jason Mraz - Bella Luna
04 - Joe Cocker - Heart Full Of Rain
05 - Mark Knopfler - Baloney Again
06 - Mark Knopfler - A Place Where We Used To Live
07 - Mark Knopfler - The Last Laugh Feat. Van Morri
08 - Gary Moore - I Love You More Than You'll Ever Know
09 - Heart - Alone
10 - Extreme - Song For Love
11 - Mary J. Blige - Whenever I Say Your Name Feat. Sting
12 - James brown- How Do You Stop
13 - Reamonn - The Only Ones
14 - Reamonn - Out Of Reach
15 - Santana - The Sensitive Kind
16 - Poverty's no crime - Access Denied
17- Adagio - Kissing The Crow
18 - Al Jarreau - Track 09
19 - Al Jarreau - your song
20 - Barry Adamson - Track 12
21 - Robbie Williams - Me And My Monkey
22 - Dee Dee Bridgewater - why
23 - Ray charls - none of us are free
24 - Guja Burduli - В моем сердце только ты
25 - Okeane - Grubeli Tetri
26 - Gipsy Kings - Amor Dun Dia
27 - Gipsy Kings - Mi Corazon
28 - Diana Crall - The Look of Love
29 - Chris Bott - Lisa
30 - David Darling & Jan Garbarek - Cycle Song
31 - Edison - El Sol se Recuesta
32 - Chet Atkins And Mark Knopfler - Tears
33 - Romale - Solnyshko
http://www.link.ge/file/145940/Birthday-Hits1.rar.html
http://www.link.ge/file/145967/Birthday-Hits-2.rar.html
http://www.link.ge/file/146004/Birthday-Hits-3.rar.html
P.S.
ლოკალური მადლობა
წინასწარ გმადლობთ. (პირვე რიგში იმისთვის რომ არსებობთ) ვეცდები ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყო და თან მრავალს დავესწრო. ყველა მიყვარხართ (ოღონდ მართლა საღი გონებითა და ფხიზელი გულით და არა ზრდილობიანი ცალიყბით ან თუნდაც ნახევარ ლიტრა რქაწითელში ამოვლებული გრძნობებით) თუმცა სხვადასხვა ტემპერატურაზე.
გლობალური მადლობა
დედას, მამას, . ქ თბილისის #1 სამშობიაროს მთელს მორიგე მედ- პერსონალს, პირველ რიგში გინეკოლოგ ბიძინა სიხარულიძეს, (ერთი ხუთი წლის წინ შემხვდა პირველად მას მერე, სადღაც სუფრაზე და "თავი შევახსენე" პირველი ადამიანი ხართ, ვინც ხელში ამიყვანა თქო და უი რამხელა გაზრდილხარ, ვერც კი გიცნობდიო, ) ბებიაჩემს ცნება "ინისთვის", ჩემს გამზრდელ ძიძას ნაძეჟდას, ასევე მადლობას ვუხდი კარმას, გენებს, მზიას და ზეზვას ევროპელობისთვის, ქართლოსს ქართველობისთვის, სულკატიან ციციკორეებს ზეცასა და მიწას შორის ბალანსისთვის ჩემს ოსტატს მარგარიტას "გაძლებისთვის", ჩემი ოლი წლის ტვინის მბურღავს ყოველი დღისთვის, ტიმ ბერნერს ლიის ინტერნეტისთვის, ჩვენს ტიმს და 220 ვოლტს საინტერესო უკარგესი და უსაყვარლესი ადამიანებისთვის და ბოლოს ყველა იმ ადამიანს ვინც სულზე თავისი ავტოგრაფი დამიტოვა,მათ შორის ჩემს პატარა შვილობილს რომ "მთელი" 24 წელი ჩემს გვერდით იყო ისე როგორც არავინ ( რა ჩაამთავრებს ცხოვრებას უშენოდ)
გამომრჩა ვინმე? - ხოო გამომრჩა მადლობა გოიას რომ ყველანაირი კონტურების გარეშე დამხატა მოლბერტზე კი არა და გულბერტზე
P.S.S
ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი “სადღესასწაულო” მონოლოგია და ამავე დროს ჩემი ბოლო წაშლილი "კურცხალი" სასაფლაოზე. ოზზის არ იყოს I am so sick and tired of being so sick and tired.
იმედია ოდესმე ისევ გავიღიმებ . . .
ჩემი დღის სიგნატურა სასაფლაოსთვის:
"Давайте жить так, чтобы даже гробовщик пожалел о нас, когда мы умрем!"
===================================
რა ძალიან მაგარია, როცა სრულიად უცხო ადამიანი შემოგიძვრება სულში და ისე კრეფს იქ მომოფანტულ ემოციებს, როცა უბრალოდ კი არ იხსენებ მათ, არამედ იმ მომენტში განიცდიდი. ამიტომ გამორიცხულია რომ მე ეს მესიჯი აქ არ დავდო.
"შენ რაც დაწერე, წავიკითხე და...
ბლინ...
გამაჟრიალა...
ამ სასაფლაოს მოთქმასა და გოდებაში, ყველაზე მეტად სიმარტივე და სიცოცხლე მიყვარს. მკვდარ ფაილებში სიცოცხლე რომ გამოერევა და რო კითხულობ და იქ რო ხარ, რო გრძნობ და განიცდი, რო ხედავ და რო გესმის, სუნებს, ხმებს, მოძრაობებს რო აღიქვამ... ლექსიკა გამოფუჭდა ბოლო ხანებია და ჟარგონებით, უცენზურო ტერმინებითა და სიტყვებით მეტყველებას დავეჩვიე. ცუდია. მეორე საკითხია რო უფრო იგივე აზრის გადმოცემას უფრო კარგად ვახერხებ, ვიდრე გალამაზებული და კოსმეტიკური რემონტით შეფერადებული, სალიტერატურო ენით. ჰოდა შეფერადებისა და მორიდების გარეშე: გაასწორე. მაგრად. ძააან მაგრად. მადლობა მინდა გითხრა. შეიძლება გაგეცინოს და "რის მადლობაო" გაიფიქრო, მეტიც, ალბათ იმასაც გაიფიქრებ "შენს მადლობას მერჩივნა ეგ საერთოდ არ მომხდარიყოო" მაგრამ... მაინც მადლობა, რო დაწერე და გაგვინაწილე, რაღაცა შენი მოიხსენი და ჩვენც მოგვეცი. სხვებმა თავისი თქვან, მე ჩემსას გეტყვი: მადლობა.
რამდენჯერმე გადავიკითხე და რაღაც გამახსენდა, ერთი წლის წინანდელი ამბავი, მომინდა რო მოგიყვე, მოგიყვე, იქ კი არ დავწერო, არამედ ასე მოგიყვე, სხვების გარეშე.
ეხლა რო სხვანაირად ჩანს, საერთოდ სხვანაირად და სხვა კუთხიდან. მაშინ კიდე კედელი იყო და იმ კედლის იქეთ გადასვლის შანსი 0. ყველა ადამიანს გვყავს ცხოვრებაში ვიღაც, ვინც ძაან ძვირფასია, ძაან შენია და ძაან გეხმარება, ძაან ეხმარები. გესმის და ესმის და პროსტა რაღაცნაირი ტიპია რა, ის რო არ იყოს შენ იქნებოდი მის ადგილას და მისნაირი. ბიძა მყავს მე ეგეთი. ბიძა ეგ ოფიციალურად, თორე ისე ბიძას ვერ ვუძახი და ვერც დავუძახებ, მამენტ არც ეგ მეძახის "დის შვილს" მაგისგან ვისწავლე რო ადამიანებს ისტორია უნდა ქონდეთ, ამბავი, წარსული, რაღაცეები რა, ეგრე არაა რო ბაც და მოვიდა ცარიელი. არ გამოდის. ვერ გამოდის.
ჩემზე 26 წლით უფროსია, მე 23, ის 49. აზრზე ხარ 26 წელი რამდენია? ძაან ბევრია, აი ძაან ბევრი. და როცა უჭირს, ჩემთან მოდის ხოლმე, როცა ენძრევა, ჩემთან მოდის ხოლმე, დალევს და მერე მოდის და მერე ღამეს ვათენებთ და ვლაპარაკობთ. იმას ცოტა ეშვება, მე კიდე ვიზრდები, ასაკით არა, ისე, შიგნით.
სამყაროში ხო იცი, ბალანსირდება ყველაფერი, სადღაც რაღაც აკლია, სადღაც ძაან ბევრია. ისე ეწყობა რო მე და ბიძაჩემს ერთად ყველაფერი არ გვაქ ხოლმე ან იმას აქვს კარგად, ან მე, რომელიმეს დანძრეული უნდა ქონდეს და რომელიმე კარგად უნდა იყოს. განსხვავებაა ერთი, მე არ მივდივარ ხოლმე მასთან, როცა მენძრევა, ის მოდის, მარა მე არ მივდივარ.
ეხლა რასაც გიყვები 1 წლის წინ მოხდა. რატო და როგორ არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ისაა, რო პირველად ცხოვრებაში მივედი ჩემი ფეხით. როგორც ის მოდის ხოლმე, რო საქმეს გააფუჭებს და მერე მოდის და ნანობს. ეგრე ვიყავი. ხო არი ხოლმე რო ყველაზე ცუდი როჟა ხარ და ყველაზე ცუდად ხარ. ხო არი ეგეთი მომენტები, ჩვენ, ყველას ხო გვაქ ხოლმე ეგეთები. ცუდად ხარ სწორედ იმიტო რო ცუდი ხარ და გააფუჭე ის, რაც გქონდა. ნუ კაროჩე.
ჰოდა მაშინ მითხრა ფრაზა, რომელმაც საშინლად გამაღიზიანა, ისე გამაღიზიანა, რო კინაღამ ყელში ვწვდი. დაჟე მითხრა კიდეც, ეხლა ალბათ ჩემი დაღრჩობა გინდაო. ფრაზა ძაან მარტივი და ტუპოი იყო, მაგრამ ერთი წელი დამჭირდა რო მივმხვდარიყავი:
"ეხლა რაც შენ გჭირს მტერს არ ვუსურვებ, იმიტო რო მე გამივლია ეგ და ვიცი რა არი. ვიცი რა არი მაქედან გამოსვლა და ვიცი რო ძაან დიდი დრო უნდა მაქედან გამოსვლას, რო სხვა როჟა შედიხარ და სხვა როჟა გამოდიხარ. მითხარი რა ვქნა და ვიზამ, პროსტა არაფერს არ ვაკეთებ იმიტო, რო შეუძლებელია რამე გააკეთო... შემიძლია ვიჯდე და გიყურო, მეტი არაფერი არ შემიძლია, იმიტო არა რო მე ვარ ეგეთი, იმიტო რო ეგრეა, შენ უნდა გამოხვიდე მაქედან. მარა ერთი იცოდე - ადამიანები კვდებიან, და სიკვდილის წინ გული წყდებათ, რო ეგეთი არაფერი გაუვლიათ, ნანობენ რო იბრიდებიან, და ვერაფერი ვერ მიაქვთ, სიცოცხლის რამოდენიმე წელს მისცემდნენ, ოღონდ კი ეგეთი პიზდეცი გაევლოთ, მარა არა. შენ ეგ გაქ."
მაშინ ვერა, ვერ გავიგე და ძაან გავბრაზდი. ჩემი საგიჟეთი მჭირდა და ამან ლამის მადლობები მახდევინა რო ეგეთ დღეში ვიყავი. მერე დრო გავიდა. 1 წელი ბევრი არაა, არც ცოტაა. გადავრჩი, გამოვძვერი და მერე რა რო მოდის ხოლმე პერიოდულად ყველაფერი და იუველირის სიზუსტით მახსენდება, როგორც შენ, დიალოგები და ისიც, პლეერში რა მუსიკას უსმენდი. იასნია მოდის, მოვა და იქნება. იგივეა რა, საღამოს რასაც ვწერდი, სკოლაში ნასწავლი ისტორიის პონტში, როგორც ქვეყანას დააქ თავისი ისტორია ზურგზე მოკიდებული, ისე ადამიანებს საკუთარი, მხრებზე შემოგდებული. დააქვთ და ბოლომდე უნდა ათრიონ. მარა რო დააქვთ, რო აქვთ... ალბათ ასწორებს...
უკაცრავად რო შეგაწუხე და რაღაცეები გებოდიალე, მარა ძაან მომინდა და ადამიანების ეგოისტურობის შესახებ კიდე გექნება შენ გარკვეული ინფორმაცია ვერ ვუთხარი უარი საკუთარ თავს ამ სიამოვნებაზე...
და მადლობა რო ეგრე გაასწორე. რო ისტორია გაქ. რო ცარიელი არ ხარ."
Friday, November 7, 2008
იმედია იორიკი არ მიწყენს.
მანდ რომ მოვალ,
მინდა რომ არ დამხვდე.
მანამდე კი მელოდო დიდხანს,
მელოდო მოუთმენლად,გარეშე დაძახებისა და,
გარეშე სინანულისა,
და მელოდო, არა მოსვლისათვის,
არამედ მელოდო.
ხოლო რომ მოვალ,
მინდა რომ აღარ დამხვდე.
სულ ახალი წასული იყო,
კარის ხმას რომ თითქმის გავიგებ.
ახალი გასული
და მანამდე ნალოდინები.
მანდ რომ მოვალ
მინდა რომ დამხვდეს:
სახლი შენი ნაცხოვრები,
დამხვდეს საგნები შენი ნაქონი,
დამხვდნენ ნივთები შენი ნახმარი.
შენი კაბები გამეპრანჭონ გარდერობიდან,
შენმა ნაცვამმა ხელთათმანებმა დამისხან ჩაი
და შენი ნაწერი სიტყვები მელაპარაკონ,
შენმა სურათებმა გამიღიმონ,
შენი ზეწარი მომეტმასნოს
და შენმა ლოგინმა გამომაძინოს.
ხოლო დასასრულს
შენმა მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა
გამომაცილონ_ კარებამდე,
და მე მივხვდები,
როგორი იქნებოდა შენთან ცხოვრება,
ამდენი რომ არ მელოდინე ,
თავის დროზე რომ მოვსულიყავი.
ხოლო როდესაც მე კარს დავხურავ
მიხვიდე სახლში,
სულ ახალი წასული ვიყო,
თითქმის ფეხის ხმას რომ გაიგებ,
და შენი სახლი
ჩემით სავსე დაგხვდეს ყელამდე.
და მიხვდე
ჩემთან ერთად როგორ იცხოვრებდი,
ამდენი რომ არ მელოდინე,
თავის დროზე რომ მოვსულიყავი.
ახლა კი,
ახლა...
მანდ რომ მოვალ,
მინდა რომ არ დამხვდე.
მინდა რომ არ დამხვდე!
მოსვლამდე კი...
მელოდო დიდხანს.
Saturday, November 1, 2008
Sunday, October 19, 2008
გილოცავ დედიკუნა!
მიკაქალ დეკო ...
Thursday, September 25, 2008
http://forum.ge/?showtopic=33775141&view=findpost&p=6893249
http://forum.ge/?showtopic=33801488&view=findpost&p=7804245
თემები რომელიც ყოველთვის მაგარ ხასიათზე დამაყენებს...
Sunday, September 7, 2008
stalker2005
როდის მივდივართ ღმერთთან?!......., ინსტინქტი თუ სინდისი?!
ჩვენი ყოველდღიურობა ავტომატიზმებით არის სავსე, ...გაიღვიძე, ყავა, სიგარეტი...დილის ტელესეანსი,, სამსახური, თანამშრომლები, ახალი ამბები, ჭორები, ხვალე რა იქნება...იზმენები, საღამოს ტელესესეანსი,..შიგ და შიგ...ქორწილი, დაბადების დღე, პანაშვიდი გასვენება...სუფრა, ნათესაოსოფია, ბევრი ...."მე უთხარი-მე უთხარ"-ები....მოკლედ რუტინა - წუთისოფელი .........სადაც ხშირად, უფლის ადგილი აღარც კი გვრჩება !...................არა, ეკლესიაშიც დავდივართ, სანთლებს ვანთებთ, მარშრუტკებში თუ ჯიპებში, რამის ინსტიქტურად პირჯვარსაც ვიწერთ ეკლესიის დანახვაზე...მაგრამ სად ვართ ამ დროს ჩვენ და სად არს უფალი ჩვენი?! რა თქმა უნდა უფალი არს იქ სადაც იყო და იქნება აწ და მარადის....ჩვენთან! მაგრამ, ჩვენ.... ვართ კია მასთან თუნდაც მაშინ, როცა გვინდა რომ ის ჩვენთან იყოს?!...თუნდაც, როცა ძალიან გვიჭირს, გვიმძიმს....აღარ შეგვიძლია და აუტანელია ყოფიერების სიმძიმე?!...რა თქმა უნდა ადამიანი, თავისი ბიოლოგიურ-სოციალური ბუნებით ისეა მოწყობილი, რომ ყოველ ასეთ დროს, ინსტიქტურად მშველელს და მხსნელს ეძებს - "ღმერთო მიშველე და ამის შემდეგ მეტს აღარ ვიზამ", მაგრამ.........წუთისოფელი გრძელდება!
"უკანასკნელი ადამიანები" ერთმანეთს თვალებს უპაჭუნებენ, უგებენ, საათობით მასლაათობენ იმაზე თუ ცხოვრება როგორ გაძვირდა, .და დღენიადაგ .ქიჩმაჩობენ კაი ცხოვრების სასტავში გაჩითვას...."ფულო ჩადექ საფულესა, ფულო ჩადექ საფულესა...ფულო ახტი-დახტი, სხვის ჯიბიდან ამოხტი და ჩემს ჯიბეში ჩახტი..." .....ხოო, ფული ძაან მაზალო და კაი რამეა, მაგრამ ამ გაცვლის ფეტიშს აქვს ერთი თვისება: "ხელის ჭუჭყი" ხშირად ისეა შეზრდილი ადამიანის არსებასთან, რომ არც თუ ისე იშვიათად, უყურებ ადამიანს და ვერ გებულობ...სად გაქრა ის კაცი, რომელსაც ერთ დროს ფული არ ჰქონდა..უფრო. ხშირად კი ფულთან ერთად ადამიანებიც ქრებიან?! შეიძლება ძალიან ბანალურ რამეზე ვწერ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ფული იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ ის ფულია, არამედ ცუდი ისაა, რომ ფულად ურთიერთობებში ხშირად ადამიანობაც ერთვება ხარჯვით ერთეულად! ანუ "ცხოვრების მუდმივობის კანონი" ისეა მოწყობილი, რომ თუ ვიღაცას ეძლევა, ის აუცილებლად ვიღაცას ერთმევა, "წართმევა" კი შეუძლებელია ხდებოდეს ადამიანური რესურსის ხარჯვის გარეშე!
.........................ხომ გარკვევით გვითხრა იესომ: გაიღებ - მოგეზღვება; მოიხვეჭ - წაგერთმევა! ...... უზარმაზარი "ირმის ნახტომი" მოსეს სჯულიდან, სადაც არ წერია "მადლი"! ათადან და ბაბადან, აშენებენ, აშენებენ სოლომონის ტაძარს, მაგრამ არ იქნა და არ აშენდა ეს ტაძარი, რადგან
"უფლის ტაძარი" მადლის გარეშე არ შენდება...და გინდაც კილომეტრიანი სიმაღლის გალავანი გაავლე ურჯულოებთან, მაინც არც აშენდება, თუ ის უკვე არ არის ჩვენში!!!
ბავშვები, ...გულწრფელნი ხალასნი, მიმნდობნი ...მაინც რატომ არიან ასე საყვარელნი?!....ალბათ იმიტომ, რომ თვით უფალი გვიყურებს მათი თვალებიდან...უფალი, რომელმაც ერთ დროს გვითხრა ..."ღმერთის საუფლო ყოველ თქვენთაგანშია"-ო. მერე მთავრდება ბავშვობა და იწყება ცხოვრებაში აზრზე მოსვლა ... "უნარ-ჩვევები" - ღვარძლი, ბოღმა, საყვედური, მუნათი ,...აგდება, ჩაგდება, დაკაჩავება, ქიჩმაჩი, ზალათ მაცხონეობა ...და საუფლოც რაღაც წერტილამდე პატარავდება! უფალი კია ჩვენთან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ რაღაც წერტილში გვახსოვს იგი.........საყვედური და პრეტენზია იცოცხლე - რადგან გავჩნდით, მადლიც გვეკუთვნის..!
საკითხავია - მაინც როგორ მოვხვდეთ, დავუბრუნდეთ, ან თუნდაც შევხვდეთ იმ "წერტილს", რასაც ღმერთის საუფლო ჰქვია ჩვენში?! ერთადერთი გზა რწმენაა - გვეუბნება მოძღვარი! მაგრამ რა არის რწმენა, რას ნიშნავს იგი - ვიცით კია ეს?! დიდი მოაზროვნე და მსოფლიო მოქალაქე- მამარდაშვილი ამბობს - რწმენა არის რწმენა!...ანუ ისეთი ფუნდამენტალური ცნება რომელიც, როგორც სიკეთე, მხოლოდ საკუთარივე თავიდან გამომდინარეობს და შეუძლებელია მისი გარედან განსაზღვრება...! მართლაც ხომ ასეა - ჭეშმარიტად შეიძლება გვწამდეს მხოლოდ იმისი, რაც ჩვენი რწმენის გარეშე ჩვენთვის არ არსებობს! ფაქტს არ სჭირდება რწმენა ამიტომ ღმერთი შეუძლებელია ფაქტად განვიხილოდ მანამდე, სანამ ის ჩვენში, ჩვენს გამოცდილებაში არ მოხდება...თუმცა, მანამდე ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ ნიშნებს.... ხატებს, საკურთხევლებს, წითელ კვერცხებს და ა.შ. ტარკოვსკის ფილმ -"მსხვერპლშეწირვა"-ში არის ერთი გენიალური მომენტი..მამა ეუბნება შვილს :
"თუ შენ, თუნდაც უმნიშვნელო რაღაცას, სისტემატიურად აკეთებ მთელი მონდომებით, თუნდაც არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ამითი რამე შეიცვლება, სამყაროში ეს რაღაცა აუცილებლად მოხდება! მართლაც როცა გვწამს, შეუძლებელია მოვითხოვოთ გარანტია ამ რწმენის საფასურად...ისევე როგორც სიყვარულის საფასურად ვერ მოვითხოვთ საპასუხო გრძნობის თამასუქს!!! არა და ხომ ხშირად ვითხოვთ...."ხომ იცი როგორ მიყვარხარ"...?!...თუ გამაჩინეეე...კიდეც მარჩინე ძმაო, აბა სხვანაირად როგორ გინდა?!
დღეს ბევრია სასოწარკვეთილი, ავადმყოფობით, სიდუხჭირით, უამრავი პრობლემებით....არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი კეთილდღეობის სიმაღლიდან სხვის ჭირს ღობის ჩხირად აღიქვამენ....რის გამოც გროვდება უკმაყოფილება, მრისხანება, ბოღმა...და სულ უფრო და უფრო იძაბება ის პოლუსები, რომლებსაც მიეცათ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს წაერთვათ...სადაა გამოსავალი?! ეკლესია გვეუბნება -სიყვარულშიო და მართალიცაა, მაგრამ როგორ და რა გზით, როცა კეთილდღეობრივმა კონტრასტებმა ადამიანებს ერთმანეთთან მისასვლელი ნდობის გზა გადაუკეტა და ჩაუხერგა?! ნდობის გარეშე კი რა სიყვარულზე შეიძლება ლაპარაკი?! როგორ შეიძლება მოვაჩვენოთ თავი და დავაჯეროთ ქუჩაში ასეულობით გამოგდებული 13-14 წლის მაწანწალა მეძავი და 10-წლის ტოქსიკომანი, რომ ისნი ჩვენ გვიყვარს?!
...................მაგრამ, მე იმედი მაქვს და იმედი ნუ მიგისალოთ თქვენც ღმერთმა!
Tuesday, July 22, 2008
confession
მოკლე რეზიუმე:
ამ წელს იმდენი რამე მოხდა რომ შუალედებში გონზე მოსვლასაც ვერ ვასწრებდი... ბევრი მეტკინა, ბევრი მეწყინა, ბევრი გამიხარდა, ბევრი დავკარგე, ბევრი ვიპოვე, ბევრი ვიბრძოლე, ბევრი იმედი გამიცრუვდა, ბევრი ვიტირე, ბევრი ვიდარდე, ბევრი ვინერვიულე, ბევრი ახალი თვისება აღმოვაჩინე ჩემს თავში, ბევრი ძალა ვიპოვე ჩემს თავში, ბევრი ვაწყენინე, ბევრი მაწყენინეს, ბევრი ვაპატიე, ბევრი მაპატიეს, ბევრი არ ვაპატიე, ბევრი არ მაპატიეს. ბევრი გავახარე, ბევრი გამახარეს...მოკლედ ეს ყველაფერი თავისუფლად გადანაწილდებოდა ერთ მთელ ცხოვრებაზე... რას შევცვლიდი? ალბათ არაფერს, ლიკას გარდა.
Monday, July 21, 2008
ორი საათის წინ კიდევ ერთი ფესვი მოსწყდა ჩემს საგვარეულო ხეს. პაპა მომიკვდა. ბოლოს, ერთი თვის წინ რეანიმაციაში ვნახე, სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ ყველაფერს გრძნობდა. სულ ორი წუთით შემიშვეს. ხელზე ვაკოცე, სიცოცხლისგან დაღლილ ლურჯ თვალებში ცრემლები ჩაუდგა, მეტი ვერ გავუძელი და გამოვვარდი.... ჩამესწრო მაინც... ზეგ მივდიოდი. სურათები დავუბეჭდე, რაც შარშან ზაფხულს გადავუღე. სულ მავიწყდებოდა მას მერე... ან სად მქონდა სურათების თავი... გუშინ გასამგზავრებლად რომ დავიწყე მომზადება, პირველი რაც გავაკეთე ეს იყო.
კიდევ ერთით ნაკლები დავრჩი...
Связъ

გუშინ ვნახე ეს ფილმი და საშინლად მომხვდა გულზე. სიუჟეტი მარტივი და ბანალურია, მაგრამ ფილმში ისეთი ღრმა ფსიქოლოგიური მომენტებია დაჭერილი, რომ ნებისმიერ დიალოგში შეიძლება შენი თავი ამოიცნო და საკუთარივით გეტკინოს.
ფილმის ოთხივე გმირი დადებითია. ყოველ შემთხვევაში მე ესე განვეწყვე მათ მიმართ და ოთხივე ძალიან მეტკინა.
Friday, July 18, 2008
Soulmate...
გუშინ ღამე რას ვფიქრობდი იცი? ამ ღამეული საუბრების დროს არასოდეს გაგვიჭორავს სხვა, არასოდეს გვილაპარაკია შოფინგებზე და არასოდეს გვილაპარაკიa ჩხიკვი ყვავის მამიდაზე. ჩვენი საუბარი ყოველთვის სცილდებოდა ორი ქალის სალაპარაკო თემებს...
პატარა რომ იყავი, მანდ შეგპირდი მთვარეზე წაგიყვან მეთქი და მას მერე როცა აივანზე ვიჯექით და მთვარე დაგვნათოდა, სულ მახსენებდი,- ნაა როდის წამიყვან მთვარეზე, კიბე აღარ დაამთავრეს? ხო გავიზარდე უკვე! გატყუებდი დიდ კიბეს ამზადებენ იქ ასასვლელად და როცა გაიზრდები, მაშინ იქნება მზად მეთქი...
როგორ არ მინდა იქ წასვლა...ადრე სულ მე გელოდებოდი ხოლმე, ერთი სული მქონდა როდის ჩამოხვიდოდი, წელს შენ უნდა "დამხვდე" იქ. უშენოდ რა ჩამომაჯენს ჩვენს "ჩეროში"... ეხლა იქედან სოფლის პანორამასთან ერთად, მეორე მხარეს შენი "აპარტამენტებიც" მოსჩანს...
ვებრძვი ცხოვრებას, ვებრძვი ჩემს თავს, მაგრამ სადაც არ უნდა გავიქცე-გამოვიქცე, ყველა კუთხეში მაინც შენ დგახარ და მიყურებ შენი ულამაზესი, სევდიანი თვალებით...
Wednesday, July 16, 2008
Tony Leung Chiu Wai

არც ერთ მსახიობს ჩემზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, როგორც ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ჩინელმა მოახერხა. რითი მომხიბლა?...საერთოდ როცა ფილმს ვუყურებ, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ მსახიობი ხომ არ "Add legs to the snake after finishing to draw". არადამაჯერებელი და სუსტი თამაში იმდენად არ მაღიზიანებს, როგორც ეს overplaying. არ ვიცი ასეთი რა ოსტატობით ასრულებს თავის როლებს, მაგრამ ფაქტი ერთია, მისი ნებისმიერი მანერა, ემოცია, ღიმილი ან თუნდაც უბრალოდ სიგარეტისთვის მოკიდება ისეთი ბუნებრივია და ისეთი ზუსტი, გგონია რომ ფილმს კი არ უყურებ, არამედ უშუალო მონაწილე ხარ მისი და მსახიობის განცდები და ემოციები შენ გეხება. მე ყოველშემთხვევაში ესეთი შეგრძნება მქონდა, როცა მისი ფილმები ვნახე. მართალია სულ რამოდენიმე, მაგრამ სრულიად საკმარისი იყო. გადავწყვიტე რომ ჩამოვალ მისი ფილმოგრაფია ვნახო, რასაც შევძლებ რომ ვიშოვო, უფრო სწორედ რასაც ალექსი მიშოვის ინგლისურად.
Tuesday, July 15, 2008
Funny wisdom

ამ ანდაზებზე ვუდი ალენი გამახსენდა - ფრთიანი აზრების დიდოსტატი :)
ვერ წარმომიდგენია რომ ამ აზრების პატრონი ნაბიჯს არ დგამდა საკუთარი ფსიქოანალიტიკოსის გარეშე.
გამორჩეულად ესენი მიყვარს:
A fast word about oral contraception. I asked a girl to go to bed with me and she said 'no'.
Another good thing about being poor is that when you are seventy your children will not have declared you legally insane in order to gain control of your estate.
As the poet said, "Only God can make a tree" - probably because it's so hard to figure out how to get the bark on.
Basically my wife was immature. I'd be in my bath and she'd come in and sink my boats.
Don't knock masturbation. It's sex with someone I love.
Eternity is really long, especially near the end.
For a while we pondered whether to take a vacation or get a divorce. We decided that a trip to Bermuda is over in two weeks, but a divorce is something you always have.
Having sex is like playing bridge. If you don't have a good partner, you'd better have a good hand.
His lack of education is more than compensated for by his keenly developed moral bankruptcy.
I didn't know he was dead; I thought he was British.
I do not believe in an afterlife, although I am bringing a change of underwear.
I don't want to achieve immortality through my work; I want to achieve immortality through not dying.
I had a terrible education. I attended a school for emotionally disturbed teachers.
I have an intense desire to return to the womb. Anybody's.
I recently turned sixty. Practically a third of my life is over.
I think people should mate for life, like pigeons or Catholics.
I took a speed-reading course and read War and Peace in twenty minutes. It involves Russia.
I was raised in the Jewish tradition, taught never to marry a Gentile, women shave on Saturday and most especially never to shave a Gentile woman on Saturday.
I was thrown out of college for cheating on the metaphysics exam: I looked into the soul of another boy.
I'd call him a sadistic, hippophilic necrophile, but that would be beating a dead horse.
If only God would give me some clear sign! Like making a large deposit in my name at a Swiss bank.
If only God would give me some sign. If He would just speak to me once, anything, one sentence, two words. If He would just cough.
If you want to make God laugh, tell him your future plans.
If you're not failing every now and again, it's a sign you're not doing anything very innovative.
I'm astounded by people who want to 'know' the universe when it's hard enough to find your way around Chinatown.
I'm not a fighter, I have bad reflexes. I was once run over by a car being pushed by two guys.
I'm really a timid person - I was beaten up by Quakers.
In California, they don't throw their garbage away - they make it into TV shows.
In my house I'm the boss. My wife is just the decision maker.
Intellectuals are like the mafia; they only kill their own.
Interestingly, according to modern astronomers, space is finite. This is a very comforting thought - particularly for people who can never remember where they have left things.
Is sex dirty? Only if it's done right.
It is impossible to travel faster than light, and certainly not desirable, as one's hat keeps blowing off.
It's not that I'm afraid to die. I just don't want to be there when it happens.
It's worse than dog eats dog. It's dog doesn't return dog's phone calls.
Life is divided up into the horrible and the miserable.
Love is the answer, but while you are waiting for the answer sex raises some pretty good questions.
Money is better than poverty, if only for financial reasons.
More than any time in history mankind faces a crossroads. One path leads to despair and utter hopelessness, the other to total extinction. Let us pray that we have the wisdom to choose correctly.
My ex-husband and I fell in love at first sight. Maybe I should have taken a second look.
My one regret in life is that I am not someone else.
My parents stayed together for forty years. But that was out of spite.
Not only is there no God, but try getting a plumber on weekends.
Oh, now there's only one kind of love that lasts. That's unrequited love. It stays with you forever.
On the plus side, death is one of the few things that can be done just as easily lying down.
Remember, if you smoke after sex you're doing it too fast.
Sex alleviates tension. Love causes it.
She wore a short skirt and a tight sweater and her figure described a set of parabolas that could cause cardiac arrest in a yak.
She wore a short skirt and a tight sweater and her figure described a set of parabolas that could cause cardiac arrest in a yak.
Some drink deeply from the river of knowledge. Others only gargle.
That [sex] was the most fun I ever had without laughing.
The difference between sex and death is that with death you can do it alone and no one is going to make fun of you.
There are two types of people in this world: good and bad. The good sleep better, but the bad seem to enjoy the waking hours much more.
What if everything is an illusion and nothing exists? In that case, I definitely overpaid for my carpet.
When I was born my mother was terribly disappointed. Not that she wanted a girl - she wanted a divorce.
Why does man kill? He kills for food. And not only food: frequently there must be a beverage.
You can live to be a hundred if you give up all the things that make you want to live to be a hundred.
My favourite proverbs

Add legs to the snake after you have finished drawing it.
An ant may well destroy a whole dam.
Crows everywhere are equally black.
Dismantle the bridge shortly after crossing it.
Distant water won't help to put out a fire close at hand.
Like ants eating a bone.
Looking for the ass on its very back.
No wind, no waves.
Regular feet can't be affected by irregular shoes.
Your fingers can't be of the same length.
A child's life is like a piece of paper on which every person leaves a mark.
A fool judges people by the presents they give him.
Be not afraid of growing slowly, be afraid only of standing still.
Be the first to the field and the last to the couch.
Deep doubts, deep wisdom; small doubts, little wisdom.
Do not remove a fly from your friend's forehead with a hatchet.
If you don't want anyone to know, don't do it.
Keep your broken arm inside your sleeve.
To know the road ahead, ask those coming back.
Three feet of ice not result from one day of freezing weather.
shave head vendor one side hot.
Not only can water float a boat, it can sink it also.
Adding legs when painting a snake.
The absence of proof is not the proof of absence.
Misery loves company.
In Rome do as the Romans do.
There is a black sheep in every fold.
Behind an able man there are always other able men.
Experience is a comb which nature gives to men when they are bald.
If you must play, decide on three things at the start: the rules of he game, the stakes, and the quitting time.
If you suspect a man, don't employ him, and if ypu employ him, don't suspect him.
You think you lost your horse? Who knows, he may bring a whole herd back to you someday.
You won't help the new plants grow by pulling them up higher.
The grass is always greener on the other side of the fence.
Saturday, July 5, 2008
მე გავცოცხლდი!!!
თურმე შეიძლება ადამიანი ერთ წამში გაცოცხლდეს, ერთმა ფრაზამ, ერთმა აზრმა და ერთმა სურვილმა გააცოცხლოს - სურვილმა იმისა რომ უბრალოდ გიხაროდეს შენი თავი, ისეთი როგორიც ხარ, გიხაროდეს ადამიანები, ისეთი როგორებიც არიან და გიხაროდეს ცხოვრება, ისეთი როგორიც არის- აი ამ ყველაფერს კი შენ ქმნი.
არ არსებობს ამაზე დიდი სიბრძნე ”თავს ზემოთ ძალა არაა” ანუ ყველაფერი შენს თავშია, შენს გონებაში და შენს აზრებში.
მორჩა! დამთავრდა ნეგატივი! ჩემს ხელშია როგორ მივიღებ ყველაფერს, საჩუქრად თუ თავსატეხად. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს ცხოვრებაში თავისი ნაფეხური დამიტოვა, ზოგმა სუფთა, ზოგმა ტალახიანი. ესეც საჭირო იყო.
ფერებს ვიბრუნებ! მე ეს მინდა და მე ეს შემიძლია! ვიცი რომ გამომივა!
Friday, July 4, 2008
Thursday, July 3, 2008

Wednesday, July 2, 2008
Who knows...
აი ჩემი მატარებელი ექსპრესი იყო და მხოლოდ წინ მიდიოდა, მემანქანეც მე ვიყავი მისი, გამცილებელიც, ბილეთების კონტროლიორიც და ერთადერთი მგზავრიც. გაჩერებების ადგილსაც და ხანგრძლივობასაც მე ვწყვეტდი და ვირჩევდი.
მაგრამ ჰოი საოცრებავ! პირველად ჩემს ცხოვრებაში, მატარებელი არ დამემორჩილა, რელსებიდან გადავიდა და უკან დაიწყო სვლა და რამოდენიმე ისეთ ადგილას შეჩერდა, სადაც თავის დროზე წინსვლის დროს არ შემიჩერებია.
ოღონდ დროში ეს მოგზაურობა კარგია თუ ცუდი ჯერ არ ვიცი.
Monday, June 30, 2008
ბზარი

მე და კეროლი ათი წლის წინ დავქორწინდით. ერთ ქალაქში დავიბადეთ, ერთ ქალაქში გავიზარდეთ და ერთ ქალაქშივე შევუღლდით. ქალთა კოლეჯის დამთავრების შემდეგ, კეროლი რამოდენიმე წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და როგორც კი ნიუ იორკში დაბრუნდა ახალი სამსახურის დასაწყებად, მაშინვე გადავწყვიტეთ დაქორწინება. თუმცა რომ მკითხონ, ვერაფრით გავიხსენებ, სად შევხვდი მას პირველად.
ჩემს ცოლზე ლამაზიაო ვერ იტყოდით, მაგრამ სანდომიანი გარეგნობა ჰქონდა და პირველივე ნახვისთანავე კეთილად განაწყობდა ადამიანს. საკმაოდ რბილი ხასიათის გახლდათ და ამის გამო სულ ვშიშობდი, ბავშვები ზედმეტად არ გაეთამამებინა, რადგან არაფერს უშლიდა. ბავშვებიც გამუდმებით გარს ეხვივნენ.
ორი შვილი გვყავდა 6 წლის კარლი და 4 წლის ემილი. ბიჭი კერძო სკოლაში სწავლობდა და ვაპირებდით გოგოც იმავე სკოლაში მიგვეყვანა, რადგან სკოლა კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.
ერთი შეხედვით ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება გვქონდა. ყოველ შემთხვევაში მე მეჩვენებოდა, რომ ჩვენი ათწლიანი თანაცხოვრება ბედნიერი და უზრუნველი იყო.
კეროლი დილიდან საღამომდე მთლიანად სახლის საქმეებში იყო ჩართული და ხშირად ისე გადიოდა დღე, ვერც ამჩნევდა. ერთხელ ხუმრობით თავისი დიპლომიც კი დაკიდა სამზარეულოში, ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის თავზე, მაგრამ ხუმრობა მოკლევადიანი აღმოჩნდა და მას მერე სად გააქრო ის დღემდე უცნობია ჩემთვის.
მაღალანაზღაურებადი სამსახური არასოდეს მქონია, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ მატერიალურად გვიჭირდა, მაგრამ არც გვილხინდა. თვითან თვემდე თავი შეძლებისდაგვარად გაგვქონდა და ისე ვცხოვრობდით, როგორც საშუალო ფენას შეჰფერის. აქედან გამომდინარე ჩემი ცოლის ერთი ჩვეულებრივი დღეც მარტივი აღსაწერი იყო:
ყოველ დილით შვიდ საათზე დგებოდა და რადიოს რთავდა. ბავშვებს ასაუზმებდა და შემდეგ კარლის აცილებდა სკოლაში. იქედან მობრუნებული ემილის უვლიდა. თუმცა ყოველ დილით ცხრის ნახევარზე გავდიოდი და საღამომდე არ ვბრუნდებოდი, კეროლის ყველა ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი. მთელი დღე სახლის საქმეებში იყო ჩართული: რეცხავდა, სადილს ამზადებდა, საყიდლებზე გადიოდა იქვე, ახლომდებარე მაღაზიებში. როცა დღის საქმეებს მორჩებოდა ბავშვები მიჰყავდა სათამაშო მოედანზე ორი საათით და იქედან მობრუნებული სადილისთვის თლიდა ბოსტნეულს და სხვა წვრილმან საქმეებში ეფლობოდა. კვირაში ორჯერ სახლს საგულდაგულოდ ალაგებდა და ვერცხლის ჭურჭელს აპრიალებდა. მე ექვს საათზე ვბრუნდებოდი სახლში ყოველ საღამოს და მაგიდა ყოველთვის გაწყობილი მხვდებოდა. ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ჩემს ცოლს, როგორც კი სადილად ვჯდებოდი, სანამ თვითონაც მოუჯდებოდა მაგიდას, მანამ დადგებოდა ოთახის შუაგულში და ისეთ სახეს მიიღებდა თითქოს რაღაცას იხსენებსო, ამ დროს რაც არ უნდა გეთქვა, არ ესმოდა.
ვახშმის დროს ოთხ სანთელს ანთებდა ვერცხლის სასანთლეებში და ვახშმობის შემდეგ ბავშვები მიჰყავდა დასაბანად და დასაძინებლად. სულ ეს იყო.
თვეში ორჯერ გასართობად გავდიოდით სახლიდან, ძირითადად სამეზობლოში გამართულ წვეულებებზე. ამ მხრივ ყველაზე მეტად ელიოტები გამოირჩეოდნენ, რადგან მათი წვეულებები ყოველთვის ხალხმრავალი და ხალისიანი იყო. ცოლ-ქმარი ტრენჩერებიც მათთან გავიცანით. თავიდანვე მეუცნაურა ეს წყვილი, რადგან ერთმანეთისთვის ძალიან შეუფერებლები იყვნენ. ამ წვეულების შემდეგ დავმეგობრდით, რაშიც ინიციატივა მისის ტრენჩერს ეკუთვნოდა. პირველივე შეხვედრის შემდეგ ჩემს ცოლთან გააბა სატელეფონო ურთიერთობა და ერთ საღამოსაც თავისთან დაგვპატიჟა სადილად.
ტრენჩერები ალბათ 30 წლამდე იქნებოდნენ. ყოველშემთხვევაში კაცი მაინც, რადგან ცოლს გაცილებით დიდი შეხედულება ჰქონდა. უბრალო ქალი იყო. თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს უბრალოება ძნელი ასახსნელია. ტანდაბალი, კარგი აღნაგობის ქალი იყო ჩვეულებრივი სახის ნაკვთებითა და წყობით. ის უბრალოება, რაც აღვნიშნე უფრო შიგნიდან მოდიოდა, ვიდრე მისი გარეგნული მხარიდან. მისტერ ტრენჩერი ექიმი იყო და როგორც ამბობდნენ კარგი ექიმი. სიმპატიურ სახეზე ლურჯი თვალები უბრწყინავდა და ერთი შეხედვით ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. წყვილი ძველმოდურ მაგრამ საკმაოდ კომფორტულ სახლში ცხოვრობდა.
შესვლისთანავე რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ ამ სახლში ადამიანური სითბო არ ტრიალებდა და ერთადერთი რაც აქ სულდგმულობდა სიცარიელე იყო.
სადილმა მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა და უნდა ითქვას, რომ ეს უფრო მისის ტრენჩერის დამსახურება იყო, რადგან გულღია, უშუალო და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. თუმცა წამოსვლის მერეც არ დავუტოვებივარ იმ გრძნობას, რომ ეს ქალი ძალიან მარტოსული იყო.
მისის ტრენჩერი ყოველ დილით ურეკავდა ხოლმე კეროლს და ზოგჯერ ლანჩზეც ეპატიჟებოდა, მაგრამ კეროლი ვერ იცლიდა დღისით გარეთ გასასვლელად და ყოველთვის უარით ისტუმრებდა. ვატყობდი რომ არც ტელეფონით ლაპარაკი ეხალისებოდა მასთან, რადგან რამოდენიმეჯერ შემომჩივლა, ბევრი ლაპარაკი უყვარს და ამისგან სულაც არ იღლებაო.
ერთ დღესაც, როცა კეროლმა ბავშვები გაიყვანა სათამაშო მოედანზე, მისტერ ტრენჩერი მივიდა მათთან. როგორც კეროლმა მითხრა იქვე გავლისას შეუნიშნავს ტრენჩერს ისინი და მათთან ერთად იჯდა სანამ სახლში დაბრუნების დრო არ მოვიდა.
რამოდენიმე დღის მერე ეს ისევ განმეორდა და სულ მალე მისტერ ტრენჩერი ყოველდღიური კომპანიონი გახდა ჩემი ცოლის. კეროლი ფიქრობდა რომ რადგან ტრენჩერს ბოლო დროს პაციენტები შემოაკლდა, უბრალოდ დროს კლავდა მათთან ერთად სათამაშო მოედანზე.
ერთ საღამოსაც, კეროლი ჩაფიქრებული მომეჩვენა და რომ ვკითხე მიზეზი მიპასუხა რომ მისტერ ტრენჩერის დამოკიდებულება არ მოსწონდა მის მიმართ.
-გამუდმებით მომშტერებია. ზის და მიყურებს თვალმოუშორებლად.-მითხრა და უცბად თვალწინ დამიდგა ჩემი ცოლი გაცრეცილი პალტოთი, ძველმოდური ჩექმებით, შალის ხელთათმანებით და ყელზე შარფით. რატომღაც ვერაფრით წარმოვიდგინე რომ მისტერ ტრენჩერის, ამ გემოვნებით ჩაცმული და დახვეწილი გარეგნობის კაცის გრძნობები ჩემი ცოლის მიმართ სერიოზული იყო.
ამ ლაპარაკის შემდეგ ისე გავიდა რამოდენიმე დღე რომ კეროლს ტრენჩერი აღარ უხსენებია და მეც ვიფიქრე რომ აღარ მიდიოდა მათთან.
თვის ბოლოს კეროლის დაბადების დღე მოდიოდა და ისე მოვიდა ეს დღე რომ არ გამხსენებია. საღამოს სახლში რომ მივედი სასტუმრო ოთახში ვარდების თაიგული დამხვდა. კეროლმა მითხრა რომ თაიგული ტრენჩერის საჩუქარი იყო. ჯერ ჩემს თავზე გავბრაზდი იმის გამო, რომ ჩემი ცოლის დაბადების დღე დამავიწყდა და ამ ვარდებმა ეს სიბრაზე გამიორმაგა.
-როდის ნახე ტრენჩერი?-ვკითხე კეროლს.
-რა როდის? ისევ ყოველდღე დადის ჩვენთან სათამაშო მოედანზე, არ მითქვამს შენთვის ხო? დღეს გამომიცხადა რომ ვუყვარვარ და სიცოცხლე არ შეუძლია უჩემოდ. მითხრა რომ მზად არის ცეცხლს შეუვარდეს, ოღონდაც კი ჩემი ხმა გაიგოს.
-კი მაგრამ რამდენი ხანია რაც გიცნობს?-ვკითხე
-აი ეს ყველაზე სახალისო მომენტია ამ ამბავში. ტრენჩერი მიცნობდა თურმე ელიოტების წვეულებამდე. ერთხელ დავუნახივარ ავტობუსების გაჩერებაზე ამ წვეულებამდე სამი კვირით ადრე და რა წუთსაც დავუნახივარ, იმ წუთასვე ჩავვარდნივარ გულში. რა უნდა ვთქვა! ვერ უნდა იყოს საღ ჭკუაზე! - გაეცინა კეროლს.
სიმართლე გითხრათ იმ საღამოს ძალიან დაღლილი ვიყავი და ერთადერთი თავში რაც მიტრიალებდა გადასახადები და ქვითრები იყო. არც ტრენჩერის განაცხადი მიმიღია სერიოზულად, რადგან ვფიქრობდი რომ ეს ჩვეულებრივ იმ კაცის საქციელს ჰგავდა, რომელიც ფინანსურ კრიზისს განიცდის ან მსუბუქი სენტიმენტალურობის ხანა უდგება ცხოვრებაში და რაღაცით სურს ამის შევსება ან დაძლევა.
იმ დღის მერე მისის ტრენჩერმა შეწყვიტა ჩვენთან სატელეფონო საუბრები და ჩვენც აღარ დავდიოდით მათთან სტუმრად. თუმცა მისტერ ტრენჩერს ხანდახან ვხედავდი დილაობით, როცა სამსახურში მაგვიანდებოდა. ავტობუსის გაჩერებასთან იდგა ხოლმე და როგორც კი დამინახავდა, რაღაცნაირად იბნეოდა. მისი ეს რეაქცია გასაგები იყო ჩემთვის. ამ საათებში ავტობუსები სულ გადაჭედილი იყო ხალხით და სხვა გზა არ მქონდა მასთან შეხვედრას ვერ ავიცილებდი.
ისე მოხდა იმ პერიოდში რომ სამსახურში რაღაც შეცდომა დავუშვი და რამოდენიმე ათასი დოლარიც მივაყოლე ამ შეცდომას. მართალია ამის გამო სამსახურის დაკარგვის შანსი ნაკლებად იყო, მაგრამ მაინც არ მცილდებოდა ამაზე ფიქრი და მომდევნო თვეებში ჩემი გონება მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ რაც შეიძლება მალე ამენაზღაურებინა ეს დანაკარგი, ამიტომ ექიმ ტრენჩერზე ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა. კეროლიც ნაკლებად ახსენებდა მას.
ერთ საღამოს შევნიშნე რომ კეროლი ფანჯარასთან იდგა და რაღაცას უყურებდა. მე სავარძელში ვიჯექი და ვკითხულობდი.
-მე მგონი იქ დგას-თქვა მან.
-ვინ?
-ტრენჩერი. მოდი ერთი, შეხედე!
კითხვას თავი დავანებე და ფანჯარასთან მივედი. ქუჩის კუთხეში მართლაც ტრენჩერი იდგა და აქეთ იყურებოდა.
-მერე რა, ძაღლს ასეირნებს ვერ ხედავ?-ვუთხარი კეროლს.
-როცა პირველად გავიხედე ფანჯარაში, მაშინ არ ასეირნებდა ძაღლს. უბრალოდ იდგა მარტო და ჩვენს ფანჯრებს იყო მოშტერებული და როგორც თვითონ თქვა ეს პირველად არ ხდება, ყოველ საღამოს გამოდის და ჩვენს ფანჯრებს უყურებს.
-და როდის გითხრა ეგ?-ვკითხე.
-დღეს, სათამაშო მოედანზე.
-კი მაგრამ თქვენ ხო სხვა სათამაშო მოედანზე დადიხართ უკვე?
-სხვაგან დავდივართ, მაგრამ აზრი არ აქვს. სულ კუდში დამყვება მაინც, სადაც არ უნდა წავიდე. მართლა ვერ არის საღ ჭკუაზე, მაგრამ მეცოდება სიმართლე გითხრა. მეუბნება რომ ყველგან მე მხედავს, ყველგან ჩემი ხმა ესმის და ამბობს არასოდეს შეურიგდება იმას რომ დამკარგოს. მართლა მეცოდება.
და აი პირველად გავიაზრე რომ სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მეგონა. კეროლს ებრალებოდა ტრენჩერი და ეს უკვე აღარ მომეწონა. რადგან ეს იმას ნიშნავდა რომ რახან ებრალებოდა ძალაუნებურად ფიქრობდა მასზე და ისიც კარგად ვიცოდი ჩემი ცოლის ხასიათიდან გამომდინარე, რა გრძნობები შეიძლებოდა აჰღეძრა სიბრალულს მასში. თუმცა კეროლისთვის არაფერი მითქვამს ამის შესახებ და კითხვას მივუბრუნდი. რამდენად მესმოდა წაკითხულის შინაარსი ეს სხვა საკითხია.
დასაძინებლად ვაპირებდით წასვლას რომ ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილი ავიღე, მაგრამ არავინ მიპასუხა. თხუთმეტი წუთის შემდეგ იგივე განმეორდა. ვიდექი ყურმილით ხელში და თავს უკანასკნელ იდიოტად ვგრძობდი. რა მეთქვა არ ვიცოდი და კეროლს დავდე ბრალი ამდენის უფლება არ უნდა მიგეცა მეთქი. მან არაფერი მითხრა. თავი კიდევ უფრო იდიოტად ვიგრძენი, რადგან კეროლი არაფერ შუაში იყო. ხომ ვერ ავუკრძალავდი გარეთ გასვლას, რა მისი ბრალი იყო თუ ტრენჩერი ყველგან უკან დასდევდა.
ერთი კვირის შემდეგ ელიოტების წვეულებაზე მოგვიწია წასვლა. ტრენჩერებიც იქ იყვნენ. ხუთი წუთის მისულებიც არ ვიყავით რომ წასვლა გადაწყვიტეს. წასვლისას ტრენჩერის მანერამ - ნაღვლიანმა მზერამ, რომელიც ჩემს ცოლს მიაპყრო, მასპინძლისადმი სევდიანმა გამოსამშვიდობებელმა ტონმა და გალანტურმა ყურადღებამ თავისი ცოლის მიმართ, საშინლად გამაცოფა. შემდეგ ჩემს ცოლს გავხედე, სახე გასწითლებოდა და თვალები უბრწყინავდა, მიუხედავად იმისა რომ მასპინძლის ახალ ფეხსაცმელს აქებდა, აშკარად ვიგრძენი რომ მისი აზრები იქ არ ტრიალებდა
სახლში რომ დავბრუნდით ბავშვების ძიძამ გვითხრა, რომ არც ერთს არ ეძინა. კეროლმა სიცხე გაუზომა ორივეს. ემილის არა, მაგრამ კარლს მაღლი სიცხე აღმოაჩნდა. იმ ღამეს გავათენეთ. მეორე დღეს კეროლმა ოფისში დამირეკა და მითხრა რომ კარლს ბრონქიტი ჰქონდა. სამი დღის შემდეგ ემილიც ავად გახდა.
ბავშვების ავადმყოფობამ ორ კვირას გასტანა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, არც მე და არც კეროლს ნორმალურად არ გვიძინია. კეროლი ვერც სახლის საქმეებისთვის იცლიდა და მთელი ორი კვირა სახლიდანაც არ გასულა. ორი კვირის შემდეგ როცა კრიზისმა გადაიარა, ერთ საღამოსაც სახლში მისულს ვარდები დამხვდა სასტუმრო ოთახში. კეროლმა მითხრა რომ ტრენჩერმა მოიტანა თაიგული, მაგრამ სახლში არ შემოუშვა და კარები ცხვირწინ მიუხურა.
უხმოდ ავიღე ვარდები და გარეთ გავუძახე. ისე წავედით დასაძინებლად სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
შუაღამისას რაღაცამ გამაღვიძა.
ჰოლში სინათლე ენთო. ავდექი. ბავშვების ოთახი და მისაღები ჩაბნელებული იყო. კეროლი სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა.
- ემილის ახველებდა ისევ და გამეღვიძა. წამალი დავალევინე, ცოტა დამშვიდდა და ჩაეძინა ეხლახანს. აღარ დამეძინა და ყავის დასალევად შემოვედი.-მითხრა კეროლმა.
-რამდენი ხანია რაც აქ ზიხარ?-ვკითხე
-პირველის ნახევრიდან. ეხლა რომელია?
-ორი ხდება.
მეც მოვიდუღე ყავა ჩემთვის და ჩამოვჯექი.
- შეძლებენ ბავშვები გარეთ გასვლას ხვალისთვის?-ვკითხე
-იმედი მაქვს. წარმოგიდგენია! ფეხი არ გამიდგამს სახლიდან ორი კვირაა. -მიპასუხა და მომაშტერდა.
კეროლის ხმაში გაღიზიანება შევნიშნე.
-არ იქნება ორი კვირა-ვუთხარი მე
-ზუტად ორი კვირაა-კიდევ უფრო გაღიზიანებული ტონით მითხრა.
-მოდი გამოვთვალოთ. ბავშვები შაბათ საღამოს გახდნენ ავად. ეს იყო ოთხში. დღეს კი....
-გაჩერდი თუ ღმერთი გწამს, გაჩერდი!-შემაწყვეტინა.- კარგად ვიცი რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ფეხსაცმელი არ ჩამიცვამს.
-რა სამწუხაროა-ვუთხარი და ცოტა არ იყოს და მეც გავღიზიანდი.
-დიახაც სამწუხაროა. ორი კვირაა რაც გასავლელი კაბა არ ჩამიცვამს და ვარცხნილობა არ მომიწესრიგებია-ყვიროდა ისევ კეროლი.
-ეს კიდევ უფრო სამწუხაროა.
-დამცინი კიდეც? დედაჩემის მზარეულებსაც კი უკეთესი ცხოვრება აქვთ, ვიდრე მე!
-მეეჭვება.- ბავშვებს გააღვიძებ, ნუ ყვირი.
დედაჩემის მზარეულებსაც კი უკეთესი ცხოვრება აქვთ ვიდრე მე! -დედაჩემის მზარეულებსაც კი!-არ ცხრებოდა კეროლი.
-რამდენ ხანს იყო ტრენჩერი დღეს აქ?-ვკითხე.
-არ შემომიშვია სახლში! მე მგონი ვილაპარაკეთ ამაზე უკვე!-მიპასუხა.
-არ მჯერა!
-არ შემომიშვია და იცი რატომ? იმიტომ რომ ცუდად გამოვიყურებოდი და არ მინდოდა დამეფრთხო.
-რაოო?-მეგონა მომესმა.
-დიახ! არ მინდოდა დამეფრთხო. მართალია არანორმალურია და სულელი, მაგრამ რასაც ის მეუბნება და როგორც ის მეპყრობა, თავს სასურველად მაგრძნობინებს! თავი ქალად ვიგრძენი გესმის შენ?
-წასვლა გინდა?-ვკითხე გაოგნებულმა.
-სად?-მკითხა და სამზარეულოს თავზე დაკიდებულ პატარა საფულეს მისწვდა, სადაც პურის ფულს ინახავდა. გადმოატრიალა და ფულის დათვლა დაიწყო.
-ორი დოლარი და ოცდაათი ცენტი! სად მინდა წასვლა მონტე კარლოში?
-ტრენჩერთან მეთქი!
-არ ვიცი!
-აბა ვინ იცის!
-არ ვიცი! მე არ მინდა ვინმეს ტკივილი მივაყენო, განსაკუთრებით ბავშვებს. მაგრამ ისიც კი არ ვიცი რა უფრო დიდ ტკივილს მიაყენებს მათ, ჩვენი დაცილება თუ ჩვენი ერთად დარჩენა.-უნივერსიტეტში, ჩარლზ სტიუარტზე თემა დავწერე ფრანგულად-გააგრძელა მან. ეხლა კი გაზეთებსაც ვერ ვკითხულობ ფრანგულად, ლექსიკონის გარეშე. იმის დროც კი არ მაქვს, რომ გაზათები ვიკითხო. მრცხვენია ამის! მრცხვენია იმის, რომ ესე გამოვიყურები! მიყვარხარ შენც და ბავშვებიც, მაგრამ ჩემი თავიც მიყვარს, ჩემი ცხოვრებაც მიყვარს და ტრენჩერის ვარდებმა ზუსტად ის მაგრძნობინა რომ ჩემი ცხოვრება დაკარგული მქონია, ტრენჩერის ვარდებმა მაგრძნობინა, რომ საკუთარი თავის პატივსცემა დაკარგული მქონია. გესმის რისი თქმა მინდა?
-ის გიჟია-ვუპასუხე.
-შენ გეკითხები, გესმის რისი თქმა მინდა?
-არა! და არც მინდა მესმოდეს!
ამასობაში კარლმაც გაიღვიძა და დედას დაუძახა. კეროლს ვუთხარი რომ დასაძინებლად წასულიყო. სამზარეულოში სინათლე გამოვრთე და ბავშვების ოთახისკენ გავემართე.
მეორე დღეს ბავშვები სასეირნოდ წავიყვანე. ზამთრის უჟმური დღე იდგა გარეთაც და ჩემშიც. ასე მეგონა რომ ამ "დღეს" ბავშვებიც ისევე გრძნობდნენ, როგორც მე. სახლში ვახშმობის დროს დავბრუნდით.
ბავშვები ახალი დაძინებულები იყვნენ რომ კარზე ზარი გაისმა.
კარში ტრენჩერი იდგა.
-შემოდი-ვუთხარი.
როგორც კი ფეხი შემოდგა დაიწყო:
-მე კარგად ვიცი რომ ამ ოჯახში სასურველი სტუმარი არ ვარ და ეს არც მიკვირს. მე პატივს ვცემ თქვენს დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. ეს თქვენი ოჯახია, თქვენი საკუთრება და პატივს ვცემ თქვენს გრძნობას თქვენი საკუთრების მიმართ. მე არასოდეს მივდივარ ვინმესთან თუ არ მთხოვეს იქ მისვლა. მე თქვენს ოჯახს პატივს ვცემ. მე თქვენს ქორწინებას პატივს ვცემ, მე თქვენს შვილებს პატივს ვცემ. მაგრამ მოვედი იმისთვის რომ გითხრათ- მე თქვენი ცოლი მიყვარს.
-გაეთრიე!-ვუყვირე
-მომისმინეთ, გთხოვთ!-შემევედრა ტრენჩერი.- მე მიყვარს თქვენი ცოლი. მე არ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება. ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა ამ ქალაქიდან წასვლა, მაგრამ მივხვდი რომ ეს არაფერს შეცვლიდა. მე მინდა მასზე დავქორწინდე. არ იფიქროთ რომ სულელი რომანტიკოსი ვარ. სულაც არა. რეალისტი ადამიანი ვარ და საკმაოდ მყარად ვდგავარ მიწაზე. ჩემს ცოლს ველაპარაკე და გაყრაზე თანხმობა მომცა. მე ვიცი, რომ თქვენ არ გაქვთ ფული. მე მდიდარი ადამიანი ვარ და შემიძლია კეროლს ყველაფერი მივცე, რასაც ისურვებს. მაგრამ ბავშვების საკითხია გადასაწყვეტი და ეს თქვენს შორის უნდა მოაგვაროთ.
გაეთრიე აქედან! ჯანდაბამდე გზა გქონია, გაეთრიე აქედან შე ნაბიჭვარო!-რას ვყვიროდი უკვე აღარავის და აღარაფერს ვუწევდი ანგარიშს.
კარებთან დიდ ქოთანში ყვავილი ჰქონდა დარგული კეროლს. ავიღე ქოთანი და ტრენჩერს გავუქანე. ზურგში მოხვდა. წაიქცა და ქოთანიც მის ირგვლივ დაიფშხვნა. კეროლმა იკივლა. ტრენჩერი წამოდგა. ეს რომ დავინახე იქვე მდგარ შანდალს ვტაცე ხელი, თავში მინდოდა ჩამერტყა, მაგრამ თავი გასწია და ასცდა.
-გაეთრიე აქედან!
-ტრენჩერი წამოდგა და სახლიდან გავიდა.
სასტუმრო ოთახში რომ დავბრუნდი ჩემი ცოლი გაფითრებული იდგა, მაგრამ არ ტიროდა.
ცოტა ხანში დასაძინებლად დავწექით. ვერ ვიძინებდი, მაგრამ ხმასაც არ ვიღებდი. ცოტა ხანში კეროლის ტირილის ხმა მომესმა. გადაბრუნებულიყო გვერდზე და ტიროდა.
-რა გატირებს?-ვკითხე.
-რა მატირებს?- რა მატირებს და დღეს ქუჩის კუთხეში დავინახე როგორ სცემდა მთვრალი ქალი პატარა ბიჭს. რა მატირებს და თორმეტი წლის ვიყავი მამა რომ მომიკვდა და დედაჩემის გათხოვება ვერ ავიტანე. რა მატირებს და უკვე წლებია ერთი და იგივე საშინელი კაბა მაცვია. კაბა რომელიც ოცი წლის წინ მეცვა ისეთ წვეულებაზე, რომელიც ყველაზე ცუდად მახსოვს. რა მატირებს და...დავიღალე, საშინლად დავიღალე...
მეორე დღიდან ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.
ტრენჩერი ისევ მხვდებოდა ავტობუსების გაჩერებაზე, როცა სამსახურში ვაგვიანებდი. მის ცოლს, რომელსაც კიდევ უფრო მეტად დამჩნეოდა ასაკი და ეხლა გაცილებით დიდი შეხედულება ჰქონდა ვიდრე მის ქმარს, ისევ ვხედავდი სამეზობლოში. კეროლი დილის შვიდ საათზე დგებოდა, რადიოს რთავდა და ბავშვებს საუზმეს უმზადებდა. საღამოს სახლში დაბრუნებულს მაგიდა გაწყობილი მხვდებოდა და როგორც კი სადილად დავჯდებოდი, კეროლი შუაგულ ოთახში დგებოდა და ისეთ სახეს იღებდა თითქოს რაღაცას იხსენებსო. ვახშმობისას ოთხ სანთელს ანთებდა ვერცხლის სასანთლეებში და ვახშმობის შემდეგ ბავშვები მიჰყავდა დასაბანად და დასაძინებლად...სულ ეს იყო...
Friday, June 27, 2008
შეხვედრა

რამოდენიმე დღის წინ ამერიკელი მწერლის John Cheever-ის ერთი მოთხრობის "Reunion"-ის თარგმნა გადავწყვიტე. დავიწყე კიდეც, მაგრამ შუა თარგმანში ერთი იდეა მომივიდა, თარგმანს თავი დავანებე და მოთხრობა თავიდან დავწერე, ოღონდ უკვე ქართულ რეალობაში, (რატომღაც 80-იანი წლები მომივიდა თავში)
ორიგინალთან საერთო მხოლოდ იდეა.
როცა მამამ მე და დედა ბედის ანაბარა მიგვატოვა და გაურკვეველი წარმოშობის ქალს გაჰყვა მარადიული სიყვარულისა და ერთგულებისა სადარაჯოზე, 2 წლის ვიყავი. მამისგან მხოლოდ ერთი სათამაშო ტრაქტორი, დედაჩემის ნამტირალევი თვალები და მუხლზე პატარა იარა დამრჩა, რომელიც მაშინ დამაჩნდა, როცა ნასვამ მამაჩემს კალთიდან გადმოვუვარდი. მამის წასვლის შემდეგ სახლში მისი სახელის ხსენება აკრძალული იყო. დედამ, თუ რამე მის თავს ახსენებდა ერთ დიდ ბოღჩაში გამოკრა და ნაგვის მანქანას გაატანა. ერთი სურათიც კი არ დამიტოვა, რომ თუნდაც წლების მერე სადმე შემთხვევით რომ გადამყროდა, მეცნო მაინც.
მას მერე სულ ალბათ სამჯერ ჰქონდა მამას ზრდილობიანი მცდელობა რომ ვენახე, მაგრამ დედაჩემი ისე აფთარივით იყო გადაფარებული ჩემზე რომ ახლოსაც არ გამაკარა და ის ძლივს მბჟუტავი გენიც ჩაკლა რაც მამა-შვილს გვაკავშირებდა.
ამ სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ დიდად არც მამაჩემს მოუკლავს თავი ჩემი ნახვის სურვილით, რადგან ალბათ მყუდროდ იყო შეფარებული ახალ ბუდეს და არ უნდოდა წარსულთან შეხებას მის ბუდეში დისონანსი შეეტანა. მიუხედავად იმისა რომ ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით, დედას თავი არ დაუზოგავს ჩემთვის რომ ფეხზე დავეყენებინე და ოჯახში უკაცობა არაფერში შემტყობოდა. მეც რაც შემეძლო ვუბავდი დედას მხარს: სკოლა წარჩინებით დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე სკოლის დამთავრებიდან პირველ წელსვე და ხუთი წლის შემდეგ წითელი დიპლომიც შემოვდე ჩემი ოთახის კარადის თავზე. მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია და დედის ამაგიც იმით დავაფასე, რომ საბოლოოდ ამოვედით სიდუხჭირიდან.
მიუხედავად იმისა რომ ყოველმხრივ მოწესრიგებული ცხოვრება მქონდა მატერიალურად თუ სულიერად, ყოველთვის მქონდა რაღაც უსიამოვნო შეგრძნება, დაახლოებით ისეთი, ხის ჭია რომ ავეჯს შეუჩნდება და ვერ ხედავ საიდან ხრავს, მაგრამ გესმის.
როგორც იქნა გავბედე და გამოვუტყდი თავს რომ ეს ჭია მამაჩემი იყო, უფრო სწორედ მამაჩემის ნახვის სურვილი, რომელიც იმ დღიდან არსებობდა ჩემში როცა "ტრაქტორის" ამარა დამტოვა.
დედას ერთხელ ჩამოვუგდე სიტყვა ამის თაობაზე, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მაშინვე ის აფთარი დავინახე, რომელიც მამის წასვლის შემდეგ მიმალულიყო მის თვალებში. მას შემდეგ აღარაფერი მითქვამს მისთვის და გადავწყვიტე დამოუკიდებლად მომეძებნა მამაჩემი.
არ გამჭირვებია პოვნა. მისი ერთი ნათესავისგან გავიგე, რომ ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი იყო და პირდაპირ იქ მივადექი. მასთან შესვლა და დალაპარაკება ვერ გავბედე, ამიტომ მის მდივანს გადავეცი წერილი. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მდივანმა მაცნობა რომ დირექტორს თათბირი ჰქონდა და როცა განთავისუფლდებოდა შეხვედრას მითქვამდა ერთ-ერთ რესტორანთან.
გულმა რეჩხი მიყო. სიმართლე გითხრათ უკან გამობრუნება მინდოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ინტერესი და სურვილი მისი ნახვის, რომ დავთანხმდი.
ჩემი ბოლთანარევი ლოდინი მაშინ დასრულდა როცა ფეხებთან შავი გაპრიალებული მანქანა გაჩერდა და იქედან ყელში ჰალსტუკწაჭერილი ზორბა მამაკაცი გადმოვიდა. ნელი, მძიმე-მძიმე ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ და თან სახეს იმშრალებდა ცხვირსახოცით. არ ვიცი ნერვიულობის გამო თუ უბრალოდ სცხელოდა.
როგორც იქნა მომიახლოვდა, გამიღიმა უთვალებოდ და როხროხა ხმის თანხლებით ხელი ძლიერად დამკრა მხარზე:
-მომსწრებიხარ ბიჭო!
-გამარჯობა მამა-ამოვილუღლუღე.
-ჰაა რაღას ვუცდით, შევიდეთ! - ჩაიროხროხა ისევ და სანამ რამეს ვეტყოდი პირველი თვითონ მოსწყდა ადგილს.
მის დანახვაზე რესტორნის ადმინისტრატორს უცნაურად აუციმციმდა თვალები და კუდის ქიცინით მიელაქუცა:
-სად დაბრძანდებით ვლადიმეროვიჩ?
ყელში ჰალსტუკწაჭერილმა ზორბა მამაკაცმა გოროზად გადახედა იქაურობას და ხელების ფშვნეტით შესძახა ადმინისტრატორს:
-აბა ერთი შენებურად დატრიალდი, "ბალკონზე" წყნარი ადგილი მომინახე, დღეს მე და ამ ვაჟკაცს კაი პური უნდა გვაჭამო.
-თქვენ ოღონდ გვიკადრეთ და გაუჩენარს გავაჩენთ ვლადიმეროვიჩ! -ისევ აიპრიხა კუდი ადმინისტრატორმა.
-"ზორბამ" აღარ ჩათვალა საჭიროდ მეტი ყურადრება მიექცია მისთვის და შეთავაზებული ადგილსკენ გაემართა. მეც ცხვარივით მივყევი. როგორც კი ხვნეშა-ხვნეშით დაეშვა სკამზე, უმალ მენიუ აიტაცა ხელში და ოფიციანტს შესძახა, რომ მიახლებოდა.
-ტააკ! ხინკალი გვააქ, მწვადი გვააქ, ქაბაბი გვაქ, "..." გვაქ "..." გვაქ," ..." გვააქ, ჯიგარი კეცზე შეწვით, სალათა შინაურულად მოიტანეთ, მწნილი, ყველი პური! ტააკ! და კაი ჩაიციებული ლუდიც მოაყოლეეთ. ჰა აბა შუსტრად შუსტრად! წასული არ მეგონო, რომ მოსული იყო უკვე! - ჩაიხვიხვინა და საკუთარი ენამახვილობით კმაყოფილმა როგორც იქნა ჩემსკენაც გამოიხედა, ალბათ უფრო იმ მოტივით რომ ენახა რა ეფექტი მოახდინა ჩემზე მისმა ხუმრობამ. მე კიდე მეცინებოდა ჩემს გულუბრყვილობაზე და უკვე აღარ ვფიქრობდი იმაზე, ზრდილობის გულისთვის მაინც მოეწოდებინა ჩემთვის მენიუ მეთქი. სახეზე სიცილის კვალი რომ შემნიშნა იფიქრა, მიზანში მოვარტყიო და უცბად გამიშინაურდა:
-აბა მოყევი ეხლა რას შვრები, როგორ ცხოვრობ, სად სწავლობ?
-აღარ ვსწავლობ დავამთავრე უკვე, წლებია.
-ვაა მალადეც! ვაახ კაცო როგორ გარბის წლები, რაა!-"დანანებით" გადააქნია თავი და არარსებულ წლებს გამოეტირა.
-რა დაამთავრე?-მკითხა თავის ქიცინს რომ მორჩა.
-იურიდიული!
-ჰოოო იურიდიული კარგიაა, კარგად მოგიფიქრებიააა. კარგი იურისტი ყველგან და ყოველთვის საჭიროაა და ხო მუშაობ?
-კი ვმუშაობ-ვუპასუხე და აღარ დამიკონკრეტებია სად, რადგან შევატყვე კითხვებს ისე მისვამდა პასუხები არც აინტერესებდა. არც თვითონ ჩამძიებია, თუმცა დამრიგებულური ტონით დამიწყო შეგონება:
-უნდა იმუშავო შვილო, იწვალო, ცხოვრებაში ისე არაფერი მოდის! მე რომ მიყურებ ეხლა რაა, გგონია სულ ესეთი ვიყავი? ჩემი დღენი მუხლჩაუხრელად ვშრომობდი რომ აქამდე მომეტანა თავი.
ვუყურებდი და ვფიქრობდი ნეტა "ისეთი" როგორიღა იყო მეთქი.
ამასობაში შეკვეთილი სადილიც მოვიდა და სართულებად დაეწყო მაგიდაზე.
"ზორბამ" როგორც კი ოხშივარში გახვეული ხინკალი დაინახა, თვალები გაუბრწყინდა და ამოიხვნეშა:
-არა რააა! ამ დალოცვილზე მადლიანი საჭმელი არაფერია. ყოველდღე უნდა ჭამოს კაცმა ეს ოხერი ესა! ჰაა! შე რას იტყვი!
-ნამდვილად! ყოველდღე უნდა ჭამოს კაცმა თუ პირში გემო აქვს! -ვუთხარი და შემეცოდა, რადგან შევატყვე ჩემს თავს რომ დავცინოდი.
ხინკლის შემოტანის მერე ვიგრძენი, რომ სუფრაზე მეორეხარისხოვანი გავხდი. ისე ჭამდა თითქოს პირველად და უკანაკსნელად ხედავდა და პაუზებს შორის ისეთ რაღაცეებზე მელაპარაკებოდა, რაც არც მე მაინტერესებდა და არც თვითონ. რაც მთავარია დედაჩემი ერთხელაც არ უხსენებია. არც ეს გამკვირვებია, ის უფრო გამიკვირდებოდა რომ ეხსენებინა და გულში დედაჩემს მადლობას ვუხდიდი იმის გამო რომ ამ კაცისგან მიცავდა.
ტრაპეზმა ნახევარი საათი გასტანა და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ნახევარი სიცოცხლე მომაცდინა ამ ნახევარმა საათმა.
დამშვიდობებისას ხელი მაგრად ჩამომართვა, მითხრა ნუ დაიკარგებიო, მოდი ჩემს ოჯახში შენს და-ძმას გაგაცნობო, მართალია პატარები არიან, მაგრამ სისხლი და ხორცი მაინც თავისას ითხოვსო და მანქანაში ჩაჯდომისას ფანჯრიდან მომაძახა, აბა შენ იცი არ შემარცხვინოო.
სულ ალბათ სამი მეტრი ჰქონდა გავლილი მანქანას რომ უკანასვლით მობრუნდა ისევ. ვიფიქრე ალბათ კარგად ვერ დამარიგა და რაღაც კიდევ ჰქონდა სათქმელი დარჩენილი. შევცდი. "ზორბამ" თავი გამოჰყო და შემომთავაზა წაგიყვან, სად მიდიხარო. თურმე გაახსენდა რომ რესტორნის კართან დამტოვა. მე მადლობა მოვუხადე, მოვიმიზეზე რომ იქვე ახლოს მივდიოდი და სახე ავარიდე.
წამოვედი და იმის მაგივრად რომ დავმძიმებულიყავი, საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება გამიჩნდა. ჭია რომელიც მხრავდა, უკვალოდ გამქრალიყო.
Friday, June 20, 2008
დრო, როცა ყველა ფერადი იყო...

ეს რამოდენიმე დღეა ამ ძველ ძაფის წვერებს წავაწყდი... ალბათ დიდი ხანია ესე არაფერი გამხარებია...
P.S მიყვარს ინტერნეტი...


